Litclub.ge

მე როცა ვაღმერთებ ვისმე
მე როცა ვაღმერთებ ვისმე,
ვარ ბედნიერი და ხალასი;
მიწიდან უენო ბალახის
ხმამაღალ ლაპარაკს ვისმენ,
შევცინი ცასა და ქვეყანას,
მე როცა ვაღმერთებ ვისმე.
მე როცა ვუყვარვარ ვისმე,
ვმაღლდები, ვით ცაში სამრეკლო;
მსურს ცისკრის ზარებად დამრეკონ,
ვიცინი ისევ და ისევ.
ვუღიმი გამვლელს და გამომვლელს,
მე როცა ვუყვარვარ ვისმე.
მე თავი მგონია მაშინ
ყველა ტკივილების მომრევი,
ვარ დიდი სიმღერის მორევი,
ვარ ენატიკტიკა ბავშვი
და ყველა ლამაზი სიმღერა
მე ჩემი მგონია მაშინ.