არ მინდა ამ ლექსს გამოჰყვეს სევდა,
სიხარულისთვის ვწერდი და ვრთავდი...
ვწერდი და ვრთავდი, და მაინც, ვხედავ,
ყოველ სიტყვიდან მოჟონავს დარდი.
მიდიან... დღეებს ოქროცურვილი
შემოვლებია შენზე ოცნება...
კენჭივით ფსკერზე გდია სურვილი
და ჩემი მხრები ლოდინით თბება.
ეს სექტემბერიც გადავა მალე,
ჩამოიღვრება თაფლივით დარდი
და ნაღვლიანი ფერები თვალებს
გაახსენებენ _ როგორ მიყვარდი...