Litclub.ge

განცხადება
არ ვწერ პრემიებისათვის
და არც სერიებისათვის,
ჩემს ლექსებში უფრო მეტად წვიმს,
უფრო კელიებისათვის,
ანთუ კერიებისათვის,
და თანდათან
ვემსგავსები მონანიე მწირს.
ვით სჩვევიათ ოდითგანვე,
დაინახავ შორიდანვე _
დღეს ანათებს რეგვენთათვის მზე,
გნიასია გარეშემო,
ტრიალებენ გავეშებით,
უზნეობა გაუხდიათ ზნედ...
რეგვენს გაანებივრებენ,
მერე გაარბენინებენ
მწვერვალებს და თვით პარნასებს ცის,
მე კი ჩემთვის ჩუმადა ვარ,
უხმოდ ვწერ და მდგმურადა ვარ,
ამ სოფელში, სულში წვიმა ცრის,
სამწუხაროდ, უფრო ცოტა მიხარია,
სამწუხაროდ, უფრო ბევრი მწყინს...
დრო გადის და რაკი ისეთს სასიკეთოს
ვეღარაფერს ვეღარ ვხედავ წინ,
უფრო მეტად ჩემთვისა ვარ,
უფრო იქით ქვეყნისა ვარ
და დღითი-დღე ვემსგავსები მონანიე მწირს.