„შენ გიყვარს ღამე, დიდი ხნის წინ გათენებული
და მის შავ წყალში
ფოთლებივით ჩაცვენილი შენი ხელები“
თამაზ ბაძაღუა
საიდან ჩნდებიან უმართავი ილუზიები,
როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარშემო სიცარიელე
მხოლოდ და მხოლოდ მირაჟია, სხვა არაფერი,
რომ ჩვენი ფიქრი ცდება საწყის ტრაექტორიას
და უგზო–უკვლოდ მიფრინავს იქ,
სადაც ჩვენს სახლებს გადახადეს სახურავები..
ჩემი მზერა თვითმფრინავია,
მე ყოველ ღამით ვიღებ ბილეთს წარსულისაკენ
და ვცდილობ ჩუმად ჩავალაგო ჩანთებში ბარგი,
მივფრინავ თოვლში, წვიმაში, ქარში
და სულ ცოტა ხნით ვაგვიანებ აეროპორტში,
სადაც ყოველთვის მხვდება ცხელი, უშაქრო ჩაი,
რომლის სუნიც მაგონებს დედას..
ხან კი ვცდილობ ბარგთან ერთად ჩავეტიო
ჭუჭყიან საბარგულში
და საამისოდ გამალებით ვკეცავ ჩემს ფიქრებს..
ჩემი მზერა თვითმფრინავია,
ჩემი თითები – თვითმფრინავის პატარა ფრთები,
ყოველთვის, როცა მავიწყდება ჰაერის ყლაპვა
და მაშინაც კი, როცა ჰაერს ვეღარ ვტევ შიგნით,
მე ვცდილობ ფრთხილად შევაერთო ჩემი ტუჩები
და ცას, ნაცრისფერს, უფრო მეტად დავუახლოვდე,
იქ, როგორც წესი, მიმზადებენ წყლის კრუასანებს,
გემო კი მათი უფრო მეტად მახსენებს სითბოს
და მეც საზარლად ვმანჭავ სახეს, გასაღიმებლად..
საიდან ჩნდებიან უმართავი ილუზიები,
ღამეში, სადაც საფლავების რაოდენობა
ემთხვევა სიტყვებს, ჩვენგან ნათქვამს, ანაც გაგონილს,
სადაც ფერები უფრო მეტად ავსებენ სიზმრებს,
ვიდრე სივრცეებს.
და მთელი ჩვენი არსებობა
სულ უფრო მეტად ემსგავსება ღრუბლებში ფრენას,
ხის ტოტებიდან
ნაძალადევად მოწყვეტილი მწვანე ფოთლების ავიაციას,
ჩვენ კი, უპილოტო თვითმფრინავები,
უშედეგოდ ვცდილობთ ვიპოვოთ ჩვენი დანიშნულება.
შავი ყუთი
ციდან იყრება
აგურისფერი ფერფლი,
მიწა სველია.
სასაფლაოდან
ქარს ყვავილები მიაქვს
ნაგავსაყრელზე.