Litclub.ge

თეთრჯიბეებიანი წითელი ქურთუკები
შეინახეთ წითელი ქურთუკები, თეთრი ჯიბეებით,
კარგად შეინახეთ წითელი ქურთუკები, თეთრი ჯიბეებით,
ისე შეინახეთ წითელი ქურთუკები, თეთრი ჯიბეებით,
რომ ვერც ღმერთმა და ვერც ეშმაკმა ვერ იპოვნოს ისინი,
გადამალეთ კედლებს შორის, საწოლების ქვეშ, როიალებში,
კარგად გადამალეთ, დამარხეთ მიწაში, შეიტანეთ ბანკის სეიფში,
ჩატენეთ მუთაქებში, დაანაკუწეთ და შეჭამეთ, ისე შეჭამეთ,
რომ არც კუჭი გატკინოთ და გზაც ვერ გაიკვლიოს კუჭს იქით,
გაუფრთხილდით წითელ ქურთუკებს, თეთრი ჯიბეებით,
კარგად გაუფრთხილდით. როგორც გაუფრთხილდებოდით თქვენს შვილს,
ან უფრო მეტი, თქვენს ყოველდღიურ დანაზოგს ხელფასიდან
და როგორც გაუფრთხილდებოდით ერთ ბოთლ კოკა-კოლას შუა უდაბნოში,
ისე გაუფრთხილდით წითელ ქურთუკებს, თეთრი ჯიბეებით.
კარგად შეფუთეთ თქვენი ქურთუკები, სანამ შეინახავდეთ მათ
და სანამ დამალავდეთ მათ და სანამ გაფრთხილებას დაუწყებდეთ,
კარგად შეფუთეთ, რომ ვერც ღმერთმა და ვერც ეშმაკმა,
და უფრო მეტი, ვერც ერთმა ვირთხამ და ჭიაყელამ ვერ შეაღწიოს მათში.
გადაიღეთ ვიდეოკამერით როგორ ინახავთ თქვენს წითელ ქურთუკებს,
გადაიღეთ ვიდეოკამერით როგორ მალავთ თქვენს წითელ ქურთუკებს,
გადაიღეთ ვიდეოკამერით როგორ უფრთხილდებით თქვენს წითელ ქურთუკებს,
გადაიღეთ ვიდეოკამერით როგორ ფუთავთ თქვენს წითელ ქურთუკებს
და შეინახეთ თქვენი თეთრჯიბეებიანი წითელი ქურთუკების ვიდეოფირი,
და გადამალეთ თქვენი თეთრჯიბეებიანი წითელი ქურთუკების ვიდეოფირი,
და გაუფრთხილდით თქვენი თეთრჯიბეებიანი წითელი ქურთუკების ვიდეოფირს,
და შეფუთეთ თქვენი თეთრჯიბეებიანი წითელი ქურთუკების ვიდეოფირი,
მაგრამ ნუ გადაიღებთ ვიდეოკამერით ამ პროცესს,
რომ ვერც ღმერთმა და ვერც ეშმაკმა, და უფრო მეტი,
ვერც ერთმა საიდუმლო აგენტმა და კაგებეშნიკმა ვერ იპოვოს ის,
ხოლო თქვენ, ვისაც გეხსომებათ სად შეინახეთ და სად გადამალეთ
თქვენს მიერ შეფუთული და კარგად გაფრთხილებული ვიდეოფირი,
ერთ დღესაც მიხვალთ მასთან და წლობით შენახულ ვიდეოფირს
ჰაერს დაუბრუნებთ, სულს შთაბერავთ და უყურებთ მას
და გაგახსენდებათ როგორ შეინახეთ თქვენი წითელი ქურთუკები,
და გაგახსენდებათ როგორ უფრთხილდებოდით თქვენს წითელ ქურთუკებს,
და გაგახსენდებათ როგორ შეფუთეთ თქვენი წითელი ქურთუკები
და ბოლოს გაგახსენდებათ სად გადამალეთ თქვენი თეთრჯიბეებიანი ქურთუკები,
შემდეგ კი დაივიწყეთ ყველაფერი ის, რაც მანამდე გიკეთებიათ,
დაივიწყეთ ყველა ის ადამიანი ვისთანაც გქონიათ სექსი
და დაივიწყეთ ყველა პირუტყვი, რომელთა ხორცმაც გამოგკვებათ,
დაივიწყეთ ყველა ის სუპერვარსკვლავი, ვისთან დაწოლაზეც გიოცნებიათ,
დაივიწყეთ ყველა ის მათხოვარი, რომელმაც ერთდროს მოგაწყევლათ
და უბრალოდ დაივიწყეთ თქვენი გაცრეცილი პირადობის მოწმობა,
რადგან თქვენ ამდენი ხნით შემოინახეთ წითელი, თეთრჯიბეებიანი ქურთუკები
და თქვენ მიხვალთ დანიშნულ ადგილას და წლობით შენახულ ქურთუკებს
ჰაერს დაუბრუნებთ, სულს შთაბერავთ და ჩაიცვამთ მათ
და მიხვდებით, რომ თქვენს მიერ წლობით შენახული წითელი ქურთუკები
და თქვენს მიერ წლობით გაფრთხილებული წითელი ქურთუკები
და თქვენს მიერ წლობით გადამალული წითელი ქურთუკები,
რომლებმაც გაუძლეს ღმერთს და გაუძლეს ეშმაკს და უფრო მეტი,
რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ ვირთხებს და ჭიაყელებს
და რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ კაგებეშნიკებსა და საიდუმლო აგენტებს,
მიხვდებით, რომ სწორედ ეს კარგად შეფუთული თეთრჯიბეებიანი წითელი ქურთუკები
სინამდვილეში სექენდ ჰენდია და სულაც არ ღირდა ამდენ წვალებად..