„დღეები, რომლებიც გაიზარდნენ ქალიშვილებივით, და ვეღარ ვეხვევი“..
ზვიად რატიანი
„უბედურები ვართ. აქ ყველა ასეა“.
კენ
ინტერიერი
ვცხოვრობდით.
არავინ მოდიოდა და მივდიოდით არსად.
ჩვენი თმა გავდა მწვანე ბალახს, ოქროსფერ მინდორს.
ვმღეროდით, როცა გვინდებოდა სიზმრების ნახვა
და ვჩურჩულებდით, როცა სიფხიზლეს არ ჰქონდა აზრი.
ყოველ საღამოს ვსხდებოდით ძველი მაგიდის გარშემო
და ვთვლიდით სიტყვებს, გაფიქრებულს, ნათქვამს, დაწერილს,
ვთვლიდით და გვქონდა უფრო მეტი ქონება თითქოს..
გვიყვარდა. მერე ვარდებოდა ყოველთვის ქარი,
მშრალ ჰაერს ვსრესდით ჩვენი ცივი ხელისგულებით,
როგორც ხორბალს, კალოზე მწიფედ დაყრილს, გასალეწს,
ვსრესდით ერთმანეთის სიტყვებს
და ვათავსებდით ჩვენივე გულების საკუჭნაოებში,
რომ შემდეგ ყინვის და ავდრების დროს
გაგვეხსნა, ამოგვეყარა და გავმთბარიყავით.
ვცხოვრობდით.
გვიყვარდა ყველა, ვინც არ მოდიოდა არასდროს ჩვენთან
და არასოდეს მივდიოდით მათთან, ვისაც ვუყვარდით ძლიერ.
ხეები გავდნენ გაქვავებულ, გამხმარ მეომრებს
და თვალებიდან საყვარელი ქალებისათვის,
ყრიდნენ თაფლისფერ ფოთლებს მიწაზე..
მერე ვცეკვავდით, უთავბოლოდ, გაუაზრებლად
და სცენა ჩვენი ჰგავდა ცეცხლისფერ ოკეანეს,
რომლის გარშემოც დასაწვავად გამეტებულ მორებს ჩეხავენ..
გვჯეროდა. დუმილის მიღმა ჩვენ ვხედავდით საკუთარ ტკივილს,
ვგრძნობდით ჩვენივე სიტყვებისგან გამოწვეულ ჭრილობებს,
გულთან და კიდევ უფრო ღრმად, შიგ გულში
და ყველაფერი უფრო მეტად ჰგავდა ცხოვრებას..
ექსტერიერი
აცივდა, როცა გვეგონა რომ ცეცხლის ანთება
დაგვჭირდებოდა უფრო გვიან, ვიდრე საერთოდ
და სანამ ნაჭრის, ჩავალაგეთ, ჩვენი ჩანთები
და სანამ ფიქრი დაუნდობლად ჩვენით გაერთო,
თქვი, რომ გაქცევა იოლია, დარჩენა – რთული
და დაიტოვე უფრო მეტი გზები უჩემო,
მე კი დავტოვე შენი ბინა, სახლი, სართული,
კარი, უბანი, სადარბაზო, ეზო, ქუჩები
და როცა დრომაც მოაწია საფოთოლცვენოდ,
ჩვენ აღარ დაგვრჩა აღარცერთი მდოგვის მარცვალი.
მერე ქუსლებით დავინაცრეთ სუნთქვის კოცონი
და ყველაფერი, რაც კი გვქონდა, დროში გავცვალეთ.
დრო რომ გავიდა, დაგვავიწყდა რომ ჩვენც გავედით,
დავარქვით სახლი, იმას, რასაც გზა ერქვა ადრე,
დავშორდით მეტად, მეტი წუთით, მეტი განედით,
და არასოდეს იმის მერე არ მოგვენატრა
ჩემი ჩურჩული. შენი ცეკვა. დუმილი ჩვენი.
გაგვიჩნდა ფიქრი უტკივილო და უფასური,
მივიღეთ მშვიდად და შევირგეთ ცის განაჩენი
და ყველაფერი უფრო მეტად გახდა წარსული..
ზღვარზე
ახლა სულ უფრო ხშირად ვუსმენ სიჩუმეს ჩემში,
ვცხოვრობ მაგიდის გარშემო და ხმების გარეშე
და უფრო ხშირად მგონია, რომ სინამდვილეში
დარჩენა უფრო რთულია და წასვლა – პირიქით
და სწორედ მაშინ, როცა ვითვლი საკუთარ სიტყვებს,
ვხვდები, რომ სადღაც, გასრესილი ჰაერის მიღმა,
შენ ზიხარ ჩუმად, ასეთივე მაგიდის ახლოს
და ისევ ისე გიყვარს, როცა არავინ მოდის
და არასოდეს მიდიხარ მათთან, ვინც გიყვარს ისევ..