მაგრად დაუშვებს ამაღამაც (ამ ბოლოს სულ წვიმს),
სადინარ ღარებს, ტროტუარის გასწვრივ, დაფარავს
და გადაუვლის ყველა ჯებირს, შენს გულისწუხილს,
მეორედ ზეცის დაქცევამდე ისევ ამგვარად.
ასე ჩანს შიგნით ოთახია - ნატეხი სივრცე,
მშრალი ჰავა და ზომიერი სხვამხრივ სარტყელი.
ეკვატორს, გულთან ქამარივით მოჭიმულს, ვიბნევ
(დედამიწა კი ვეღარ ირგებს კაბას გაწელილს).
მოდი, ასე ვთქვათ, ჩემს ფეხებთან გდია ფერდობი.
ზემოთ თუ ქვემოთ? ან შემდეგი მიმართულება:
გავიშვიათდე, ჰაერივით სტრატოსფეროში,
მერე დავეშვა უკან ძლიერ, თავსხმა წვიმებად.