მომენატრა სოფელი _
ოფელიას საუფლო,
მინდა ნისლით მოფენილ
ტყეებს გავესაუბრო.
მინდა ჩემი განახო
ჭალები და ვენახი,
მსურს თვალები განაღო,
აქ რომელთაც ვერ ახელ.
ფეხშიშვლები წავიდეთ,
ტყე-ტყე, ველ და სერი-სერ,
გამჭვირვალე ამინდით
თმებს დაგიწნის მზე ისევ.
მთებს მოზელილს ამ მიწით
ავუყვებით მდინარით,
მზეზე დავწვეთ, დავიწვათ,
თავი მოვიმკვდინაროთ.
სანამ ჩემი სიტყვების
ალერსი არ გწყენია,
გაკოცებ და მიხვდები,
კოცნის როგორ მრცხვენია.