ძველი თაობის ადამიანებს უთუოდ ემახსოვრებათ ღვაწლმოსილი პედაგოგი, ჭეშმარიტი მამულიშვილი ალექსანდრე მგელაძე. იგი 1903-1929 წლებში ბათუმის პირველ ქართულ სკოლაში მასწავლებლობდა, 15 წელიწადს გამგედ. ბათუმელთა შორის ისე პოპულარული იყო, რომ ამ სკოლას მგელაძისას ეძახდნენ. ეს დიდ აღიარებაზე მეტყველებს, რაც იმას დაედო საფუძვლად, რომ ამ ამაგდარ კაცს პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლის იუბილე გადაუხადეს, შემდეგ კი სკოლას მისი სახელი უწოდეს.
ალექსანდრე მგელაძე აჭარაში მასწავლებლად წარსული საუკუნის დამლევს მოავლინეს. თავდაპირველად ხულოს ორკლასიან სკოლაში ასწავლიდა. კერძოდ, იგი ჩვენს მხარეს 1899 წელს ეწვია. ამას ადასტურებს გაზეთ “ივერიაში” მის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ფელეტონი სათაურით “აჭარა,” რომელიც ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე არის აგებული.
მაშინ ზემო აჭარას გურიასთან ორი გზა აკავშირებდა – ერთი “მესხეთის გზად” წოდებული, სოფელ ვაკიჯვარიდან იწყებოდა და ბახმაროს გავლით ღორჯომში ჩადიოდა.
ალექსანდრე მგელაძე ხულოში ამ გზით შემოსულა.
მისი ნარკვევი იმითაა საყურადღებო, რომ აღწერილია ზემო აჭარის სოფლები – ღორჯომი, დიდაჭარა, ხულო, გადმოცემულია ადგილობრივ მკვიდრთა ზნე-ჩვეულებები, ადათ-წესები, დახასიათებული არიან მხარის წარჩინებული ადამიანები, კერძოდ, ხიმშიაშვილები, ხაზგასმულია მათი ღვაწლი აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებაში. ამასთან, ალექსანდრე მგელაძე გვაწვდის ხულოში ჩაწერილ ლეგენდებსა და თქმულებებს, რაც ჩვენი კუთხის ისტორიის ბევრ მნიშვნელოვან მომენტს ნათელს ჰფენს.
“ამ ადგილებში მოგზაურობა სექტემბრის პირველ რიცხვებში მომიხდა, _ წერს იგი, _ დრო მშვენიერი იდგა. დავასრულე ბოდიშის ხეობა და ადგილებიც გამოიცვალა, მთები პატარა გორაკებად შეიცვალა. წინ წარმომიდგა თვალუწვდენი სათიბი ჭალა, რომელიც იმ დროს, როგორც ცა ვარსკვლავებით, უთვალავ-უანგარიშო თივის ზვინებით იყო მოდგმული.”
ალექსანდრე მგელაძე გაუოცებია თივით დატვირთული ურმების სიმრავლეს, რომლებიც ყურისწამღები ჭრიალ-ჭრიჭინით მიიწევდნენ ბარისაკენ. მაშინ ბორჯომში 400-ზე მეტი კომლი ყოფილა და, როგორც მოგზაური გადმოგვცემს, უკანასკნელი მოსახლე უნდა იყოს, რომ საზამთროდ 40-ზე ნაკლები ურემი თივა მოიმარაგოს. ეს მეტყველებს მაღალგანვითარებულ მეცხოველეობაზე, რომელიც ღორჯომ-დიდაჭარაში სოფლის მეურნეობის უმთავრესი დარგი ყოფილა.
“სხვა სოფლებთან შედარებით აჭარლების ცხოვრებას მეტად ბევრი შრომა და თავის ტეხა სჭირია, ჭირნახულის მოყვანა ერთი-ორად მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე სხვაგან. აქ მოსავლის შესახებ კრინტი არ დაძვრის, ვიდრე ბეღელში არ დაბინავდება.” – ვკითხულობთ ნარკვევში. ამის მიუხედავად ღორჯომლები შეძლებულ მცხოვრებლებად ითვლებოდნენ. გადმოცემით ამ სოფელს ღორჯომი იმიტომ დაერქვა, რომ მხარის გამაჰმადიანების შემდეგ, ღორის კოლტი აქ მოურეკავთ, რადგანაც ეს კუთხე ძველთაგანვე მიუდგომელი იყო.
მოგზაურს დიდად მოსწონებია დიდაჭარა – ზემო აჭარის ერთი უმშვენიერესი სოფელი. იგი ღორჯომზე უფრო მდიდარიაო, სადაც “არცერთი ღარიბი არ ყოფილა.”
ლეგენდის თანახმად დიდაჭარას ძველ დროში ჰყოლია მბრძანებელი, რომელსაც სიკო რქმევია. იგი მტრობდა – თურმე მეზობელი სოფლის – დიაკონიძეების მებატონეს – სოსიკოს. რაკი, დიდაჭარა სარწყავი წყლით ღარიბი ყოფილა, უჩხოსწყლის გადმოშვება განუზრახავთ. არხიც გაუჭრიათ, მაგრამ წყალი სოსიკოს გადაუკეტავს. ამ მტრობას დიდი უბედურება მოჰყოლია: შეგუბებულ ტბას ვეება მთა აუტივტივებია და დაბლა გაშენებულ სოფლებს წარღვნად დასცემია. დიდაჭარის ვაკე მდებარეობაც ამ მეწყრის შედეგია. – ასკვნის მოგზაური. ლეგენდის სინამდვილეს ისიც ადასტურებს, რომ მიწაში ხშირად ნახულობენ დამპალ და ქვადქცეულ ხეებს.
სოსიკოს სადგომად ქალაქი ჰქონია, რასაც ნანგრევები და ძველი ჭურჭლის ნამტვრევები მიგვანიშნებს. – გადმოგვცემს ალექსანდრე მგელაძე.
დიდაჭარასთან ნაქალაქარი არქეოლოგიურადაც არის დადასტურებული.
წარსული საუკუნის დამლევს ხულო საკმაოდ დიდი სოფელი ყოფილა. რადგან იგი ზემო აჭარის შუაგულში მდებარეობს, ყველა დაწესებულება აქ განულაგებიათ. კერძოდ – სასამართლო, ორკლასიანი სკოლა და დიდი სამლოცველო. ადგილობრივ წარჩინებულთა სასახლეებიც აქ იდგა. უნახავს ნანგრევები ხიმშიაშვილთა ციხე-სიმაგრისა, რომელიც ახმედ-ფაშის დროს რუსებს დაუწვავთ, როდესაც აჭარაში პირველად შემოსულან. ციხესთან ახლოს ყოფილა ხიმშიაშვილთა საძვალე – შემოზღუდული თლილი ქვის მაღალი კედლით, საფლავებზე კი მარმარილოს ძეგლები იყო აღმართული.
შემდეგ ალექსანდრე მგელაძე “ივერიის” მკითხველებს მოუთხრობს ხიმშიაშვილებზე, აცნობს მათს წარმომავლობას, მართვა-გამგეობას, ბრძოლას ოსმალო დამპყრობთა წინააღმდეგ; ხაზს უსვამს შერიფ ხიმშიაშვილის ღვაწლს აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებაში. ეტყობა, საქართველოში იმ დროს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა შერიფის მოქმედებას – იცოდაო, რუსები ისეც დაეპატრონებოდნენ აჭარას და გამათავისუფლებლებს იმიტომ მიემხროო.
ეს რომ ასე არ იყო, ამის დასადასტურებლად ავტორს უამრავი მაგალითი მოჰყავს. კერძოდ, იგი წერს, რომ შერიფი ომამდეც განუდგა ოსმალებს და ამას ისე მოხერხებულად აკეთებდა, რომ სულთნისათვის, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი რჩებოდა. სწორედ იგი დაეხმარა გიორგი ყაზბეგს, აჭარაში სამხედრო მნიშვნელობის ცნობები შეეკრიბა. უფრო მეტიც, ტრაპიზონში მოგზაურ-ეთნოგრაფს განზრახვა გაუგეს და ჩავარდნისგან შერიფმა იხსნა.
რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დაწყებისთანავე მას სულთანმა ჯარის შეკრება და ახალციხისკენ გალაშქრება დაავალა. ძმათამკვლელი შეტაკება შერიფმა ეშმაკობით აიცილა. ის კი არა, გონივრული მოქმედებით რუს-ქართველთა ჯარს შესაძლებლობა მისცა, ახალციხიდან გამოთავისუფლებული მებრძოლები ომის გადამწყვეტ ფრონტებზე გადაესროლათ. ამით შერიფმა განმათავისუფლებელთა აჭარაში შესვლა და მხარის მშობლიურ უბეში დაბრუნება დააჩქარა.
ალექსანდრე მგელაძე ცალკე თავს უძღვნის ღორჯომელთა, საერთოდ, მთიელთა ადათ-წესებს, კერძოდ, საქორწილო ტრადიციებს. ღიმილის გარეშე ვერ წაიკითხავთ მის თხრობას “ნიშანლობის” შესახებ. საქმროს, ნება ეძლევა, ქორწილამდე დანიშნულს ოჯახში ეწვიოს – ზოგ სოფელში ჩუმად უნდა მიიპაროს, ზოგანაც, წინასწარ შეთანხმებით, ამალით ესტუმროს.
ოთახში რომ შევლენ, “აქ ერთ ხაზად ჩადრში ჩამწკრივებული ქალების კრება ჩამოდგება; ამათ შუაში წითელი ჩადრით პატარძალი უდგათ. სიძე შესვლისთანავე თემენას მისცემს და “დაბრძანდითო” – დაუმატებს. ქალებიც ასევე მოიქცევიან და გაიბმება თავპატიჟი და, ბოლოს, ქალები, დედოფლის გარდა, დასხდებიან. შემდეგ სიძეს თავისი მხლებელი თოფს ჩამოართმევს და კუთხეში მიაყუდებს, რის შემდეგაც დასხდებიან.”
გვიან, ღამით, დამხვდურნი რომ აიშლებიან და წასვლას დააპირებენ, სიძეს მაშინ მართებს თავგამოდება – უნდა ეცადოს, დანიშნული ოთახიდან არ გაექცეს, ან არ გააპარონ, თორემ შერცხვენას ვერ გადაურჩება. სხვა დროსაც უნდა იფრთხილოს, რადგანაც ათას ხაფანგს დაუგებენ და თუ ვერ აირიდა, სასაცილოდ აიგდებენ.
აჭარელისათვის “დედის პატივისცემა სამაგალითოა, - წერს ალექსანდრე მგელაძე, - მამას შვილი იმის ნახევარსაც არ ერიდება და უფრთხილდება, როგორც დედას. დედა იმისთვის სათაყვანებელი არსებაა, რომელსაც ყოველისფერს ანაცვალებს.”
მოგზაური მავნებლად თვლის ჩვეულებას, “რომელიც მომავალი თაობისთვის უმნიშვნელოდ არ ჩაივლის,” – ეს ნორჩთა დაქორწინებაა. Aასევე “ქალის მოტაცება ახალი ამბავი არ არის აჭარაში, ჩვეულებად აქვთ. ამიტომ იმდენი სისხლისღვრა არცერთ ქვეყანაში არ მოხდება, რამდენიც აჭარაში.”
ალექსანდრე მგელაძის ნარკვევი “აჭარა” საყურადღებოა ისტორიკოსების, ეთნოგრაფებისა და ყველა სხვა დარგის მკვლევარებისათვის, ვისაც აჭარის მთიანეთის ისტორია, აქაურთა ყოფა და ცხოვრება აინტერესებს.
2002.
იხ. გაზ. “ივერია,” ## 202, 203, 204. 1899.