შუშანა ფუტკარაძე:
სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის არქივი ბევრ საინტერესო ცნობას ინახავს
ინტერვიუ
თურქეთელი ქართველების “დიდნენე,” პროფესორი შუშანა ფუტკარაძე, მორიგი შემოქმედებითი მივლინებით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თურქეთ-საქართველოს მეგობრობის და თანამშრომლობის საზოგადოების თანადგომით იგი ორ თვეს სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის არქივში მუშაობდა. შეისწავლა და დაამუშავა ათასობით დოკუმენტური მასალა, დავიწყების მტვერი გადააცალა უცხო ქვეყნებში მოღვაწე ბევრი ქართველი მამულიშვილის სახელს, წარმოაჩინა მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის და ერის წინაშე.
თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ქალბატონმა შუშანამ არც ამჯერად დაარღვია ტრადიცია და გადაწყვიტა, მის მიერ მოპოვებული მასალები პირველად, აჭარის რადიოს მეშვეობით გააცნოს საზოგადოებას. მასთან საუბრის ჩანაწერი იმდენად ვრცელი და საინტერესოა, რომ გადავწყვიტეთ, სამ ნაწილად გავყოთ და ცალ-ცალკე წარმოგიდგინოთ.
ერთი გადაცემა ეთმობა შორეულ აბისინიაში ანუ დღევანდელ ეთიოპიაში მოღვაწე ქართველ დოქტორ პეტრე მერაბიშვილს, რომელიც ეთიოპიის მეფის პირადი ექიმი იყო.
ცალკე ვისაუბრებთ თურქეთში მოღვაწე მამულიშვილებზე – პეტრე ხარისჭირაშვილზე, შალვა ვარდიძეზე, გაგაცნობთ აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის უცნობ წერილებს, მიწერილს კონსტანტინეპოლელი ქართველებისადმი.
ქალბატონმა შუშანა ფუტკარაძემ მეტად საინტერესო მასალებს მიაკვლია ქართველ მუსლიმანთა ლეგიონზე, რომელიც 1914 წელს ტრაპიზონში შეიქმნა და რუსთა ბატონობისგან საქართველოს გამოხსნას ისახავდა მიზნად.
მაშ, ასე:
ნაწილი პირველი
ქართული ლეგიონი ტრაპიზონში
შ. ფუტკარაძე: _ სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის შესწავლა წელს დავიწყე და ძალიან საინტერესო მასალებიც აღმოვაჩინე. დავამუშავე 17 ყუთი, დაახლოებით 70.000 ფურცელი.
ვფიქრობ, ყველაფერი ახალია და საქართველოსთვის საინტერესო, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა ქართველ მუსლიმანთა ლეგიონის არქივი.
ცნობილია, რომ 1914 წელს ტრაპიზონში შეიქმნა ქართველ მუსლიმანთა ლეგიონი. პირველი იმპერიალისტური ომი რომ დაიწყო, გერმანია და თურქეთი ერთად იბრძოდნენ და მიზნად ჰქონდათ დასახული რუსეთის დამარცხება ჩვენს საზღვართანაც. ამისთვის შეიქმნა ქართული ლეგიონი, რომ სამშობლო გათავისუფლებულიყო რუსეთის თვითმპყრობელობის უღლისაგან.
ო. ფუტკარაძე: _ ქალბატონო შუშანა, ამ ლეგიონში მარტო თურქეთში მცხოვრები ქართველები იყვნენ, თუ აჭარიდანაც შედიოდნენ?
შუშანა ფუტკარაძე: _ ამ ლეგიონში შედიოდნენ მუსლიმანი ქართველები აჭარიდან, მესხეთ-ჯავახეთიდან, ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან და ლაზეთიდან – სინოპის ჩათვლით. მუჰაჯირებიც იყვნენ და აქაურებიც, მაგრამ სარწმუნოებით მუსლიმანები.
ლეგიონმა იარსება 1919 წლის დასაწყისამდე. ჩამოაყალიბა იგი საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიამ. ეს პარტია შეიქმნა ჟენევაში, შემდეგ მისი სათაო ოფისი იყო სტამბოლში, კერძოდ, ქართველ კათოლიკეთა მონასტერში და მას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი პიროვნებები მიხაკო წერეთელი, ივანე მაჩაბელი, ლეო კერესელიძე და სხვები.
ადრე ამ ლეგიონში აჭარიდან მხოლოდ სამი პიროვნება იყო ცნობილი.
ო. ფუტკარაძე: _ მგონი, მათზე აბელ და კახაბერ სურგულაძეების პატარა წიგნშია საუბარი...
შ. ფუტკარაძე: _ დიახ. აღმოჩნდა არქივი და ვნახე სიები აჭარიდან, ტაო-კლარჯეთიდან და ლაზეთიდან მოხალისედ წასული ლეგიონერებისა.
ამ ლეგიონის ცხოვრება, ოთხი წლის განმავლობაში, დეტალურად არის აღწერილი: რა მიზნები ჰქონდათ, რა ხელფასს იღებდნენ, რას ჭამდნენ და სვამდნენ და ასე შემდეგ. გენერალი იყო ლეო კერესელიძე.
ო. ფუტკარაძე: _ იგი, ვგონებ, შემდგომში გერმანელ ფაშისტებთანაც თანამშრომლობდა. ეს ლეო კერესელიძე ხომ არ იყო ქართველ მუსლიმანთა ლეგიონის შექმნის ინიციატორი?
შ. ფუტკარაძე: _ არა. ლეგიონის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო პეტრე სურგულაძე. მისი არქივი ინახება სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში და მკვლევარს ელოდება...
კათოლიკური ეკლესიის არქივში საინტერესო ცნობებია დაცული კიდევ ერთ ეროვნულ მოღვაწე სანდრო მენაღარზე (მენაღარიშვილი).
პარიზში იყო ჩამოყალიბებული საქართველოს ეროვნული გათავისუფლების ორგანო – “სევგო.” მისი კომიტეტი იყო კონსტანტინეპოლში რომელსაც ხელმძღვანელობდა სანდრო მენაღარი.
კომიტეტის მთავარი დანიშნულება ის იყო, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველებში არ ჩამკვდარიყო ეროვნული სული და თანდათანობით ამაღლებულიყო მათი ეროვნული თვითშეგნება. მენაღარმა შეგნებული ცხოვრება ამ საკითხს მიუძღვნა. იმდენად ცნობილი პიროვნება იყო, რომ ქართველი ემიგრანტების ბევრმა ჟურნალ-გაზეთმა, რომ გარდაიცვალა, მისი ნეკროლოგი დაბეჭდა. ეს გამოცემები იყო “ბედი ქართლისა,” “კავკასიონი,” “ბრძოლა,” “თეთრი გიორგი” და სხვა. მათში იბეჭდებოდა სანდრო მენაღარის ნაწარმოებები, ძალიან საინტერესო, ძირითადად, პოლიტიკურ თემებზე. მისი ფიქრი დასტრიალებდა საქართველოს და ოცნებობდა სამშობლოს გათავისუფლებაზე.
ო. ფუტკარაძე: _ ისევ ქართველ მუსლიმანთა ლეგიონს მინდა დავუბრუნდეთ. თქვენ თქვით, რომ ამ ლეგიონში აჭარიდანაც ბევრი იყო ჩაწერილი. ხომ არ შეგიძლიათ, კონკრეტულად დაასახელოთ რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი პიროვნება?
შ. ფუტკარაძე: _ მოდით, წავიკითხოთ სია. იქნებ, გამოჩნდეს ვინმე მათი შთამომავალი, ან ოჯახებში აღმოაჩნდეთ ამ ლეგიონერების ფოტოსურათები.
მაგალითად, ჩემი ბაბუა ვნახე, სოფელ დღვანის მცხოვრები. 1914 წელს ჩაწერილა ლეგიონერად ქალაქ ტრაპიზონში. წერია, რომ არის 33 წლის, მისი ოჯახი შესდგება ხუთი სულისგან და ისიც არის მინიშნებული, თუ რამდენს იღებდა ხელფასს. შემდეგ მოვძებნე ბაბუაჩემის სურათი და მშვენიერი გარეგნობის პიროვნება აღმოჩნდა.
ლეგიონის წევრები, ფაქტობრივად, არიან ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გმირები, მამულისთვის თავდადებული რაინდები. ბაბუაჩემი 1919-ში მოღალატურად მოკლეს, რადგანაც საქართველოს გათავისუფლებისთვის იბრძოდა. ასეთი ბევრი იქნება ძალიან...
როგორც ვიცი, ვინც ცოცხალი დარჩა და საქართველოში შემოღწევა მოახერხა, უმრავლესობა 37-ში დახვრიტეს ან გააციმბირეს. ესენი, ფაქტობრივად, არიან წამებული ადამიანები.
წავიკითხოთ სია?
ო. ფუტკარაძე: _ წავიკითხოთ, იქნებ, მართლაც გამოგვეხმაუროს რომელიმეს შთამომავალი.
შ. ფუტკარაძე: _ ბევრი არის თურქული გვარით _ ოღლი. ამოვწერე ისინი, რომლებიც ქართული გვარებით არიან შეტანილი.
პირველი არის აბაშიძე მუსტაფა-ბეი, ბათუმიდან.
შემდეგ:
აფაქიძე მემედ, 22 წლის. სოფელი ჯოჭო.
აფხაზავა მუღელემ, 30 წლის. ბათუმი, კაპრეშუმი.
ბედინაძე ალი-აღა, 40 წლის. მაჭახელი.
ბედინაძე ხასან-აღა, 40 წლის. უჩხითი.
ბედინაძე ალი რიზას ქვრივი (ალი-რიზა დაღუპულა და მის ქვრივს ეძლევა პენსია).
ბეჟანიძე ასლან-ბეგი. ბათუმი.
ბოლქვაძე ისააკი, 20 წლის. ერგე.
ბოლქვაძე სულეიმან, 35 წლის. ერგე.
ბოლქვაძე ხუსეინ, 40 წლის. ქობულეთი, ურეხი.
ბოლქვაძე ჰარუნ, 20 წლის. ერგე.
ბეჟანიძე შერიფ. ბათუმი.
გოგოტიძე ხუსეინ, 25 წლის. ქობულეთი, ალამბარი.
გოგიტიძე ხასან. ქობულეთი.
გორგილაძე ფერად. ქობულეთი, ჩაქვი.
გორგოშაძე ოსმან. მარადიდი, ტრაპიზონი.
გორგოშაძე ოსმან. მარადიდი, ხინწკანა.
გორგაძე ალი-რიზა. აჭარა (აჭარაში ქედა იგულისხმება).
გოხიძე იბრაჰიმ, 20 წლის. კახაბერი.
დიასამიძე ოსმან, 18 წლის. კიბე.
დუმბაძე იუსუფ, 20 წლის. ხულო, ჩანჩხალო.
დუბაძე რიზმან. ხულო, ჩანჩხალო.
დუმბაძე იდრის. ხულო, ჩანჩხალო.
დოლიძე მემედ, 20 წლის. ქობულეთი.
ვარშანიძე შუქრი, 18 წლის. აჭარა.
ვარშანიძე სულეიმან-ეფენდი, 30 წლის. ბათუმი.
ვარშანიძე ბექირ. აჭარა, უნია.
ვარშანიძე საიდ. აჭარა.
ვერძაძე მემედ. ქობულეთი, ურეხი.
ვერძაძე ოსმან. ზუნდაგა.
თავდგირიძე ახმედ-ბეგ. ქვედა აჭარა, მახუნცეთი.
თავდგირიძე თევფიყ-ბეგ. ქვედა აჭარა, მახუნცეთი.
თავდგირიძე ხაჯი. ქობულეთი.
თედორაძე მამუდ. აჭარა, ორცვა.
ირემაძე სულეიმან-ეფენდი. ქობულეთი.
კონცელიძე ალი-რიზა, 25 წლის. ქობულეთი.
კონცელიძე ემინ, 25 წლის. ქედა... და სხვა.
დანარჩენები ათასობით არის აჭარიდან ამ ლეგიონში.
ო. ფუტკარაძე: _ ძალიან საინტერესო მასალებია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის და გამოვთქვა იმედი, რომ ჩამოთვლილ პიროვნებებს გამოუჩნდებიან შთამომავლები, რომლებიც გამოგვეხმაურებიან და მოგვცემენ საშუალებას – უფრო
კარგად წარმოვაჩინოთ მათი წინაპრები.
***
პროფესორ შუშანა ფუტკარაძის ინტერვიუს მეორე ნაწილში ვისაუბრებთ შორეულ აბისინიაში მოღვაწე მედიცინის ქართველ დოქტორ პეტრე მერაბიშვილზე, რომელიც ამ ქვეყნის სამეფო
კარის ექიმი იყო.
ნაწილი მეორე
მენელიქ მეორის პირადი ექიმი
შ. ფუტკარაძე: _ ქართველი საზოგადოების წინაშე წარმოსაჩენია საინტერესო პიროვნება პეტრე მერაბიშვილი.
იგი სოფელ უდედან არის წასული, ახალციხიდან. ჯერ აქ მიიღო სწავლა-განათლება, შემდეგ პარიზში... პირველი ქართველია, რომელმაც პარიზის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, მოიპოვა დოქტორის ხარისხი, გახდა შესანიშნავი პრაქტიკოსი ექიმი და მეცნიერი...
საინტერესოა ის, რომ დიდი ქველმოქმედი კაცი იყო, სასწაული ნიჭით დაჯილდოებული. იგი იყო აბისინიის ანუ ეთიოპიის მეფე მენელიქ მეორის კარის ექიმი – 26 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ეთიოპიაში.
ო. ფუტკარაძე: _ საინტერესოა, როგორ მოხვდა იგი აბისინიაში, როგორ დაუკავშირდა მენელიქ მეორეს?
შ. ფუტკარაძე: _ ეს ასეთნაირად მომხდარა:
მენელიქ მეორე სტუმრად ჩასულა პარიზში.
მაშინ ეთიოპია საფრანგეთის დომინიონი იყო და მეფე პარიზში ხშირად ჩადიოდა. ერთხელ იგი საჭმელს მოუწამლავს და ძალზე ცუდად გამხდარა. მთელი პარიზის ექიმობა დასევია, რომ განეკურნათ, მაგრამ მეფის მორჩენა ვერავინ შესძლო. ბოლოს ვიღაცას გახსენებია დოქტორი მერაბი – ასე იცნობდნენ მას, მიუწვევიათ და სწორედ პეტრე მერაბიშვილს განუკურნავს ეს მეფე.
ო. ფუტკარაძე: _ რას ფიქრობთ, როგორ მოახერხა მერაბიშვილმა მეფის განკურნვა, როცა სხვა ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ?
შ. ფუტკარაძე: _ ალბათ, სამეცნიერო ცოდნასთან ერთად მას დაეხმარა თავისი ოჯახის, მერაბიშვილების ოჯახის, დიდი სამედიცინო გამოცდილება და ტრადიცია. სოფელ უდეში დღესაც ყველამ იცის მერაბიშვილების საოჯახო საექიმო ტრადიცია. ალბათ, პეტრემ წინაპრების გამოცდილებაც გამოიყენა, განკურნა მეფე და 26 წლის განმვლობაში მოღვაწეობდა ადის-აბებაში. იქ გახსნა მან აფთიაქი “ჟორჟია” _ “საქართველო” და პოლიკლინიკა.
ო. ფუტკარაძე: _ მეც მსმენია ამის შესახებ, თუ არ ვცდები, იოსებ ნონეშვილი წერდა...
შ. ფუტკარაძე: _ პეტრე მერაბიშვილს პოლიკლინიკები ჰქონდა პარიზშიც და კონსტანტინეპოლშიც. ხან თურქეთში იყო, ხან საფრანგეთში, ხანაც ადის-აბებაში.
ეს კაცი დიდი ქველმოქმედი იყო, დაინტერესებული ქართველი ხალხის, ქართველი ერის ბედით. პირველი იმპერიალისტური ომი რომ დაიწყო, ჩვენი მხარე საომარ ლელოდ გადაიქცა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიაწყდა თურქეთს, განსაკუთრებით ქართულ კათოლიკურ ეკლესია-მონასტერს. აქ ჩამოყალიბდა წითელი ჯვრის ორგანიზაცია, დამშეულთა და უპატრონოთა თავშესაფარი და შეიქმნა საქველმოქმედო საზოგადოება, რომელიც ეხმარებოდა ლტოლვილ მოსახლეობას. ამ საზოგადოებას ეთიოპიიდან ფინანსურად პეტრე მერაბიშვილი უჭერდა მხარს. თავისი ფონდი ჰქონდა, ალბათ, და ფულს ამ ფონდიდან აგზავნიდა.
აღსანიშნავია, რომ დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ყაზბეგიც კი, თავისი ოჯახით, ლტოლვილად იყო ქცეული და თურქეთში იმყოფებოდა მახმუდ-ფაშა თავდგირიძის სასახლეში. აქ იყო ლტოლვილთა თავშესაფარი და იკვებებოდა წითელი ჯვრის დახმარებით. ვნახე ჩანაწერები, რომ რამდენჯერმე მისულა მონასტერში და ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია დახმარებია.
იოსებ ნონეშვილის ნაწერი თუ წაგიკითხავთ, მის მიერ მოძიებული პეტრე მერაბიშვილის ბიოგრაფიის მომენტებიც გემახსოვრება და მასზე მიძღვნილი შესანიშნავი ლექსიც...
ო. ფუტკარაძე: _ დიახ.
შ. ფუტკარაძე: _ იოსებ ნონეშვილი 1966 წელს ჩასულა ადის-აბებაში. უნახავს აფთიაქი “ჟორჟია.” ცოტა რაღაც სცოდნია ამ პიროვნების შესახებ, მოუკითხავს და ბევრი რამ გაუგია...
ო. ფუტკარაძე: _ ქალბატონო შუშანა, იოსებ ნონეშვილის არ იყოს, თქვენც ეძებდით მერაბიშვილი კვალს...
კიდევ ვის კვალს მიაკვლიეთ სტამბოლში?
შ. ფუტკარაძე: _ სტამბოლში ძალიან ბევრი პიროვნების კვალს მივაკვლიე.
განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ მესხეთ-ჯავახეთიდან ბევრი მორჩილი მიდიოდა კათოლიკურ სავანეში და მათში დიდი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებებიც ყოფილან.
საოცარია ერთი ვინმე – სტეფანე საფარაშვილი, რომელიც 15-18 წლისა ისეთ ლამაზ ჩანახატებს გვაწვდის, რომ სიამოვნებით ვკითხულობდი. როგორც რომანში, მთელი ცხოვრებაა მათში გადაშლილი.
გარდა ამისა, ბევრი წერილია 1857 წლიდან 1880 წლამდე გაგზავნილი... ეს წერილები არის შესანიშნავი წყარო მაშინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესასწავლად. არის საენათმეცნიერო მასალებიც, დიალექტოლოგიური ტექსტებიც...
განსაკუთრებით პეტრე მერაბიშვილია წარმოსაჩენი. იგი პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი ნაწარმოებები არის როგორც ისტორიული, ეთნოგრაფიული, ისე სამედიცინო, მეცნიერული ხასიათის, მაგრამ ფრანგულად არის დაწერილი.
იქნებ, გამოჩნდეს ვინმე, თარგმნოს და გამოსცეს. ეს იქნება ერთი შესანისნავი ნაბიჯი ქართული მედიცინის ისტორიაში.
ო. ფუტკარაძე: - გმადლობთ, ქალბატონო შუშანა, საინტერესო საუბრისათვის.
იქნებ, ჩვენი ეს ინტერვიუ გახდეს საბაბი და რომელიმე მეცნიერი დაინტერესდეს შორეულ აფრიკაში მოღვაწე ქართველი დოქტორის მოღვაწეობით და სამეცნიერო შრომებით.
ამით ნამდვილად დიდი პატრიოტული საქმე გაკეთდება და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილთა გალერეას კიდევ ერთი სასახელო პიროვნება შეემატება.
***
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში სტამბოლში მოღვაწე სხვა მამულიშვილები, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას და ივანე ჯავახიშვილის დღემდე უცნობი წერილები – დაცული ქართველ კათოლიკეთა სავანეში, კონსტანტინეპოლში.
_ ასეთია ქალბატონ შუშანა ფუტკარაძის საუბრის მორიგი თემა.
ნაწილი მესამე
ცნობილი ადამიანების უცნობი წერილები
შ. ფუტკარაძე: _ სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში მოღვაწეობდნენ შესანიშნავი ქართველები, განსაკუთრებით შალვა ვარდიძე. ამ პიროვნებას ქართველი ხალხი დღემდე კარგად არ იცნობს. იგი ახალციხიდან, სოფელ უდედან, 1885 წელს ჩავიდა სტამბოლში (გარდაიცვალა მეოცე საუკუნის 50-ან წლებში). იქ მიიღო განათლება, შეისწავლა უცხო ენები და დედასამშობლოს ძალიან დიდი საქმე გაუკეთა _ სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. ცხრა ენა იცოდა და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში ცხრავე ენაზე აქვეყნებდა სტატიებს და უცხოელებს აცნობდა ქართული კულტურის ისტორიას. შესანიშნავი ლექსების ავტორია, ფრანგულად თარგმნილი აქვს “ვეფხისტყაოსნის” თავები. მთლიანად აქვს თარგმნილიო, ასე სწერია ერთ-ერთ ფურცელში, მაგრამ ამ თარგმანს ვერსად მივაკვლიე, ნაწილი თავებისა კი ვნახე. ასევე საინტერესოა მისი კომენტარები “ვეფხისტყაოსნის” ქართული ტექსტის შესახებ. ყურადსაღებია, აგრეთვე, შალვა ვარდიძის ისტორიული ხასიათის ნაწარმოებები, ლიტერატურული მიმოხილვები, განსაკუთრებით ვახტანგ ორბელიანის მთელი შემოქმედებისა – თარგმნილი აქვს ფრანგულ ენაზე. არაბულ ენაზე დაუწერია საქართველოს მოკლე ისტორია, რომელიც ბეირუთშია გამოქვეყნებული. იგი სიცოცხლის ბოლო წლებში რეპრესირებული იყო _ ბეირუთში გადაასახლეს. ქალაქთან ახლოს, ლიბანის მთაზე არსებულ ქართულ მონასტერში ცხოვრობდა და ფრანგულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. აქვე გარდაიცვალა.
შალვა ვარდიძის არქივი, დიდი რისკის ფასად, თურქეთში ჩამოიტანა და კათოლიკეთა მონასტერს ჩააბარა ქართველი ერის სახელოვანმა შვილმა, ბათუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა სიმონ ზაზაძემ.
ო. ფუტკარაძე: _ ქართველ კათოლიკეთა სავანის ახლანდელმა პატრონმა, არა?
შ. ფუტკარაძე: _ ერთადერთმა პატრონმა და მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ჩვენ ამდენი სიმდიდრე გვაქვს.
ო. ფუტკარაძე: _ სხვა კიდევ... სხვა პიროვნებებზე თუ იყო საინტერსო მასალები?
შ. ფუტკარაძე: _ საინტერესო მასალებია პეტრე ხარისჭირაშვილზე. ჩვენ მასაც კარგად ვერ ვიცნობთ, მხოლოდ ერთი პატარა ბროშურაა გამოქვეყნებული მასზე ზაქარია ჭიჭინაძის.
ახლა მოვიძიეთ ხარისჭირაშვილთან დაკავშირებული საინტერესო მასალები. არის ქება, ქების შესხმა, პოემად დაწერილი ივანე გვარამაძისა, ვინმე ზირაქოვის და სხვების. აგრეთვე არის პეტრე ხარისჭირაშვილის ნაწარმოებები, ჯერ კიდევ უცნობი ქართველი მკითხველისათვის.
გამოვლინდა აგრეთვე შესანიშნავი ჰიმნოგრაფი სტეფანე გიორგიძე. იგი კათოლიკეთა მონასტის ერთ-ერთი წინამძღვარი იყო. ჰიმნოგრაფი იყო აგრეთვე ანდრია წინამძღვრიშვილი, ამასთან დიდი მკურნალი. მას კარაბადინის მსგავსი სამედიცინო ხასიათის წიგნი აქვს დაწერილი.
ო. ფუტკარაძე: _ საქართველოში მოღვაწე მწერლებს, პოლიტიკურ მოღვაწეებს მიმოწერა თუ ჰქონდათ სტამბოლელ ქართველებთან და სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის არქივში შესაბამისი მასალებიც ხომ არ გინახავთ?
შ. ფუტკარაძე: _ ეს არქივი ბევრ საინტერესო წერილს ინახავს ქართველი საზოგადო მოღვაწეების – აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, სხვების და სხვების...
ო. ფუტკარაძე: _ ვიცი, რომ სავანეში აკაკი წერეთელს იუბილეც გადაუხადეს...
შ. ფუტკარაძე: _ მაშინ ჯერ აკაკი წერეთელზე ვისაუბროთ.
აკაკის პატარა წერილი ვნახე. პარიზში რომ მიდიოდა, ვერ მოახერხა მონასტერში შევლა, რადგანაც სტამბოლში გემი დიდი ხნით არ გაჩერდა. იგი მღვდელ იოსებ მერაბიშვილს სწერს, რომ ახლა ვერ ვახერხებ მოსვლას და სხვა დროს გესტუმრებითო. მონასტერს ჰქონდა ბიბლიოთეკა და იგი ატარებდა აკაკის სახელს. ოფიციალურად მას ეს სახელი 1908 წელს მიენიჭა, როდესაც აკაკი წერეთლის საიუბილეო დღეები იყო და ეს დღეები აქაც არაერთგზის აღნიშნეს. 1908 წელს კი დიდი ლამაზი საღამო მოაწყვეს. მთელი საზოგადოება შეიკრიბა კონსტანტინეპოლისა და ყველამ სიამოვნებით მიიღო ზეიმში მონაწილეობა.
ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, დიმიტრი არაყიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ რობაქიძის, სხვათა და სხვათა ბევრი საინტერესო წერილია კათოლიკეთა მონასტრის არქივში დაცული.
თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გერმანიიდან გამოგზავნილ წერილზე. იგი ცნობილ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას თხოვს, დააფინანსოს ქართულ-გერმანული ლექსიკონის გამოცემა.
წავიკითხავ რამდენიმე ამონარიდს:
“დღემდე ვერ მოვახერხე ბევრი ჩემი ნაშრომის ქართველი საზოგადოების წინაშე გადაშლა-გამოცემა.
ამ რვა წლის განმავლობაში ევროპაში დავწერე:
გოეტტეს “ფაუსტის” პირველი ნაწილი ლექსად. ვერ გამოვეცი.
კიტა აბაშიძის თხოვნით ვთარგმნე თომას მანის “სიკვდილი ვენეციაში,” რომანი. ვერ გამოვეცი.
ვაჟა-ფშაველას “გველისმჭამელი” _ პოემა გერმანულად ვთარგმნე. იგი დღესაც აგდია ლაიფციგში გამომცემელთან.
1919 წელს დისერტაცია ბერლინის უნივერსიტეტს რომ წარვუდგინე გერმანულად, “საქართველოს მეფის ერეკლე მეორის დრო,” ისტორიული მონოგრაფია, ვერც ამის გამოცემა მოვახერხე.
ჩამოთვლის აგრეთვე სხვა ნაწარმოებებს, რომლებიც ვერ დასტამბა.
“მაგრამ თქვენ, _ მიმართავს ხოშტარიას, _ ისიც ჩემზე უკეთ იცით, რომ გონიერი შრომა იქ ფუჭია, სადაც მეცენატი არაა. არც მიქელანჯელო, არც და ვინჩი, არც გოეტტე არ იქნებოდნენ, რომ პაპა პიუს მეორე, პავლე მესამე, სიქსტის პირველი, ვაიმარის ჰერცოგი (გოეტტეს მეცენატი) ღმერთს არ გაეჩინა. ეს ურყევი დებულებაა. მე არ აგიწერთ იმ დიდ ფიზიკურ ტანჯვას, რომელიც დღემდე გადამხდენია.
1919 წელს უნივერსიტეტი გავათავე და იმის მაგივრად, რომ ოჯახს მოვკიდებოდი და, მოხუცი დედა რომ მყავს, იმისთვის მომეარა, ისევ აქ ჩამოვედი და უბრალო საელჩოს ატტაშეს მცირე ჯამაგირით ისევ ვებრძვი გაჭირვებას, ვიბრძვი ჩემი სწავლისა და განათლებისათვის. უმთავრესად იმიტომ, შემდეგ ჩემს ერს დავეხმარო.”
აკაკი ხოშტარიას მიმართავს:
“ამასწინათ თქვენ გაიხსენეთ ინგლისის საელჩოში, როდესაც სიტყვა წარმოთსქვით: ინგლისელები გზებს და ხიდებს რომ აშენებენ, ათაწლეულებზე ფიქრობენო.
კულტურული მუშაკიც ასე ფიქრობს.
ხიდი უნდა გავდო გერმანია-საქართველოს შორის და ამ ხიდზე ათასმა თაობამ უნდა გაიაროს.
მე ვიცი, თქვენ ფაქტების ადამიანი ხართ. დღეს, სამწუხაროდ, უქეიფობის გამო ვერ მიმიღეთ, ამიტომ მოკლედ მოგახსენებთ ჩემს მეთოდებზე.”
შემდეგ იმ მეთოდებზა საუბარი, თუ როგორ ააგო ქართულ-გერმანული ლექსიკონი, გერმანული ენის გრამატიკა ქართულ ენაზე, რომელთა დაბეჭდვასაც თხოვს. ლექსიკონი პროფესორ მაკელაინთან ერთად შეუდგენია.
აკაკი ხოშტარიამ, რომელსაც გემები ჰყავდა და ამერიკა-თურქეთს Aშორის ტვირთებს ეზიდებოდა, არ დააფინანსა ეს ლექსიკონი.
ო. ფუტკარაძე: _ საინტერესოა, ხოშტარიასადმი გაგზავნილი წერილი ქართველ კათოლიკეთა მონასტრის არქივში როგორ მოხვდა?
შ. ფუტკარაძე: _ ხოშტარიას ტყეები ჰქონდა სტამბოლის შემოგარენში და შეშას შეღავათიან ფასებში (და არა უფასოდ) აწვდიდა ქართველ კათოლიკეთა მონასტერს. ხოშტარია გაკოტრებულა და პარიზს გაქცეულა. ტყეებზე შეღავათი რომ არ დაეკარგათ, ეკლესიის მესვეურთ მისი არქივი თავად შეუნახავთ.
სტამბოლის სავანეში დიდი პატივისცემით იხსენიება ჩვენი სახელოვანი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის სახელი. ჯავახიშვილი სავანეს რანდენჯერმე ეწვია. აქ დაცულია შთაბეჭდილებათა წიგნი. მასში გაკეთებულია შესანიშნავი ჩანაწერი ივანე ჯავახიშვილისა. კერძოდ:
“გული სიხარულით მევსება, როდესაც ამ პატარა საქართველოს კუნძულში, ქართველთა მონასტერში, საქართველოსა და ქართველი ერისადმი უანგარო ღრმა სიყვარულს ვგრძნობ.”
ივანე ჯავახიშვილი.
1919. 16 თებერვალი.
ივანე ჯავახიშვილის ნაწარმოებების დიდი ნაწილი აქ არის ბიბლიოთეკაში შენახული. არის აგრეთვე მიმოწერის ბარათი.
განსაკუთრებით საინტერესოა ერთი დეტალი: ჯავახიშვილი ჩამოწერს თავის ნაწარმოებებს, რომლებიც 1912 წლისთვის უკვე დაწერილი აქვს პეტერბურგში და მათ შორის ასახელებს
წიგნს _ “პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში 19-ე საუკუნეში,” დაბეჭდილს 1906 წელს, თბილისში, რუსულ ენაზე. ეს ნაშრომი მეხუთე ნომრადაა შეტანილი. გვერდით მიწერილი აქვს: წიგნი აკრძალულია მთავრობის მიერ და სასამართლოს განაჩენით მოსპობილია.
საინტერესოა, ამას ყურადღება მიაქციონ ისტორიკოსებმა – ეს ნაშრომი მთლიანად დიკარგა, თუ გადარჩა რამდენიმე ეგზემპლარი ან ხელნაწერი მაინც.
ივანე ჯავახიშვილი წერს, თუ რის გაგზავნა შეუძლია პეტერბურგიდან.
ჟენევაში ბევრი ქართველი სტუდენტი სწავლობდა და ქართული ბიბლიოთეკა იყო ჩამოყალიბებული. ერთ წერილში ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ ძალიან ბევრი წიგნი გავუგზავნე ჟენევის ქართულ ბიბლიოთეკას, თქვენც გიგზავნით და გთხოვთ, თქვენს სტამბაში დაბეჭდილი შესანიშნავი ქართული წიგნები გამომიგზავნოთო.
აი. ძირითადი მასალები, რასაც სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის არქივში მივაკვლიე.
საინტერესო სხვაც ბვრი ვნახე, მაგრამ მათზე სუბარი შორს წაგვიყვანს.
ო. ფუტკარაძე: _ გმადლობთ, ქალბატონო შუშანა საინტერესო და მრავლისმომცველი საუბრისათვის.
კვლავაც წარმატებებს გისურვებთ!
ბათუმი.
2006.
აჭარის რადიო.
29 ოქტომბერი, 5 ნოემბერი, 12 ნოემბერი.