Litclub.ge

* * * "შენ უკვე სხვა ხარ''
შენ უკვე სხვა ხარ, შენ ხარ კედელი, 
შედუღებული ბილწი ოცნებით,
მე კი მაგ მკერდზე ტანალეწილი
ვაზის ლერწივით შეგაცოცდები,
შენ უკვე სხვა ხარ, ის აღარა ხარ,
გაზაფხულის მზის სხივივით ანცი,
ვით ფოთოლცვენა, მიეფინები 
განვლილ გზებსა და გასავლელ მანძილს, 
მე კი მიყვარხარ, არსად წავსულვარ, 
მუდამ შენს გვერდით ვდგავარ აქავე
და დასანგრევად გადახრილ შენს სულს
ჩემი დაღლილი სუნთქვით ვაკავებ.
რა უნდა გვითხრას ამ შემოდგომამ,
ვინ დაუჯერებს წვიმებით შეშლილს,
ის ხომ იმაზე მეტს ამბობს მუდამ,
ვიდრე საერთოდ ვხედავთ და გვესმის.
როგორც შუქი, ან შუადღის ხვატი,
როგორც უეცრად გამსკდარი ჭურვი,
თუნდ სიყვარული, რომელიც მუდამ
გამოამჟღავნებს საკუთარ სურვილს
და არასოდეს შეგვეკითხება,
რომ ჩვენ, ხარების დამფრთხალი ჯოგი,
რა გამწარებით ვიხდით ტანსაცმელს 
ან ასე სწრაფად რატომ ვშლით ლოგინს.
ვიღაც კითხულობს: – ქარი თუ ჩადგა?
შიშით კითხულობს ცხოვრების მცოდნე,
რადგანაც ქარი მუდამ გულისხმობს 
დამწყდარ სიმებს და დაცვენილ ფოთლებს. 
მაგრამ მე აქ ვარ, ვაზის ლერწივით 
და მეც იმდენჯერ გადავტყდი დღემდე,
ვიცი მთავარი მერე იწყება,
გაცოფებული ქარიშხლის შემდეგ. 
ამ ფოთლებისთვის და ამ სიმისთვის, 
ამ ლერწმისათვის, რადგან მის ღეროს
მუდამ სჭირდება ერთი გრიგალი,
რომ ჩახლჩილი ხმებით იჟღეროს.
ლელიანში კი, თუმცაღა უქმად 
ჩალპება ჩალის მრავალი ღერი,
სიმღერით მხოლოდ ქარიშხლისაგან
გადამტვრეული ლერწამი მღერის.
შენც ნუ გგონია, რომ დამამარცხე 
და სისხლიანი ფეხებით შემდეგ, 
რადგან მთავარი მერე იწყება,
გაცოფებული ქარიშხლის შემდეგ.