"თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით"
ფერეიდანში ძმის სისხლით არავინ დამწყურვებულა,
ფერეიდანში ქართულით არავინ დამწუხრებულა,
ფერეიდანში ჩიქილა დღემდე არ გახუნებულა,
ფერეიდანში სირცხვილით არავინ დადუმებულა.
მანავის კოშკზე სოფიოს მანდილი აღელვებულა,
ნიკო, ლექსო და ლევანი არხოტზე ამღერებულა,
ბებიების და პაპების ზღაპრები გაცოცხლებულა,
შვილთაშვილები ქართული ანბანით გამზითვებულა.
წინაპრის სისხლი ნანგრევთან ტბორად რომ დაგუბებულა,
საუკუნეთა გზაწვრილზე ყვავილად აღერებულა,
დღეს ცისფერ ძარღვებს მიაპობს, გამთბარა, აღელვებულა,
ქართულად გლოცავთ, ეს სიტყვაც ქართულად გახელებულა.