Litclub.ge

ციცარი
«გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი»,
ასე გავარდა სამგორში, 
ცას დაეხალა ციცარი.

ვაი, ნაგზაურო ციცარო,
გაზრდილო ჩემის ხელითა, 
შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.

არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა-დარიჩინითა,
წადი და იმას აკოცე, 
ვინც მინდვრად გაგაჯირითა!

ის ბაზიერი გიყვარდეს,
გაჭმევდეს აღჯანაბადსა;
მე ჩემს გზას გამოვუდგები, 
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა...