Litclub.ge

ანანური
შენთვის დროის სვლაც არის ბათილი,
გამობრწყინდები მთებში მზესავით, _
ბრძენი და მშვიდი, ვით თინათინი,
ულამაზესი, როგორც ნესტანი.
მოვალ და ღვთიურ მადლით ვივსები,
შორითაც ნათლით მავსებ ასევე,
ბინდში თეთრ პერანგს ქსოვენ ნისლები
და დილით სპეტაკ ტანზე გაცმევენ.
მადლობა უფალს, დამდგარა დარი, _
მომხდური მოყვრად შემოფიცულა
და ვით ხევსურეთს ნაჭედი ფარი,
ღრუბლებში მთვარის დისკო მიცურავს.
არც მტვრადქცეული მტერნი ახლობენ,
არც გაჰყივიან შორით სარანგნი
და მხოლოდ ღამით შენს სიახლოვეს
ტარიელივით გმინავს არაგვი.