ერთხელ პატარა ბაჭიამ
მიატოვა თავის ბინა,
გაიარა ტყის ბილიკი
და მდელოზე მიირბინა.
მოეწონა ყვავილები,
მთელი დილა იცანცარა,
დააბიჯა იას ფეხი
და კაბა არ დაუსვარა!
შეიშმუშნა ნაზი ია,
გადმოღვარა ცხარე ცრემლი,
სულ კაბაზე იყურება,
ვინ მიხედავს, ვინ უშველის?
ახმაურდნენ ყვავილები,
იძახიან წარამარა:
- წვიმავ, მოდი, მოდი ჩქარა,
იას კაბა დაესვარა!..
წამოვიდა წვიმა ციდან,
მოიარა მდელო უცებ,
ხეები და ყვავილები -
სუყველანი გაიწუწნენ.
წვიმის მოსვლა ძალიანაც
არ უნდოდა ყველას განა? -
ზოგმა წყალი დალია და
ზოგმაც პირი დაიბანა.
პეპელა კი დაიმალა -
აქეთ ეცა, იქით ეცა,
იამ პირი დაიბანა,
მერე კაბაც გაირეცხა...
და წვიმამაც გადაიღო,
მდელოს სხივი მოეფინა,
ფოთლებსა და ყვავილებზე
სულ წვეთები ააბრწყინა.