Litclub.ge

პაპა და შვილიშვილი

თმათეთრი, ხალისიანი

თიბავს და თიბავს პაპა,

ტყეს აშრიალებს ნიავი,

ჰყვება ღრუბლების ამბავს.

იქვე ბიჭუნა რომ მოჩანს,

შვილიშვილია მისი,

პაპას ყველაფერს უჯერებს:

წყალს ეზიდება ცივ-ცივს,

სათიბთან საჩრდილობელი

ქოხიც წამოდგა მისთვის,

სკოლაშიც, სკოლის გარეთაც

სულ მისი ქება ისმის,

სახელად ჰქვია არმაზი,

გულს გაიმეტებს სხვისთვის.

 

უეცრად პაპა დაეცა,

ფეხი გაიჭრა ცელით,

არმაზი დანაღვლიანდა,

თვალზე მოადგა ცრემლი.

-          ნუ ტირი -

პაპა ამშვიდებს -

შენ ხარ იმედი ჩემი,

აგერ ტყის პირას აბია

ჩვენი ჭკვიანი ცხენი,

მოახტი, წადი სოფელში

(საქმე არაა ძნელი),

მეზობლებს შეატყობინე,

შემომაშველონ ხელი.

 

არმაზიც ასე მოიქცა,

ცხენით დაღმართზე მიჰქრის,

პაპას დროულად უშველოს -

ესაა მისი ფიქრი…

 

აგერ სოფელიც გამოჩნდა

ლურჯი მდინარის იქით.

 

პაპას ჭრილობა აწუხებს

(თანაც ძალიან ცხელა),

ზედ მრავალძარღვა დაადო,

შეუწყდა სისხლის დენა.

 

ჰა,მეზობლებიც მოვიდნენ

(ზოგი კი არა, ყველა!):

ბერდია, გაგა, გიორგი,

გოგოთური და გელა,

წინ მოუძღოდათ არმაზი

პატარა, ნერგისხელა.

 

წიფლის ტოტების საკაცით

წამოიყვანეს პაპა,

ჭრილობა მალე მოურჩა,

სულ ერთ კვირაში, აბა!

 

პაპას ღიღინი, ცელის ხმა

სათიბში ისევ ისმის,

იქვე არმაზი ფუსფუსებს,

გადამრჩენელი მისი,

ხან წყალი მოაქვს ხევიდან,

ხან ქოხს აკეთებს მისთვის,

ასე რომ უყვარს სუყველას,

არის ნამდვილად ღირსი,

ვაშლს და ჩურჩხელას კი არა,

გულს გაიმეტებს სხვისთვის.