ზოოპარკში ატყდა შფოთი –
დაიკარგა ბეჰემოთი.
ხომ არ არის ნემსის ტოლა,
წონა გახლავთ ორი ტონა!
გამოჰკითხეს ხან ის, ხან – ეს...
ნუთუ მძევლად აიყვანეს?
ჭორ-მართალი რა არ ითქვა...
რა მომხდარა, არ იკითხავთ?
მის მეზობლად, თურმე, აფთარს
წვეულება გაუმართავს.
იქ ყოფილა ბეჰემოთი,
ეს მსუნაგი, მართლა ლოთი.
ბევრი უსვამს ლიმონათი,
განა ერთი, კასრი ათი.
ისე სცლიდა, არც კი თვლიდა
და სახლში რომ წამოვიდა
მთვრალი იყო, განა შტერი –
აერია ვოლიერი!
არც დაფიქრდა, ნახა ბინა –
მაიმუნთან დაიძინა...
სირცხვილისგან მთელ დღეს ახლა
თავს აღარ ყოფს წყლიდან მაღლა.