Litclub.ge

ორმაგი მოციქული
ციკლიდან `პოემატოგრაფი~
ფილმი და თამაში `ჰიტმენი~

მისია I
ანუ
`მე, ჰიტმენი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი...~

ხელისგულში მოვაქციე
ცხადიცა და სიზმარიც,
მეეჭვება, ჩემზე მეტის
ვინმემ შეძლოს ატანა...
დრო მყავს, როგორც არბალეტით
გასროლილი ისარი,
სივრცე _ როგორც მოქნეული
სამურაის კატანა!

თვით სატანაც თვალს არიდებს
ჩემს სისხლიან ნაბიჯებს,
ერთადერთი სახელი მაქვს _
კოდი 47...
სიცოცხლეს კი ის არ გვართმევს,
ვინც სიცოცხლეს გვანიჭებს
მეც თანდათან მივეჩვიე
და თანდათან დავმშვიდდი!

ჩემი გზების გასაყარზე
ერთხელ კიდევ მივედი
და მომიწევს ერთხელ კიდევ
ჩუმად დავასამარო
როიალის გამწყდარ სიმით
მოხრჩობილი იმედი
და ოპტიკურ სამიზნეში
ჩამწყვდეული სამყარო.

მე ვეღარ ვგრძნობ ცოდვებისგან
გამოწვეულ სიმძიმეს,
არ მივიკვლევ ამ ცხოვრებას
ტანჯვითა და წვალებით,
მე ყოველთვის მშვიდადა ვარ
და როდესაც ვიძინებ,
არ მდევნიან მსხვერპლის ღიად
დარჩენილი თვალები.

მხოლოდ ერთი გადამირჩა _
ჩემი ბედის მისანი!
ვინც მე იმას მაპოვნინებს,
ჩემი სულიც მისია...
სიკვდილია ჩემთვის დღემდე
ერთადერთი მიზანი,
სიცოცხლე კი _ ერთი დიდი
უხმაურო მისია!

სავე

მისია II
ანუ
`ლოცვად მუხლმოყრილი ჰიტმენს შევედრები...~

როგორც ვატყობ, პიროვნების
გაორება მეწყება
ვერ გავიგე, რომელი ვარ _
კილერი თუ პოეტი,
ჩემი სული ცოდვებისგან
აღარ გაირეცხება,
მაგრამ მაინც... წამოვედი
და ტაძრამდე მოვედი.

გირჩევნიათ მოკვდავებს,
აღარ გამომეკიდოთ _
მე არ ვერჩი არავის,
სანამ არ შემაწუხებს
გარდერობი, რომელშიც
ძველებურად ჰკიდია
სისხლიანი წარსული და
სისხლისფერი ჰალსტუხი!

მეც ვიყავი თქვენნაირი
და თქვენს ყოფას, ცივილურს,
ვამოკლებდი ჩემი ნაღდი
წესრიგით და ეთიკით
და გულიდან ამოხეთქილ
კივილებს და ტკივილებს
ვერ მიყუჩებს ვეღარც მუშტი,
ვეღარც ანესთეტიკი.

ქვეყნად ყველა სისხლის წვეთი
ჩემი ნატერფალია,
ხელთ მაქვს ყველა გასაღები,
უფსკრულის კარს რაც აღებს...
მე _ ბნელეთის მოციქული _
უფალთან ვკრავ ალიანსს
და სკალპელით გადაჭრილი
სისხლძარღვივით ვცახცახებ!

ამ ქვეყნისგან გარიდება
სხვას ყველაფერს მერჩივნა,
დავიღალე, აღარ მინდა,
რომ ცოდვებმა მარჩინოს...
მე ვხოცავდი, რათა ჩემი ხორცი გადამერჩინა
და ვლოცულობ, რათა ჩემი სული გადავარჩინო!