Litclub.ge

D-610
"ხანდახან ადამიანს ტალახი და ნეხვი ენატრება. მიზეზი ერთია, ეს სურვილი სისხლში აქვს... არავის შეუძლია თავი დააღწიოს გენში ჩარჩენილი წარსულის ყოფას, ამპარტავნობის გამო ამის გამოაშკარავება ადამიანს ყოველთვის ეჩოთირება.
ისე კი, ყველა თავისებურად ილტვის სისუფთავისაკენ - აქ ჯიში არაფერ შუაშია. ეს ადამიდან მოდის (იმდენად არსებულიდან, და ამასთანავე უკვე თითქმის არარსებულიდან) - მაგრამ მასთან გრძელი და რთული გზა მაშორებს".

ირაკლი სილაგაძე 

 
ჭიანჭველა რაღაცას მიათრევდა და უცებ ბლანტ მასაში აღმოჩნდა. ა-მ მიაფურთხა. 

“ა” - 33წლის. დევიზი - “დამსეტყვე, ცაო!”. ცხოვრების სტილი - ფეხებზემკიდია.  სახელი გაითქვა ფურთხვის მომადლებული ნიჭით. მოფერებისას ეძახიან “აქლემის” საწყის ასოს. 
- ზაფრანა, ექვსის ნახევარია... რა ვქნათ?
- როგორც ყოველთვის.
- მომბეზრდა. 
ჟიტომირის ქუჩა უსაქმურების “სათნოების სახლი” იყო, ამიტომ სმა, ბანქოს ყრა, თრიაქი და კვერცხების ფხანა იქ “მობეზრებასთან” არასოდეს ირითმებოდა. აქლემა იშვიათად კი არა, იშვიერთადაც თითქმის არ ფიქრობდა, რაც მის წიაღსვლებს ალალად ეტყობოდა. ახლაც, თავი პლანეტის უმთავრეს უბედურად წარმოიდგინა, მაგრამ დროზევე ივარაუდა... სადღაც აფრიკის, ან თუნდაც მავრიტანიის, ბეჩავ პროვინციაში ცხოვრობს არაფრითგამორჩეული შავკუტელა ბავშვი, თოთხმეტ და-ძმაში №11, რომელიც დღეში ერთხელ ჭამს კაქტუსის ფესვების წვნიანს და მათი მოპოვებისაგან თავისუფალ დროს  ამაოდ იხსენებს №2-ის სახელს... ეს წარმოიდგინა და გულზეც მოეშვასავით.
ზაფრანა კი “ჭაობში” მოყვინთავე ჭიანჭველის ფენომენს სწავლობდა.
- “ა”, დაერხევა? მინდა რომ გადარჩეს.
- მაშინ დაეხმარე! თუ რწყილს ელოდები? - აქლემა საერთოდ არ იყო სენტიმენტალური და ევთანაზიას აღმერთებდა. საწყალი ჭიანჭველა. - სტურუა, ამასობაში ექვსს ოცი უკლია.
სტურუა - უდიპლომო ფილოსოფოსი. დევიზი - “ღმერთი მომცემს!”. არსებობის წყარო - საბერძნეთში წარგზავნილი ცოლი.
- მე რა ვქნა? მშვენივრად ერთობი. სმა მოგბეზრდა,  ჯოკერი მომბეზრდა, პლანი გათავდა, ფული არ გვაქვს. დავიშალოთ.
ოთხი დღის წინ ა-მ ჭიშკრის გაღებვა დაიწყო და ნებისყოფა  ნახევრამდე ეყო. მერე გასაგრძელებლად ვერ მოიცალა. დედამისი ამ დილითაც ეჩხუბა, ამიტომ დაშლის გადაწყვეტილება დაბლოკა.
- კარგი, დავლიოთ... დღეს სტურუასთან...

მესამე სადღეგრძელოზე ხუთ ჭიქას ავსებდნენ. დიმაუშკა და გიორგი.
დიმაუშკა - სახელი - დიმა. აქვს ცალი დიდი ყური - უშკა. ფეხსაცმელების ცეხის პატრონ ჟორას წელიწადია გალახვას ჰპირდება. მუშაობს ფეხსაცმელების ცეხში. დევიზი არ აქვს.
ზუსტად არავის ახსოვს როდის დაიწყო... ერთხელ ძალიან დიდი ქვეყანა აპრილის თოვლისავით გაქრა. Mმერე ნელ-ნელა გაქრა მშვიდობა, პური და ყველაფერი კარგიც კეთილებთან ერთად. მერე გაჩნდა “დაძმარებული ღვინის თაობა” (არა მარტო) ჟიტომირის ქუჩაზე. ქუჩა სიმბოლურად ერქვა, თორემ ა-ს რომ სამჯერ ეაქლემა, მეოთხე ძმები საცერაშვილების პროსპექტზე დავარდებოდა. 
დიტმარ დიდებულიძის ემიგრირების შემდეგ სტურუა ყველაზე  განათლებულად ითვლებოდა ჟიტომირის ქუჩაზე. სულით პოეტი ლექსებს იშვიათად წერდა, სამაგიეროდ ჭიქის აწევის შემდეგ სიტყვის  ჭეშმარიტ “ზეიმებს” აწყობდა და ახლო-მახლო სუფრებსაც შეუცვლელად თამადობდა.Fმესამე კურსზე ფილოსოფიის ფაკულტეტიტის  სტუდენტმა ოიდიპოსის მითოპოეტურ სახეში საკუთარი დეკანი ამოიცნო და პირში უთხრა. მომდევნო დღეს აღმოაჩინა, რომ უკანმოუხედავად გარიცხეს. თუ მის ნათქვამს ვერ გებულობდნენ, ყველაფერი სტურუას ფილოსოფიურ წარსულს ბრალდებოდა. ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა ერთხელ თავის თავს და თანატოლებს “დაძმარებული ღვინის თაობა” უწოდა.
სტურუა მჟავე კიტრს ინგლისელი ლორდის სიდინჯით მიირთმევდა და საპირფარეშოში გუშინ დაწერილ იგავს ჰყვებოდა ავღანურ ძროხებზე. მორალი ვერავინ გაიგო, მაგრამ მხოლოდ ზაფრანამ იკითხა ძროხის ნაღმზე აფეთქების მიზეზი. ისე დასცინეს, სახეც თმისფერი გაუხდა. თამადამ შევსება ბრძანა. დიდი ბაბუის თოფის სადღეგრძელოს შემდეგ სტურუას სიბრძნის კბილი უნდა განედიდებინა, თუმცა გიორგიმ სიტყვა ითხოვა და მაგიდაზე ორი თეთრი აბი დადო.
გიორგი - სტუდენტი-ქიმიკოსი. სამეცნიერო მეტსახელი - “დოქტორ გიო”. ატარებს ცდებს რაღაცის შემთხვევით მიღების იმედით.  ჟიტომირის ქუჩის ბურუსით მოსილი მომავალი.
- ეს არის D-610, მამიდაშვილმა ჩამომიტანა ბუდაპეშტიდან. პროვიზორების მაგიერ ბარიგები ჰყიდიან და ბევრი ევრო ღირს. ვიღაც გერმანელი ჩაინიკი მიაბათქაშეს დისკოტეკაზე და ორი ფლაკონი წაართვეს. მითხრა, ნეტარების ევერესტი თუ არა, კილიმანჯარო მაინც არისო.
- ვიცი, კილიმანჯარი მთაა... - ზაფრანა.
- მოკლედ, ბომბაა და საქართველოში სულ სამ კაცს აქვს აფეთქებული. განსხივოსნება უზენაესი ნეტარებაა, რისი შეცნობის ბედნიერებაც ყოველდღიურობით დამძიმებულ ადამიანს არასოდეს ექნება. მამიდაშვილი მიყვებოდა, ბუმბული გავხდი, მაგრამ პირამიდების დანგრევა შემეძლოო, წამი ვიყავი, მაგრამ მარადიულობა ოთხივე ნეკს მიკოცნიდაო, “ფერენცვაროში” ვიყავი, მაგრამ “იუვენტუსს” 5:0 ვუგებდიო... 
თვალებიდან ასეთი მასშტაბური ნერწყვდენა გიორგის ჯერ ნანახი არ ჰქონდა. 
- რა ანგარიშითო?
- 5:0.
- ჩვენი გზა მრუდეა, სამაგიეროდ პერსპექტივებია ნათელი! - როცა სტურუა დიადი მაოს ამ ოპტიმისტურ სენტენციას გააჟღერებდა, სამყაროც კი სიმძიმის ცენტრის შესაცვლელად უნდა შემზადებულიყო.
ქიმიკოსმა განსხივოსნებისაგან თავი შეიკავა, დანარჩენებმა კი “ფერენცვაროშის” განაწილების სამართლიან გზებზე არც თუ ხმადაბალი დისკუსია მოაწყვეს. ბოლოს ქაღალდის ოთხ ნაგლეჯზე სახელები ჩამოწერეს და დოქტორ გიოს ნეიტრალურ ხელს მიენდვნენ. 
სტურუა.
თავწითურა ზაფრანამ სახელწოდება იკითხა.
- D 610? რას ნიშნავს?
კითხვას არავინ უპასუხა, “ჰ” ხარისხის დეტალით დაინტერესება ჟიტომირზე არ სჩვეოდათ. რაც სჩვეოდათ, თვალის დახამხამებაში ჰქნა სტურუამ და ნეტარების ევერესტზე თუ არა, კილიმანჯაროზე ასასვლელად გაემზადა. საწყისი წუთების შესაფასებლად ეს რეპლიკაც კმაროდა -
- გიო, ციტრამონი დამალევიე?! არაფერს არ შობა!
- იზამს.
სტურუას ეზო არასტანდარტულად ჩაფიქრებულ რაღაცას წარმოადგენდა. მის ჩრდილო-დასავლეთ კვატრატებში სეირნობა დაბინდებისთანავე მკაცრად იკრძალებოდა. შარშან ზაფხულზე ფილოსოფოსმა აუზის გაკეთება აიჩემა და მიწის თხრას შეუდგა. თვენახევრიანი აუღელვებელი სამუშაობის შემდეგ საინჟინრო აზროვნების შედევრმა საეჭვო ორმოს ფორმა მიიღო, თუმცა მალევე გაირკვა, რომ აუზი საქართველოს მოხაზულობას იმეორებდა. ავტორს არც ისტორიულად ქართული მიწები დაავიწყდა, ყოველ მეზობელს დაათმობინა ზედმეტი კვადრატული კილომეტრები და აღადგინა სამშობლო ძველ ფარგლებში - ოვსეთიდან არგაწამდე, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ეგაა, ფსკერის მობეტონებას ვერ დაადგა თავი, ამიტომ წვიმის შემდეგ საქართველო სატალახოს ემგვანებოდა. პატრონის გადამკიდე ფილოსოფიურ მარგალიტებს ვერც სამზარეულო გადაურჩა. ერთ მშვენიერ შარშანწინანდელ დილას სტუარუამ თვალი გადაავლო ეზო-ქვეყანას და მასშტაბური იდეით დაუტვირთავი ადგილი აღმოაჩინა, რაც ჩვეული აუღელვებელი სამუშაობის შემდეგ სახლის კონტინენტური ნაწილიდან სამზარეულოს გამოყოფით დასრულდა. დაკარგულ მიწებს როგორც კი დავიბრუნებთ, ძველ განლაგებას მაშინვე აღვადგენო. ასეთ 2გინალურ წიაღსვლებში თეთრდებოდა ცოლის ოფლით გამოგზავნილი ვალუტა.
სტურუა სამზარეულოში საჭმელს არ ჭამდა, რადგან ტელევიზორი ზალაში იდგა. ვიდრე დეგუსტატორს განსხივოსნების მადლი შეეწეოდა, ფეხბურთის ყურება გადაწყდა. ზოგი ფერნანდო ტორესს ლოცავდა, ზოგიც აგინებდა და ისე გაერთნენ, სტურუას გასვლა ვერ შეამჩნიეს. ხუთ წუთში ის თითქმის დალაგებული თვალებით შემობრუნდა და მუსიკალური ცენტრი წაიღო. მართალია, ფილოსოფოსი ყოველგვარი ტრაექტორიის გარეშე მოძრაობდა, მაგრამ პენალტის სამართლიონობაზე მოდავე მეზობლების ყურადღება ვერც საეჭვო მანევრებით მიიქცია, ვერც თანამდევი ხმაურით. უსტურუობა შეიძლება შესვენებამდეც გაგრძელებულიყო, რომ არა “ამერიკელი იდიოტი”. სიმღერა დეციბალების ისეთი საბითუმო პარტიით შემოვარდა ზალაში, ერთხანობას სატელევიზიო კომენტატორიც დაიბნა. საშუალოსტატისტიკური პრჟევალსკის ცხენიც მიხვდებოდა, D-610-მა დაბომბვა დაიწყო.
ბიჭები ეზოში გამოცვივდნენ, საღამოს ოცი წუთი იქნებოდა. სამზარეულოში შესულთა თვალები შუბლზე კი არა, ჭერის ავლით სახურავზე ავარდა. აღტკინებული სტურუა ტემპერამენტული ტოროს სიშმაგით წრეზე დათხლიშინებდა და საბჭოთა ჰომნის პირველ სტროფს ყვიროდა. ეს მაშინ გაირკვა, როცა დიმაუშკამ მუსიკალური ცენტრი გამორთო. აკომპანიატორულმა კაზუსმა სოლისტი ვერ გატეხა, სამაგიეროდ სოლისტმა გატეხა - თუ რა და რამდენი, ექსპერტიზაც ვერ დაადგენდა. სტურუას ნატვინარის დეგენერაციამ თვით აქლემა დაშოკა, თუმცა მაჯაში აიკიდოს მაესტროს განსწავლულობით ჩააფრინდა. ფილოსოფოსის დაშოშმინებას დიდი ხვეწნა-მუდარა არ დასჭირვებია, პროფილაქტიკისთვის ერთი-ორჯერ შეიგინა და... დრო იკითხა. 
ყველას ეგონა, სტურუას ექვსვალენტიან ნატურაში ბუნტი ჩაცხრომის გზას დაადგებოდა. სინამდვილეში, მისი გამოხედვა  იმდენად ცისფერჩაფხუტიანი იყო, რამდენად უმწიკვლოც კურტიზანის რეპუტაცია. ნეტარების აბის ამთვისებელი ვითომ მიაძინეს და სახლებშიც დაიშალნენ, როცა ჟიტომირის ქუჩის მთვარე ველურმა ყიჟინამ გააპატიოსნა. საშუალოსტატისტიკური პრჟევალსკის ცხენიც მიხვდებოდა, D-610 დაბომბვას განაგრძობდა. მეორე დილით ზაფრანა მარიხუანას თესლის მზეს იფიცებდა, “მილანის” ტიფოზობა გოლს უფრო შეღავათიან ხმებში ზეიმობსო. 
ტაქტიკური მოსაზრებით საძინებელში მარტო “ა” შევიდა. კედელსაკრული სტურუა საწოლზე იდგა, სახე ჰქონდა, თითქოს კალისტრატოვიჩი ნახაო. ოხრადგამობრძმედილ აქლემას ამ დღემდე ეგონა, ვეღარაფერი გააკვირვებდა.
- აქლემა, მიშველეეეე!.. მიტევენ... სამი მხრიდან ალყა შემომარტყეს და მეოთხე გასაქცევად დამიტოვეს... მარა ხო იცი, სტურუა ვარ მე და არ გევიქცევი... ჩემი სახლიდან სტურუა არ გევიქცევი... - მერე შეშფოთებული ღაბუებით აწონა ოთახი და ოდნავ გასაგონი ხმით დაამატა - სა არიენ? 
სიაფანტური მეცნიერებების ნამდვილმა აკადემიკოსმა სიტუაციის მარგალიტები ცენზის შესაბამისად შეაფასა.
- ვინაა აქ? - უარესი ჩურჩულით შეეკითხა.
- ფუსტვანგეროიდები... ძაან ვებერთელა ფუსტვანგეროიდები... დედალი და მამალი...
ამ საშინელმა სიტყვამ მაშველი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. აქლემას ფუსტვანგეროიდი კი არა, კოკერსპანიელი არ ჰქონდა განაგონი, თუმცა ჭეშმარიტი ფუსტვანგეროიდმცოდნის სახე მაინც მიიღო.
- პუტვაგეროიდები? ო, მაგათი დედა... სა არიენ?
- ლოგინის ქვეშ შეძვრენ, გამრავლებას შობიენ. პატარა ფუსტვანგეროიდების დაყრა უნდათ, მარა ხო იცი, სტურუა ვარ მე და არ გავახურებიებ ჩემი ლოგინის ქვეშ... - სტურუას ნამდვილად არ გაემტყუნებოდა, ეს უკვე პრინციპის საქმე იყო. ექვსი წელია ფილოსოფოსს ცოლი ჰყავდა, მაგრამ ნანას მუცელი სიკოხტავეს ჯიუტად არ ჰკარგავდა. სტურუა მრავალი კალენდარული ღამის განმავლობაში ლოგინსზემოდან დემოგრაფიული პრობლემის შემსუბუქებას ამაოდ ცდილობდა და ამაყი მამრის მრწამსიდან გამომდინარე, ვერ დაუშვებდა, რომ... სადღაციდან მოთრეული ფუსტვანგეროიდები... ერთ ღამეში... თან ლოგინქვეშ... 
დედამიწის მასშტაბით ახლა და ოდესმე არსებული არცერთი მეცნიერება ფუსტვანგეროიდის ფენომენს არ იცნობდა. როგორც “ა”-მ ივარაუდა, ეს უნდა ყოფილიყო აფრიკული, ან თუნდაც მავრიტანიული ქვეწარმავლის მუტაციური სახესვაობა უდაბნოს ფერისა, იმ ცხოველის საშინელი თავით, რომელიც ერთხელ “დისკავერიზე” ნახა. მოკლედ, აქლემამ ძმაკაცი მისაღებში გამოაპარა, თვითონ კი პუტვაგეროიდების გასაძევებელი ოპერაცისათვის მოემზადა. სტურუამ სიცივე იგრძნო, თუმცა მალევე გადაავიწყდა. საძინებელში “საბრძოლო მოქმედებები” საწოლის გამოწევის ხმით დაიწყო, რასაც არანორმატიული ლექსიკით დამარილებული შაირები მოჰყვა კოჭლ ზურაბასა და იური გაგარინზე. პატრონი ბათქან-ლუწუნით ხვდებოდა, როდის ესროლეს სკამი კედელს, ბალიში - კარს, როდის ჩამოდღლიზეს ფარდები. აქლემას არც ხმოვანი ეფექტები გამორჩენია, ხრიალს, ხროტინს და ბრდღვიალს განმათავისუფლებელი არმიის შეძახილები ახლდა. იყო ეპიზოდი, გარუტუნებულ სტურუასაც კი ეჭვისმაგვარი შეეპარა - ბრძოლის ეშხში შეჭრილმა საწყისმა ასომ ალყის შემორტყმის ბრძანება გასცა. ალბათ, თავის თავს ამხნევებს და იმათ აბნევსო... ერთი ჯარისკაცის თეატრი სულ რამოდენიმე წუთს გაგრძელდა. ბოლოს აქლემამ ოპერაციის წარმატებით დასრულება უპატაკა და იქ დაძინება ახდენილ ოცნებად გამოაცხადა. მთელი ღამე სტურუას ფერად სიზმრებს მთვლემარე ზაფრანა დარაჯობდა. 
დილით ნანას ქმარი ჰიპოპოტამის მოხერხებულობით წამოიზლაზნა და ნაწვიმარზე ფეხშილიფა ტანტალს მოჰყვა. თანდათან ხვდებოდა, რას გრძნობს ადამიანი, როცა ტვინი შიგნიდან ეფხანება. ესე იგი, ტვინი მაქვს - დაასკვნა ფილოსოფიურად. მერე მის გამოყენებასაც შეეცადა, ოღონდ თავის ტვინის ის უბანი, რომელიც მეხსიერებას ზედამხედველობდა ან გამორთული იყო, ან მომსახურეობის ზონიდან გასული. 
აუზი კვირაში ერთხელ სუფთავდებოდა. ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოსი უთეთრესი შურით შურდა სახლს. ჩაიხედა სტურუამ და... სმისლოვი აღმოაჩინა. მეზობლის ჯარის მეგობარი სმისლოვი თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა საქართველოში. ისე ყარდა არყით, სტურუას ცხვირი კინაღამ მოძვრა. მზის სხივმა ნასალდათარს გვერდზე გადატრიალება აიძულა. გორაობდა სმისლოვი ტალახში და ნაკლებად სავარაუდოა, რუსული აბანო ესიზმრებოდა. სტურუა არ დარდობდა, როგორ მოხვდა ის კაცი იქ, მთავარია, რა ხდებოდა ახლა. ეგზოტიკურმა სანახაობამ ხასი10 გამოუკეთა გამოდეექვსასათებულს. მორალისტი სიდედრის პოზა მიიღო - მოიდოინჯა - და სმისლოვს, როგორც ფხიზელს, დაუწყო ლაპარაკი:
- მისმინე, არ იფიქრო, მანდ შენი ყოფნა არ მსიამოვნებდეს, მაგრამ დღეს გრაფიკით დასუფთავება მიწევს. ჩემი არ იყოს, მზისჭყიტინს ვერ იტან... რა გიყო? - ამ რიტორიკულ შეკითხვაზე…დიდი მოჭადრაკის მოგვარეს გენეტიკური კოლაფსი დაემართა, მარჯვენა ხელი ასწია, ცერა და საჩვენებელი თითებით რგოლი შეკრა და მაღლამდგომს თვალგაუხელავად აუხროტინა:
- Дато, за тебя…
სტურუას არ ახსოვდა, როდის დაუძახეს ბოლოს სახელი, ცოლიც კი გვარით მიმართავდა. ერთმა ჩინგაჩკუკმა გულწრფელად უთხრა, მეგონა, სტურუა გერქვაო. დათო ცოცხალი რუსების პატივისცემაში არასოდეს იყო ეჭვმიტანილი... და თუ ეს ცოცხალი რუსი შენს აუზში წევს? სმისლოვის ცა უკანმოუხედავად ღრუბლიანდებოდა, მაგრამ სახელის ერთმა დაძახებამ მზე ტყვეობიდან იხსნა. 
მუხლის ტკივილმა სმისლოვი ერთ საათში გააღვიძა, თუმცა ამის მისახვედრად კიდევ ერთი საათი დასჭირდა. ახსოვდა, როგორ სვამდნენ კარალიოკის ქვეშ, მეტ-ნაკლებად ახსოვდა, როგორ სვამდნენ ბლის ქვეშ. ორმოში არ სვამდნენ. თუ სვამდნენ? ხის კიბე დაინახა. პენსიონერი ეიფელის კოშკზე უფრო  სწრაფად ავიდოდა. დუღილის ტემპერატურას  სმისლოვის ჭკუის კოლოფმა ამოორმოების შემდეგ მიაღწია, როცა იქვე არყით სავსე ჭიქა აღმოაჩინა მჟავე კიტრით გადაფანტელებულ თეფშზე.

*
პროფესორი ოთხოზორია ყურადღებით კითხულობდა დოქტორ გიოს მოხსენებას. 
- რა უკუჩვენება შეინიშნებოდა ცდისპირზე?
- მსუბუქი აღგზნებადობა მალე გადავიდა რეალობის ეიფორიულ აღქმაში. ბატონო კარლო, დასკვნაში ყველაფერი აღწერილია, უბრალოდ, ერთი მინდა აღვნიშნო, ჰალუცინოგენური ზემოქმედება პროგნოზირებადზე ერთი-ორჯერ მაღალია.
- ეგ ადვილი დასარეგულირებელია. სახელი რაღას ნიშნავს, D 610?
- ეს შემქმნელის ინიციალებია. “D” “დოქტორს” ნიშნავს, “610” კიდე შეძლებისდაგვარად იმეორებს ჩემი სახელის სამ საწყის ასოს – GIO.
- ორიგინალურია, დოქტორ გიო. – ოთხოზორიას ისე გაეღიმა, სტუდენტმა ოთხივე კბილის მონიტორინგი მოახერხა  - ცდისპირი როგორ გრძნობს თავს?
- უკვე კარგადაა... 
- კურდღელი ხომ?
- დიახ, ჩემი მეზობელ სტურუას კურდღელი. ჩემს ექსპერიმენტს მთელი უბანი თვალყურს ადევნებდა.
- ძალიან კარგი, კოლეგა გიო. დღეიდან, თქვენი ასე მოხსენიება, თამამად შეიძლება.

*
საღამოს აუზთან სუფრა გაიშალა. თამადამ სმისლოვს თავისი კარ-მიდამოს სიმბოლური წიაღსვლები და თეთრ დათვებზე დაწერილი იგავი მოუყვა. მორალი ახლაც ვერავინ გაიგო. არც ზაფრანას უკითხავს, რატომ აფეთქდნენ ძროხები გუშინდელ იგავში, რადგან... ცოტა ხნით ადრე გიორგიმ დაურეკა:
- ზაფრანჩიკ, ეს ოდნავ სუსტი, მარა მაინც ველური წამალია. ერთი აბი ვნახე, შემთხვევით, რუგზაკში და გული რო არ დაგწყდეს, შენ გეუბნები მარტო... სახში გელოდები, მალე...  ეს პრეპარატიც 610-ანების ოჯახიდანაა, K-610… 

გიორგი - სტუდენტი-ქიმიკოსი. ახალი სამეცნიერო მეტსახელი - “კოლეგა გიო”.  უყვარს მეზობლები და ქიმია. ქიმია - უფრო.