ტოტიდან ტოტზე გადაფრინდა ჩიტი ღაბუა,
თოვს და ბავშვების ჟრიამული ეზოს ალაღებს.
წითელი ვედროს ქუდში სცივა თოვლის ბაბუას,
ქარი უწეწავს (უნამუსო!) ულვაშ-ბალახებს.
მე კი ოცი წლით გადავწიე ქორონიკონი
და ღელის ჭინკებს გამოვტაცე ჩემი ბუჭულა,
და მის ღიღინში მეწერება პირველსტრიქონი.
(ბორბლის ხმა აფრთხობს კოდის ღართან ყვითელ ჭუჭულებს)
და თოვლზე დავწერ პირველ რითმას, ღელის წისქვილთან;
დაათოვს_ ფრთხილად გადამიშლის დღიურს უფალი,
რომ ცხოვრებაში არაფერი აღარ მიკვირდეს,
რომ ყველა სკიპტრა და გვირგვინი იყოს უბრალო...
სუსტ, ბავშვურ მხრებზე დარდის ღერღილს ფრთხილად ვიკიდებ,
ტოტიდან ტოტზე გადარბიან შიშის ციყვები.
გასავლელი მაქვს (გუმანით ვგრძნობ) ბევრი ცის კიდე
და მომავლისკენ გაუკვალავ ბილიკს მივყვები.