დღეს სხვანაირი ფერი აქვს ფერდობს,
ნისლიან ფერდობს, დეკემბრის ნისლით.
დღეს სხვანაირად ძნელია, მენდო
ცივ გვამშიც როცა ვენებს ღრღნის სისხლი.
დღეს სხვანაირად ძნელია, გწამდეს
და სვეტიცხოვლის სიმშვიდე გეცვას.
დღეს სხვანაირი გზებია ცამდე_
უფრო შორსაა შვიდივე ზეცა.
დღეს სხვანაირად ბეღურებს ცივათ
და აივნებზე კენკავენ სითბოს.
დღეს ნატვრებს: საბნად გვეხუროს თივა,
შვილებში ბიჭი მესამე იყოს_
უცქერენ უნდო ღიმილით, ეჭვით,
ზურგსუკან ცლიან ქირქილის ქოთნებს.
და ისევ ჩემი მტკივანი ბეჭით
და დედაჩემის ჩემს ბეჭზე მოთქმით
მოვდივარ... მომდევს ორღობე, შარა.
ღობისძირს მოსდევს ფინია ყეფით.
და ბეჭებს_ დედის გაკრული შალი,
და შარის ბოლოს_ ნაცნობი გლეხი...
სხვა სუსხი მოაქვს დეკემბრის ავდრებს,
როცა ასეთი ძნელია, მენდო.
და ვდგავარ, როგორც გამწყდარი კადრი
და მარტოობის ფერი აქვს ფერდობს.