ხელოვნება უთუოდ არის ერთ-ერთი სახე რელიგიის, კავშირის. იგი არის საკრალული კავშირი საგნებთან, მსოფლიოს მატერიალურ ფორმებთან”. თანამედროვე ხელოვნების უკიდურესი ფრთა ჰკარგავს ამ საკრალური ერთობის გრძნობას; საგანი, ნივთი თავისთავად, აქ იქცა ასტრალურ მირაჟად; მის ნაცვლად რჩება გეომეტრიული პროექცია, სივრცისა და დროის დაშლილი ფორმა. ეს კი არის უარყოფა ხელოვნების როგორც ასეთის.
აქედან პაროლი:
”მისტიური კონტრაქტი ხელოვანსა და ნივთებს შორის უნდა განახლდეს. ხელოვნება, როგორც საკრალური კავშირი საგნებთან, ბუნების მატერიალურ ფორმებთან, შეუძლებელია დაირღვეს დედა მიწა არასდროს არ ანელებს სიყვარულს”.
ამ დეკლარაციაში მოცემულია ერთგვარი ზღვარდება თანადროულ ლიტერატურულ შეცნობაში. აქ არის მონახული ფორმულა: სწორი და მართალი.
ზედმეტი არ იქნება რკალის გახსნა.
თანადროულ შეცნობაში გზნება მსოფლიოს დაშლის. ძველი რასსა კვდება, იბადება ახალი ნივთები იშლებიან და საგნები გვევლინებიან მობრუნებული პაროლით: ”мир с конца” ბოდლერის ”ავი ყვავილები” პოეტური თაურია ასეთი გზნების. მისთვის არის ეს უდიდესი პოეტი საშინელი უცნაურობით და თანვე მიმზიდველი მსოფლიოს ახალი სურნელებით. თუ მსოფლიო დაშლის პროცესშია, ცხადია თავისთავად, რომ ყოველი მისი ელემენტი მთელობას დაიჩემებს. აქედან:Lრემბო და მისი მსოფლიო როგორც ოკიანისებრი ცხოველი, რომელშიაც ელემენტები მთელობენ და თვითონ ”მთელი” კი არსად სჩანს. ქვეყანა იღუპება და კვდებიან საგნები. აქედან: ლაფორგ და მისი მძაფრი ირონია განწირულ ნივთისადმი. თანვე: მისი ”სამგლოვიარო მარში მიწის გარდაცვალებაზე”.
ხელოვნება არის ენტელეხია, რომელიც თავისებურ ჰქმნის თვითონ მსოფლიოს. თუ ეს ასეა, მაშ როგორ მოხდა, რომ ხსენებული პოეტები ”აყვენ” მსოფლიოს დაშლას და თითქო პილატისებურ განზე დგომით შეხვდნენ მას?! აქ თავს ჰყოფს მეტად საცნაური მოვლენა. არა თუ მსოფლიო, თვითონ მატერიაც მონაწილეა ქმნადის. აქ არის გამართლება ”დემონურის”. როცა ალერსანდრე მაკედონელი იურვებს ბუცეფალს, ეს არ ნიშნავს მარტო იმას, რომ უკანასკნელი მხოლოდ ”ემორჩილება” მძლეველ მხედარს. პირიქით: იგი მიმღებია უკანასკნელად ვაჟური ენერგიის: მეორის მხრით, ეს არც მარტო იმას ნიშნავს, რომ დიდი მაკედონელი ”ანარცხებს” ბუცეფალს. პირიქით: იგი დაურვებულ ცხენს სადავეს მოშვებით აძლევს თავისუფლებას და თვითონ თითქო შეზდილი გაჰყვება მის ველურ გავარდნას. აქ არის მოცემული უსასტიკესი წონასწორობა. ხელოვნების გეზი ამ წონასწორობაშია. იმარჯვებს მარტო მხედარი, როცა მას ცხენი მხოლოდ ”ემორჩილება”. _ გვაქვს მომენტი მარტო ”ასკეტური”. იმარჯვებს მარტო ცხენი, როცა მის ნავარდს მხედარი სრულიად ”გადაჰყვება”, _ გვაქვს მომენტი მარტო დემონური.
ბოდლერში რემბოში და ლაფორგში არის არა მარტო დემონური მომენტი, არამედ მომენტი ასკეტურიც (თუმცა პირველი უფრო ძლიერია მათში, ვიდრე მეორე). გაიხსენეთ ბოდლერის კათოლიკური ხაზი, რემბოს ლოცვები და ლაფორგის ატირება, დემონური მომენტი შემდეგ უფრო გამახვილდა: პიკასოსა და ჩურლიონისის მხატვრობა, სკრიაბინის მუსიკა და ანდრეი ბელის სიტყვა. ფუტურისტები ”გადაჰყვენ” მარტო დემონებს. ტკბილია თრობა უკანასკნელით და ძვირად თუ ვინმე არ გადაყვება მას.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში არის მხოლოდ სიმბოლისტური პოეზია. სხვა პოეზია ამ ხანაში ”ბიბლიოგრაფიულადაც” არ მართლდება. საცნაურია მეტად, რომ სიმბოლისტურ პოეზიაში გოეტჰეს სიტყვა იქმნა თაურად მიღებული: ”ყოველი წარმავალი სიმბოლოა მხოლოდ” (იგულისხმება ”წარუვალის”). ნივთების დაშლა ამ შემთხვევაში უკეთესს ფორმულას ვერ მონახავდა. ნივთი იშლება მაგრამ იგია ნიშანი (სიმბოლო): წარუვალის, მარადიულის თავისთავად ეს ფორმულა სწორია. მხოლოდ მას გახსნა სჭირდება ორის მხრით. პირველი მხარე არის ფილოსოფიური. მართალია, რომ ყოველი წარმავალი სიმბოლოა მხოლოდ წარუვალის, მაგრამ თანვე ისიც მართალია, რომ თვითონ წარუვალი მხოლოდ წარმავალში ვლინდება: უკანასკნელი კონკრეტი მომენტია პირველის. აქედან: დაფასება წარმავალისაც. მეორე მხარე ქმედითს სფეროშია: ყოველი ნივთი სიმბოლოა, მაგრამ სიმბოლოს სხეულება მხოლოდ ნივთში ხდება, აქედან: სიყვარული ნივთსაც. ”წმინდა” სიმბოლისტებს არ ჰქონიათ არც სათანადო დაფასება წარმავალის და არც სათანადო სიყვარული ნივთის. მათს ქმნილში სიმბოლო განსხეულდა, მაგრამ სხეულების დროს ნივთი გაჰქრა (რასაკვირველია, გამონაკლისი აქაც იყო).
ცხადია: ჩვენ ასეთს სიმბოლიზმს ვერ მივიღებდით. აქედან: ერთგვარი რეაქცია. ამ ორი წლის წინად მე უკვე განვიცადე ეს. ჩემთვის პირადათ მისაღებია მხოლოდ შემდეგი ფორმულა: ისე უნდა ამოსწურო ნივთი, რომ იგი ფანტასმად (თუ გინდ სიმბოლოდ) იქცეს, მაგალითი:
დოსტოევსკის ხელოვნება: აქ ყოველი საგანი ყველაზე ”უნივთესია” და თანვე ყოველი ნივთი ყველაზე ფანტასტიური. თვითონ ”ამოწურვა”. სიტყვა _ ” სახელში”, რომელიც ასტრალურ დაღად დაესმის საგანს. შეიქმნა პიეზია, როგორც ერთგვარი მაგია. რამდენად წარუშლელი იქნება ეს დაღი, იმდენად გამძლე იქნება ქმნილი. გაცივდება დაღი და გათავდება ქმნილი.
თქმულიდან ნათლად სჩანს, თუ რაოდენ ხვდება ჩემი გაგება ხელოვნების პავლე ინგოროყვას გაგებას: ”საკრალული კავშირი საგნებთან”. დეტალების სხვაობა აუცილებელიც არის.
ჩემი წერილი არ არის წმინდა თეორიული. უნდა ავღნიშნო, რომ პავლე ინგოროყვას სახელით ახალ მწერლობის რიგში სდგას ერთი მეტად მძლავრი ტალანტი, რასსიულად არიული (-”ინგოროყო” ჩრდილოეთ კავკასიიდან) იგი არიულ სიწმინდეს შეიტანს ჩვენს ლიტერატურაში. ფილოლოგოსი, ისტორიკოსი, კრიტიკოსი _ იგი, როგორც ვიაჩესლავ ივანოვ, უეცრად თავდამტკიცებულ პოეტად შემოჭრება ქართულს პოეზიაში. მე ეს მწამს.
მინდა შევეხო ვალერიან გაფრინდაშვილის წერილს. ”საკრალული კავშირი საგნებთან” _ ინგოროყვას ამ ფორმულას უახლოვდება გაფრინდაშვილის სიტყვა ”მიწასთან დაბრუნმება”. თუმცა ვალერიანი ამ დაბრუნებას ”შემთხვევითს” უწოდებს, მაგრამ თქმულიც ადასტურებს, რომ იგი არც ისე შემთხვევითია. აქ არის ქვეშეცნეული პროცესი.
მისი სიტყვით დამწყებნი ამ ”რეაქციის” იყვენ: პაოლო იაშვილი (”წერილი დედას”) და გრიგოლ რობაქიძე (”ვასაკა” და ”აქლემი”). ეს მართალია უთუოდ, მაგრამ სწორი არ არის, თუ ამას ჩემი ”ლინდაც” არ მივუმატეთ, რომელიც თავიდან ბილომდე ”ერთგულებაა მიწის”,რომლის წიაღში მზის გახელებით ირრაციონალია გადავარდნილი.
ქვემოთთქმული _ მხოლოდ ”მიწასთან დაბრუნების” ნიშნით. პიოლო იაშვილი ბოლომდე ქართული რასსის ტემპერამენტია _ მასში იცეცხლება გზნება გამოწვევის და ნება ძლევის. ტყვილად არ ვუწოდე მე მას (სონეტში ”პაოლო იაშვილს”) ”დაჭრილი კენტავრი”. მზე მას ისე აწვალებს, როგორც არც ერთს პოეტს. ბალმონტის მიმართ დაპირისპირება მისი ამ მხრით ოდნავადაც ვერ გახრის მას. ჩემთვის პაოლო იაშვილის მზე უფრო კონკრეტულია და ტემპერამენტური (”ფარშავანგები ქალაქში” და ”წითელი ხარი”). აქ მინდა ერთი პარალელი ვახსენო: პაოლო იაშვილის მზე და ჩემი მზე: მზე მეც მაწვალებს (”პან” ”დიდი შუადღე”, ”ვასაკა”, ”ლონდა”, ”მისტერია მზის”: საგულისხმოა, რომ უკანასკნელმა ჩემი მეგობრების მხითაც შუმჩვენლად ჩაიარა). აქ არის სხვადასხვა აპერცეპცია. ალბათ ამის შესახებ იტყვის ვინმე. თუ ამ შემთხვევაში ვინმეს სურს ჩემი აზრი გაიგოს, მე ვიტყვი მოჭრით: პაოლო იაშვილის მზე ”სანახაობაა” უფრო, ჩემი მზე კი უფრო ”ცხოველი”. პაოლო იაშვილი ინტუიტივიტია ნამდვილი; ძვირად გაიფიქრებს ისეთს რამეს, რომ იგი წამსავე არ მიხვდეს. მას აქვს აბსოლუტური გზნება ლექსის როგორც ასეთის: მის გემოზე შეგიძლია გადასჭრა ლექსის სისწორე თუ სინამდვილე. მზის პასსაჟებს მან ამ ბოლო დროს უტია. არ ვიცი _ რად?! ეტანება უფრო დარბილებული სულის ლირიულ ცხადებას. მისი ”წერილი დედასთან” შედევრია უკანასკნელი სიყვარულით და წინაგრძნობით. აქ მართლა არის დაბრუნება მიწასთან როგორც ”დედასთან”. ამავე რკალში მიდის მისი ”ტანიტ ტაბიძეს”. თუმცა შიგადაშიგ შედიან სხვა ხაზებიც (ალბათ იმის გამო, რომ ტანიტ ტიციან ტაბიძის შვილია). უკანასკნელი მისი ლექსი ამ რკალის არის ”ლილი მეუნარგიას”, ეს ლექსი ჩემთვის ყველგან და ყოველთვის უნაზესი დარჩება სათუთი მიახლოებით სიკვდილთან:
”პატარა ბალიშს დაეცა ცრემლი,
პატარა ფილტვებს მიეპარა ჭლექი და ხველა”...
”ცრემლის” პოეტური გამართლება მე უკეთესი არ მინახავს.
”ჩამოწყდი როგორც ყვავილი ტყემლის” _
აქ არის კლასიკური უბრალოება და მიწის სიმართლე.
”ასე მგონია ფუტკარის გუნდი
დაესეოდა შენს მკვდარ სხეულს,
ტკბილ სხეულს, ლილი”.
ძვირფასი პირის ”სიტკბილე” ამაზე შორს ვერ წავა, შეუძლებელია, რომ ამ ლექსმა არ აგატიროს.
ასეთია პაოლო იაშვილი. უსიყვარულობა იქნებოდა, რომ აქვე მისი ”მტერი” არ ამენიშნა: ეს არის მისი ”სიადვილე”.პაოლო იაშვილი ხშირად ენდობა მას უკანასკნელად. სიადვილე საცდურია: თუ მას თანვე განზე დადგომა არ აქვს პირისპირ და სასტიკი ანალიზი, შესაძლოა მოღალატეთაც მოგევლინოს იგი.
მიწასთან დაბრუნება ალბათ ტიციან ტაბიძისთვის არის საძნელო. მიუხედავად იმისა, რომ მან საქართველო ცხელ ქალდედან გამოიყვანა. არც ერთ ქართველ პოეტში არ მხილებულა ისე დეკადანსი როგორც მასში: დეკადანსი ფრანგრბის ლათინური გენიის გაგებით _ ”დემონური” ელემენტი ძლიერია მასში. ამ მხრით მას თანატოლი ჰყავს ვალერიან გაფრინდაშვილი. მისთვის უფრო საგულისხმოა მისი უკანასკნელი დიდი ლექსი. აქაც მინდა ერთი პარალელი ავნიშნო. ტიციანი ლექსში თითქმის იგივე მთავარი გმირია, რაიც არის ჩემს ”ტფილისის ხერხემალში”. თუ ჩვენ ერთიმეორეს შევადარებთ ”მიწის” მიღებაში, ტიციან ტაბიძე გამოვა როგორც არმიმღები (გავიხსენოთ მისი ”გომბეშო”), მე კი როგორც მიმღები (გავიხსენოთ ჩემი ”ვასაკა”). ხდება საცნაური: ზემოაღნიშნულ თემის გახსნაში კი ტიციანი გამოვიდა მიმღები უკანასკნელი დაწურვით, მე კი ამხედრებული და შემტევი. შემტევი არა იმისათვის, რომის გმირი მე არ მიყვარდეს, არამედ მისთვის, რომ იგი მისტიურად უძლური მეჩვენება. შესაძლოა ამითაც აიხსნებოდეს, რომ ამ ლექსის დაბეჭვდა მეშინია.
დავუბრუნდეთ ისევ ტიციანის ლექსს. აქ მოკლულია ლამაზი ქალწული _ რითმა. არც მისი დობილის ხსენებაა _ ასსონანსის. ეს არის პირველი თავგამეტებითი გაბედულობა. ლექსი საერთოდ ირრაციონალის ტორტმანია. იგი ტონაწეული სიტყვაა: ყოველ შემთხვევაში _ განზე გაწეული. რითმა ხშირად ამ ირრაციონალის როლს თამაშობს. მიუხედავად ამისა ტიციანის ლექსი მოვარდნილი ირრაციონალია. ტიციან ტაბიძეში სჭარბობს მხოლოდ აბსოლუტური პოეტური იდეა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა კოლორს (როგორც პაოლი იაშვილისათვის), არც რიტმს (როგორც ჩემთვის), არც კოლორსა და რიტმს ერთად (როგორც ვალერიან გაფრინდაშვილისათვის). მისთვის ყველაფერი არის ტიტველი პოეტური აზრი. ამისათვისაა რომ იგი ფართო მასებისათვის მიუღებელია. ყველაზე მეტად მას პოეტები იღებენ. ეს კი ყველაზე უფრო სასურველია პოეტისათვის. ხსენებულ ლექსშიც იგი ასეთია. იგი აქ ესსენციებს ასხურებს მხოლოდ: და თან: ყველგან კონკრეტული ხაზებით. აქ მოსჩანს ანდრეი ბელლის ფოსფორიული განათება ასტრალურ სხეულების. ეს პარალელიზმია უფრო ვიდრე გავლენა. გავლენას მე უფრო ლოტრეამონისას ვხედავ _ და ისიც: მხოლოდ პოეტურ განსხეულებაში. ტიციანი აქ ლოტრეამონსავით საგნებს თუ მოვლენებს ერთიმეორესთან ალაგებს ცალკეულ: ყველგან მარტო სუბიექტი და თითქოს არსად პრედიკატი. კიდევ უფრო უცნაური: სუბიექტებს შორის ხილული სიცალიერე: ”მეწამული ზღვა. მთვრალი ხომალდები. სიდონის მატროსები. ზღვა ქარავნების. ქალდეას ოქრო”. ხოლო ეს საგნები თუ მოვლენები ესეთი ოსტატობით არიან ერთიმეორეს გვერდით აწყობილნი, რომ პოეტური მკითხველი მაშინვე იგრძნობს მათ შორის გაბმულ უხილავ გრეხილს. ასეთია ამ ლექსში გამწევი შთაგონება პოეტის. მთელი ლექსი ასტრალური ღვედებია: მხოლოდ დაჭრილი. აქ არის თავის გამმართლებელი ძალა. მაგრამ საერთოდ აქ საცთურიც იმალება: ჰიეროგლიფის. ყოველ შემთხვევაში ეს ლექსი უდიდესი ძლევაა თითქო განზრახ ამართულ სიძნელეთა. ამ ლექსზე კიდევ ბევრს იტყვიან. ალბათ იქნება ცილობაც.
ვალერიან გაფრინდაშვილისთვისაც ძნელია მიწასთან დაბრუნება. თუმცა მიწის სურნელება იყო მის ლექსებში (”წითელი ბატონები”, ლექსი შეწირული მიცვლილ ძმისადმი). ვალერიან გაფრინდაშვილი ფანტასმის პოეტია. ამისათვისაა, რომ მის ქმნილში უმეტეს წილ პერსონაჟებია. მან პირველმა მოგვცა სახელების მაგია. იგი ამტკიცებს საკუთარ პოეტიკას: თუ კი ვარდი, შეიძლება იყოს პოეტური ხატი, რად არ შეიძლება იყოს ასეთი ხატი ოფელია მაგალითად _ აი მთავარი ხვეული ამ პოეტიკის. პოეტური აპერცეპცია მისი არის ორეულობა საგანის თუ მოვლენის. ესეც ფანტასმის მთავარი გზა. შესაძლოა მისი მისტიკა ძირში სხვადყოფის ძიება იყოს. აქედან ხაზი: სხვადყოფა-ორეული-ფანტასმა. ამ საშინელს გადავარდნაში აბსტრაქცია გიცდის როგორც საცთური. ვალერიანიც ბევრჯერ ცთუნებულა. მაგრამ მან გამარჯვებაც დიდი იცის. ერთი მძლაცრი გამარჯვება მისი ”ივანე მაჩაბელია”. აქ უკვე სჩანს დედა-მიწასთან დაბრუნება. შესაძლოა მისთვის არის ეს ლექსი ასე კონკრეტული გულსახვედრი.
”ის ყოველღამე ვერის კიბეზე
მომელოდება ვით ორეული.
ის არის ლანდი უღარიბესი
ფიროსმანებრივ ჩამოხეული.”
ვერის კიბე უკვე ფანტასტიური გახდა ვალერიან გაფრინდაშვილის შემოქმედებაში. ფიროსმანის ლანდი თავისთავად მეტყველებს: ამ მათხოვარის და ნიადაგ ვიზიონერის. მაჩაბელის ასეთი ლანდათ ხილვა ვერის კიბეზე უკვე დიდი ინტუიციაა.
”დეზერტირკაზე ჰყიდის სურათებს
ნახევრად გიჟი, მუნჯი, მშიერი.
ის თავის მკვლელებს დაუყურადებს.
და გაექცევა მათ-კადნიერი”.
მაჩაბელი დეზერტიკაზე _ ეს ჩემთვის უმძაფრესი ხილვაა რაინდისა და საწყალის. შემდეგ: თავის მკვლელების ”დაყურადება” და გაქცევა _ ეს უკანასკნელი ხაზია სინამდვილის: როცა გიჟი და განწირული შენც გიხმობს თითქო, მაგრამ მიუახლოვდები თუ არა, იგი გაგირბის დაფეთებული.
”ტრამვაის მოსვლას ჩვენ ერთად ვუცდით” _
აქ არის ჰოფმანის ფანტასტიკა ყოველდღიური სინამდვილის.
და მაჩაბელი (ასე მგონია)
ხიდიდან წყალში გადავარდება”.
თავის მკვლელობის პასსაჟი აქ ბრუნდება უკანასკნელი ატეხით როგორც სიმფონიაში, _ რომ უეცრად ბოლოში მოსკდეს ზღვარგადასული შურისძიება თუ სისხლის აღება:
”უკვე დაინგრა ბედითი გორი.
დგებიან მკვდრები საყვირის ხმაზე.
და მაჩაბელი _ მხნე კამანდორი _
ტფილისზე მოდის, ვით სააკაძე”.
ეს ლექსი ჩემი დიდი სიხარულია.
2.
კოლლაუ ნადირაძემ დაიწყო დეკადანსით. ძნელია თანადროულობაში ამის აცილება. მეცხრამეტე საუკუნის პოეზიაში ნამდვილი ყვავილი დეკადანსის სურნელებას იძლევა. ”ავზნიანი ქალაქი” _ ეს სათაური ერთი ლექსის ფორმალურად გაირკალა ავტორის შთაგონებაში. მან განიცადა სხვების გავლენა, მეგობართა გავლენაც. მაგრამ იგი მაინც ”განზე” დარჩა თავისებური. კოლლაუ ნადირაძემ როგორც ”განზე მდგომმა” იცის უეცარი გადახვევა პოეტური პასსაჟების დენაში. თანვე: ყოველი მისი ხვეული არის მძაფრი სენსუალურობით. და მაინც: ჩემთვის იგი უფრო გულისმიერია როგორც ”დაბრუნებული მიწასთან”. მისი ”პატრიოტული ეკლოგა” შედევრი არის როგორც ლირიზმით ისე წინაღგზნებით. მისი ”ოცნება საქართველოზე” უძვირფასესი ოფორტია პრიმიტივის:
”დავიწყებილი ძველი ფონები;
შავი კედლები დიდი ციხეების
ჩვენი დიდება მოსაგონები;
და ფართო ჩრდილი ცაცხვის ხეების
შედიხარ ჩუმად. გრილი ტაძარი...
მოთაფლისფერო სახე მამების,
და საცეცხლურში ცოტა ნაცარი;
და შავი ხატი წმინდა სამების.
ნიშანი ბედის _ კარზე ნადები.
სახურავები დახავსებული.
და ხვთის მშობელის მოგრძო თვალები;
უმანკო სევდით ამოვსებული.”
გიორგი ლეონიძეს არ ეჭირვება მიწასთან დაბრუნება: იგი თვითონ არის ”მიწა”. მის პოეზიაში უთუოდ არის ვაჟა-ფშაველას თესლი. ძვირია ასეთი სინოყიერე და სიუხვე. ”მიწა” მისთვის სხეულია ნამდვილი და ამისთვის ”სისხლიანი”. ეს ”სისხლიანობა” ისე ღვივის მის ლექსში, რომ ხანდახან იგი პირდაპირ ყასაბი მგონია პოეტური ხატების. მისი ”ავტოპორტრეტი” ერთი მაგარი მედალიონთაგანია მიწის ტანის ატეხილობის. ”ავდიდდი როგორც გავასქელი ჩვენი იორი”, _ ამბობს იგი ერთს გაბედულს ლექსში. ”სდგას როგორც სისხლის ტაბასტაში დამსკდარი საშო”. ეს მზეზეა ნათქვამი. ამ თქმამ ბევრი გაახელა. მე კი ვიტყვი თამამად: ეს უძლიერესი განცდაა სისხლიანი მზის. გიორგი ლეონიძე კიდევ ბევრს იტყვის ასეთს.
რა ვთქვა შალვა აფხაიძის მიწასთან დაბრუნებაზე?: იგი ჰეკატას პოეტია ნისლიანი. თუ ”მთვარეს” მივიღებთ უბრალოდ, მაშინ ცხადია შალვა აფხაიძე მიწასთან ვერ იქნება ახლო. მაგრამ მთვარე კოსმიურად სხვა არის: არის იდუმალი კავშირი მიწასა და მის შორის. მიწა როგორც დედა, როგორც ქალი, რომელიც კოსმიურად გრძნობს მთვარეს, შალვა აფხაიძისათვის მთვარე სწორედ ასეთია. შესაძლოა, ამით აიხსნებოდეს, რომ მოტივი მთვარის მადონნას თემაზეა გახსნილი. (აქ იგი ლაფორდის გავლენის ქვეშ იმყოფება). ამ რკალში ორი ლექსია მისი შესანიშნავი: ”მისტიური დიალოგი” და ”ღამის პეიზაჟი”. ”ასე მგონია გადაესხა თითქო ქეძაფი”. ამას ამბობს იგი ანთება მოკიდებულ მთვარეზე. სახე სასტიკი და მძაფრი. შემდეგ: ”ებრძვის ობობა საოცარი და ჭორფლიანი” (გაიხსენეთ ნიცშეს მთვარის შუქში აწვალებდა ობობა). ეს სახე დაუვიწყარია. კიდევ უფრო სენსუალურია სახეები ”ღამის პეიზაჟის”. ”მოყვება საწყალს ლოკოკინა ვერცხლის ნახველით” _ მთვარეს. ეს თქმა შინაგანი ექსპრესიისა და კოლორის სურნელით პირდაპირ კლასიკურია. ”ლოკოკინა” და ”ვერცხლი” შემდეგ სტრიქონში სხვა ხვეულს იწვევენ: ”გზა მოვერცხლილი სინესტისგან (ლოკოკინა ნესტიანია) ისევ სივდება”. აქ არის შალვა აფხაიძე ძლიერი და ქართულ პოეზიაში განუმეორებელი. ლაფორგის გავლენა სხვა მხრითაც არის: ირონია. პირველი შეყვარებული უკანასკნელის ქართულ პოეზიაში ტიციან ტაბიძეა. ხოლო უნდა ითქვას: ირონიისთანა ძნელი და თანვე მაცდური პოეზიაში არა არის რა. ირონია უნდა იყოს პოეტურ ფრაზაში არა განზრახი, არამედ ”შიგადაშიგ”, სიტყვებ შორის, უხილავი, ატმოსფერული. შალვა აფხაიძის ლირიკაში ირონია მაცდური გამოდის. ბევრი შინაგანი გადალახვა დასჭირდება მას.
მსურს სანდრო ცირეკიძეზე და სერგეი კლდიაშვილზე ერთად ვილაპარაკო. ”ერთად” _ ჩემი თემის მხრით. ერთიცა და მეორეც პოეტია ჩემთვის. სწერენ პოემებს ”მინიატურის სახით”. ვიცი: სანდრო ცირეკიძეს ეს სტყვა არ მოეწონება, მგრამ აქ სხვა სიტყვა ვერ გამოვნახე. პროზასა და პოეზიას შუა არის ზღვარი. რასაკვირველია არა ტიპოგრაფიული (ამ შემთხვევაში მართალია სანდრო ცირეკიძე). ეს სხაობა საგანის მოგრეხაში თუ მობრუნებაშია. ამ მხრით პროზაიკოსი დოსტოევსკი აბრუნებს საგანს, მინიატურის ფორმაში ვერ ეტევა. აქ ისევ მონუმენტალური ფორმები თუ გამოდგებიან. ბოდლერის მაგალითი აქ საბოლოვოდ საკითხს ვერ სწყვეტს. რადგან ბოდლერი ცნობილია უფრო როგორც ავტორი ”ავი ყვავილების”, არც მალარმეს მაგალითი: რადგან მისი ჰერმეტული ფორმები ლექსსა და მონიატურას ერთიმეორეს აახლოვებენ არამონუმენტალურ ფორმებში. საჭიროა უფრო რიტმული ”ქავილი”, რომელიც თავისებურ მეტრულ ზომას ჰქმნის. აქ მინიატიურა უთუოდ ლექსის ფორმას მიიღებს: თუ ”სწორის” არა, ”თავისუფალის” მაინც. მრავალი ნაწარმოები სანდრო ცირეკიძის პოეტურია უაღრესად, _ და მაინც: მე პირადათ სურვილი მრჩება, რომ რიტმიულად სხვანაირად ამეტყველდნენ ისინი. ესევე ითქმის ს. კლდიაშვილის ”ნატიურ-მორტზე”. თუ ჩემ მიერ ანიშნული გზით გადაიხარა მათი (შემოქმედება კი არა) ფორმაში-სხმა, იმ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ლაპარაკი მათ მიწასთან დაბრუნებაზე.
ნიკოლო მიწიშვილის პირველი ლექსი იყო ”წმინდანიანი”. თქვენ აქ ამჩნევთ, რომ ავტორს წინად სხვა ფორმით უწერია. შემდეგ მან თანდათან სძლია ძველი ფორმა. პირველი თემები მისი იგივე დეკადანსის ხაზებია (-საკუთრივ ჟილკენის), მაგრამ ესეც მიატოვა მან და ”შეხვდა” მიწას. აქ გამოჩნდა ის როგორც ნამდვილი პოეტი. მთელი რკალი ”ჩიბის” შედევრია ლირიზმის მხრით. ”მეტად უნუგეშო პეიზაჟი” უახლივდება ”სოფელს”, მაგრამ ეს არ არის უბრალო პასტორალი. საერთოდ ნიკოლო მიწიშვილს დიდი გრძნობა აქვს პრიმიტივის, _ და, რაც კიდევ უფრო გულისხმიერია, იგი აქ არსად არ გამოდის ყალბი. ეს კი მეტად ძნელი საქმეა. გარდა ამისა: ნიკოლო მიწიშვილის ლირიზმს არ არღვევს (მის მთავარ რკალში) ”პერსონალიზმი”: ესეც დიდი მიღწევაა და იმედი ჩვენი გადავარდნილი ძმის.
რაჟდენ გვეტაძე ”ვირებით” დაუბრუნდა მიწას. აქ არის გულწრფელობა და გაბედულობა. ”ვირის” თემა არ არის ახალი (გაიხსენეთ თუგინდ ფრანსის ჟამმ). ცხოველში არის რაღაც მისტიკს. პირველი ვაინინგერი იყო, რომელმაც მიაქცია ამას ყურადღება. ძაღლი, ცხენი: რაღაცას ამბობენ თავის ყოფით. მთელი ყოფა ერანის მე მაგალითად აქლემით წარმომიდგა ცხენის გალენჩებაში არის მზის ნირვანა (”მისტერია მზის”). ვირი: საბრალო, საცოდავი, სათუთი, სათამაშო. ტყუილად კი არ უყვართ იგი ბავშვებს. რაჟდენ გვეტაძემ სწორედ ამ ხაზებში გაიყვანა თავისი თემა. საქართველოში ბევრია გიტარა სმერდიაკოვისათვის, - ცხადია ადვილი არ არის რაღაც ”ვირზე” - ლაპარაკი. მე პირდაპირ ვხედავ ამ წამს სმერდიაკოვს და მესმის სიტყვები: Ну, что-же-с, ослы-с хорошая тема-с в поэзии-с можно воспеть-с их любовь-с...
... მაგრამ რაჟდენ გვეტაძე გაუძლებს იმ ყოფას. საცა ყველაფერია თითქმის გამასხარავებული. მისი “ჩოჩორი” პირდაპირ შედევრებია”
“პარასკევს ყაფანზე გაჰყიდეს ჩოჩორი,
ატირდა საბრალო თაფლისფერ თვალებით.
ახალმა პატრონმა მოპარსა ქოჩორი
და ჭიშკრის სვეტები მოჭედა ნალებით.
ბავშვებმა ბეღელქვეშ ანახვეს საწოლი.
კოცნიან ახრჩობენ რძიანი ბალახით.
ორშაბათს აკიდეს ხურჯინით მაწონი:
პატარა ფეხები ეტკინა ტალახით.”
გრიგოლ ცეცხლაძე ჯერ კიდევ სხვა რკალშია და ამისათვის ძნელია ლაპარაკი მის ”მიწაზე”. თავის რკალში კი იგი მაგარია. ”გაჭენებულ მონუმენტში” _ თვითონ სათაურში გავარდნილობა. საინტერესოა აგრეთვე მისი ”პოეტის” ყეფა. ამ ლექსში ”თავისუფალი ზომა” ლამაზად და მტკიცედ არის მოსადავებული.
ჭიჭინაძეც სხვა რკალშია. მისი პოემა ”ანთების” არ არის მიწასთან ახლო. თუმცა თვითონ პოემა (განსაკუთრებით მეორე ნაწილი) მეტად საინტერესოა. მიწასთან ახლო მისი ”აკვარელი”, საცა მიწის მოსვენება ზანტი ზმორებით ნებივრობს მზით შემორტყმულ ჩრდილებში.
წინად ცნობილ მოდერნისტებში უთუოდ მიწასთან დაბრუნებულია ს. აბაშელი ”შორეული ნაპირებით” და სხვა პოემებით. პოეზიის კულტურა ახასიათებს ს. აბაშელს. ერთი პრობლემა, რომელიც საგულისხმოა მთელი ევროპის პოეზიისათვის, ს. აბაშელზე ცხადდება ჩვენში. ხშირად ხდება, პოეტურ ქმნილებაში პოეტური სახეები ერთი მეორეს ედავებიან სიჭარბით და სიუხვით. ხოლო თვითონ ”დენა” სახეების ასე ვთქვათ ”ღერი”, მოითხოვს მეტს ირრაციონალურ ხვეულს. ეს ემჩნევა ისეთს დიდ პოეტსაც, როგორიც არის ემილ ვერჰარნ. ს. აბაშელის პოეზიაში არის ასეთი ხაზი. შესაძლოა ეს იმითაც აიხსნებოდეს, რომ იგი პოემებსა სწერს, საცა მართლაც ძნელია ირრაციონალური დენა. “შორეულ ნაპირებში” არის ერთი პასსაჟი, რომელიც განსაკუთრებით მოქმედობს ჩემზე. ეს არის ოთახის მოგონება და შიგ _ ძველად განცდილის. აქ მართლაც გძლევს “მიწა” თავის ინტიმურობით.
შალვა კარმელი. უკვე გარდაცვლილი. დაუბრუნდა მიწას საბოლოვოდ: სიცოცხლით და პოეზიით. სათუთი და მორცხვი. ნიბლია-პაოლო იაშვილის სიტყვით. სმენით შეყვარებული რითმაზე, ულამაზეს ქალწულზე. მზერით _ ავხორც ქალზე, რომელსაც ყველა სახელები ჰქვია: იზიდა, იშტარ, სალამბო. მას ატყვევებდა სალამბოს ცქერა მთვარისადმი: ცქერა იმავე მიწის. დათუთქვა და დასერვა მთვარით. სხეულში კი ტუბერკულოზი, რომელიც მთვარეულად ხდის თვითონ სიცოცხლეს. თბილი იქნება მისთვის მიწა.