ქართულ ეროვნულ იდეოლოგიაში უდიდესი ადგილი უკავია მაცხოვრის კვართის დაბრძანებას საქართველოს უძველეს დედაქალაქში, მცხეთაში. ქართველი ადამიანისთვის დიდი სიამაყის მიმნიჭებელი იყო საუკუნეთა მანძილზე ეს ვითარება.
აბა წარმოვიდგინოთ, როგორ იამაყებდნენ სომხები, რუსები ან სხვები, მათ სამშობლოს რომ რგებოდა წილად ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი კვართი უფლისა.
მცხეთელი ურია ელიოზი და მისი მეგობრები ქრისტეს ჯვარცმის დროს იერუსალიმში იყვნენ, თუმცა მაცხოვრის წინააღმდეგ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
როგორც მოგვითხრობს ახალი აღთქმა, ქრისტეს ჯვარცმის დროს მისი სამოსი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ უკერველად მოქსოვილი კვართი განუყოფელი (დაუნაწევრებელი, დაუჭრელი) დარჩა. მასზე წილი ჰყარეს: "და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რამეთუ იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად, თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისიცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს (იოანე, 19, 23-24).
მერე იგი წილად ხვდათ მცხეთელებს (არსენ იყალთოელი, "ცხორება და მოქალაქეობა ნინოსი", მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, გვ. 376, თბილისი 1978).
ელიოზმა შეუსრულა თავის დას, სიდონიას თხოვნა, ერთ-ერთი რომაელი ჯარისკაცისაგან შეიძინა და მცხეთაში წამოაბრძანა ქრისტეს ნაქონი ნივთი – კვართი.
მცხეთაში დაბრუნებულ ელიოზს ქალაქის შესასვლელთან შეეგება სიდონია. გამოართვა ძმას ხელთუქმნელი კვართი უფლისა და უზომო სიხარულით გულში ჩაიხუტა. როცა გაიგო მაცხოვრის წამების შესახებ, სიდონია განუზომელი მწუხარებისაგან გარდაიცვალა.
მთელმა მცხეთამ გაიგო ამის შესახებ. ქართლის მეფე ადერკს ძალიან მოეწონა კვართი. მაგრამ, ვერაფრით გამოაცალეს გარდაცვლილს ხელიდან კვართი და მასთან ერთად დაკრძალეს საქართველოს ერთ-ერთი პირველი წმიდანი.
ერთ-ერთს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი აზრით პირველი წმინდანი იყო ელიოზისა და სიდონიას დედა, ელია მღვდლის შთამომავალი. როცა ელიოზი მიდიოდა იერუსალიმში, დედამ სთხოვა არ მიეღო მონაწილეობა "რომელსა-იგი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობა შენი, ნუ შვილო! რამეთუ იგი არს სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთა.
და წავიდა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახვდეს ჯვარცმასა უფლისასა.
ხოლო ოდეს დამსჭვალეს უფალი და პასანიკმან კვერითა დაჰკრა სამსჭვალთა, აქა დედასა ელიოზისსა ესმა და იკრჩხიალნა და თქვა:
– მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა თქვენისა მაცხოვარი და იქმნენით მკვლელ შემოქმედისა! ვაჲ თავსა ჩემსა, რომელ არა წინავე მოვკვედ, რათამცა არა სმენილ იყო ყურთა ჩემთა!
და ამას ზედა შეისვენა" (ქართული მწერლობა, I, ლეონტი მროველი, ცხოვრება მეფეთა, გვ. 83. თბილისი 1987).
მაშასადამე, სიდონიას დედა და თავად სიდონია, განსაკუთრებული წმინდანები არიან, ქრისტეს ჯვარცმის გამო ზაფრით, მწუხარებით, გულისტკივილით კვდებიან. მათი ტანჯვა ხორციელზე მეტად მტკივნეულია, მათმა მოძმეებმა ხომ უფალი მოკლეს...
როგორი დედობრივი სიყვარული, საკაცობრიო განცდა და წინაპართა მიერ დაგროვილი სარწმუნოებრივი სიბრძნე გამოსჭვივის დედის დარიგებაში – "ნუ შვილო!"
როცა საქართველოს ისტორიის ამ სტრიქონებს კითხულობ კაცი, სურათის რეალურობა სრულიად ცხადად დაგიდგება თვალწინ. ჯალათის კვერის დაკვრის ხმაც შეიძლება წარმოგიდგეს და გულგანგმირული დედის გლოვაც.
იოანე ნათლისმცემლის მერე სიდონიას დედა და მისივე ქალიშვილი პირველი წმინდანები არიან ახალი აღთქმისა.
სიდონიას საფლავზე აღმოცენდა დიდი ხე, „კვიპაროზი“ და ქვეშე მისსა – მრავალფერი ყვავილი", როგორც მოგვითხრობს "წმიდა ნინოს ცხოვრება". ავადმყოფი ფრინველები და მხეცები ამ ხის წიწვებით იკურნებდნენ ხოლმე თავს. ხეს საოცარი სურნელი ჰქონდა.
სწორედ უფლის კვართის ნახვის სურვილით იყო გამოწვეული წმიდა გიორგის ნათესავის, წმიდა ნინოს დაინტერესება საქართველოთი, მცხეთით. მერე მას გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და საქართველოში, ვაზის ქვეყანაში თავისივე ხელით შექმნილი ვაზის ჯვრით გამოამგზავრა თოთხმეტი წლის ქალწული.
უფრო კარგად რომ განვმარტო რამდენად მნიშვნელოვანია ადგილი, სადაც (რადგანაც) დაბრძანდა მაცხოვრის კვართი, მოვიყვან წმ. ნინოს სიტყვებს კვართის ადგილსამყოფლის შესახებ, მისივე მეგობრის, სიდონიას მონათხრობიდან (ჩემეული განმარტებებით), და, ცოტა ქვემოთ, სიდონიასვე მონათხრობს ეკლესიის სასწაულებრივ აღშენების თაობაზე, კვართის დაბრძანების ადგილას, პირველი სიდონიას საფლავზე (წმ. ნინოს მეგობარი სიდონია არის უფლის კვართთან ერთად დაფლული საქართველოს პირველი წმინდანის – სიდონიას ოჯახის შთამომავალი).
"აქა არსო ადგილი სამარხოი მისიო, რომელსა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ, მას ზედა არს ადგილი იგი, ვითარცა ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცად აღწევნული ამიერითგან და უკუნისამდე, დიდება და ქება მოუკლებელ“ (ძვ. ქ. მწ. ძ., I, შატბერდის კრებული, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, გვ. 340, თბილისი 1979).
ახლა განვიხილოთ რას ნიშნავს ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცად აღწევნული ამიერითგან და უკუნისამდე.
იაკობი არის ისრაელის მამამთავარი, მას ეწოდა ისრაელი იაკობის მაგივრად, ჰყავდა 12 ვაჟი, ისრაელის თორმეტი ტომის მამამთავარი.
ერთხელ, იაკობი გზად მიდიოდა. "და მიემთხვია ადგილსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზეჲ. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათაჲ და დაიდვა სასთუნალ მისა და დაწვა მას ადგილსა.
და ჩუენებასა იხილვიდა: და აჰა ესერა კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწვდომილ იყო ცადმდე, და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს.
ხოლო უფალი დამკვიდრებულ იყო მას ზედა. და ჰრქუა: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაჰამისი, მამისა შენისაი, და ღმერთი ისაკისი. ნუ გეშინინ! ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.
და იყოს ნათესავი შენი ვითარცა ქვიშაჲ ზღვისაჲ და განვრცნეს ზღუადმდე და ჩრდილოდ და ბღურად და აღმოსავალად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ.
და აჰა მე შენ თანა ვარ, ვიდრეცა ხვიდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, ვიდრე არა ვყო მე ყოველი, რაოდენსაცა-იგი გეტყოდე შენ.
და განიღვიძა იაკობ ძილისა მისგან და თქუა:
... ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! არა არს ესე სხუა, გარნა სახლი ღმრთისაჲ, და ესე არიან ბჭენი ცისანი.
და აღდგა იაკობ განთიად და მოიღო ლოდი იგი მუნ, რომელი დაედვა სასთუნლად, და დაასხა ზეთი თავსა მის ლოდისასა.
და უწოდა სახელი ადგილსა მას სახლი ღმრთისაჲ" (დაბადება, 28, 11-19. ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი (ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები), I, ნაწ. I, გამოსაცემად მოამზადეა კ. დანელიამ, სტ. ჩხენკელმა და ბ. შავიშვილმა, გვ. 44, თბილისი 1987).
მაშასადამე, იაკობის ადგილი არის განსაკუთრებული ადგილი, იაკობისვე სიტყვებით რომ ვთქვათ, "ბჭენი ცისანი" (ზეცის კარიბჭე), "სახლი ღმრთისა" (ბეთელი), სადაც მან მიიღო აღთქმა უფლისგან, რომ მისი შთამომავლები, მისი თორმეტი შვილის მოდგმა, ღვთის რჩეული ხალხი დამკვიდრდებოდა და გამრავლდებოდა.
ანალოგიით, უნდა ვიფიქროთ, რომ მცხეთა, სადაც დაკრძალულია უფლის სამოსელი – კვართი (და ელიას ხალენიც), არის ახალი იაკობის ადგილი, სადაც ბჭეა ცისა (კარიბჭე ზეცისა), ღვთის სახლი. საინტერესოა, რომ ელიას ხალენი "ქვათა (ე. ი. ლოდთა) შინა ულპოლველადაა შენახული" აბიათარ მღვდლის სიტყვებით (იქვე).
სხვა სიტყვებით, მცხეთა არის ახალი ისრაელის დადგინების ადგილი. უფლის სიტყვები იაკობისადმი "ნათესავი შენი ვითარცა ქვიშაი ზღვისაი და განვრცნეს ზღუადმდე და ჩრდილოდ და ბღურად და აღმოსავალად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ", უნდა გავიგოთ, ალბათ, ასე – ახალი ისრაელის, ახალი სარწმუნოების მატარებელი ხალხი განივრცობა მთელ დედამიწაზე და იკურთხება იაკობის შთამომავლის, მართალი იოსების ოჯახში განკაცებულის მიერ.
კვართის დაკრძალვის ადგილას აშენებული პირველი ხის ეკლესია დაეყრდნო ბოძს, ლიბანის ნაძვისას, რომელიც ამოსულიყო სიდონიას საფლავზე და მირონმდინარე იყო (ლოდს იაკობმა სცხო ზეთი).
რაც შეეხება მცხეთაში, უფლის კვართის დაკრძალვის ადგილას ეკლესიის აშენებას, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის.
როგორც ვთქვით, სიდონიას საფლავზე ამოსული იყო ლიბანის ნაძვი, კვიპაროზი, სასწაულთმოქმედი. ამ ადგილზე ეკლესიის ასაშენებლად ამ კვიპაროზისაგან დაამზადეს შვიდი სვეტი. ექვსი სვეტი ჩვეულებრივად დაამაგრეს, მაგრამ მეშვიდე ვერ დაძრეს ადგილიდან. მთელი დღის წვალების მერე მეფე, დედოფალი და სხვები იმედგაცრუებულნი გაშორდნენ ადგილს. დარჩნენ მხოლოდ წმინდა ნინო და თორმეტი დედა ("მოქცევაჲ ქართლისაჲ", შატბერდული). ისინი ხელაპყრობილი შესთხოვდნენ უფალს წყალობას. ამ დროს გამოცხადება იხილა წმ. ნინოს მოწაფემ და მეგობარმა წმიდა სიდონიამ (ამაზე ქვემოთ).
ცისკრისას, როცა დედებს მიერულა (სიდონიას გარდა), წმინდა ნინო ხელაპყრობილი იდგა: "და აჰა ესერა ზედა-მოადგა ჭაბუკი ერთი ყოვლადვე ნათლითა შემოსილი, და მოებლარდნა ცეცხლის-სახედ ზეწარი, და არქუნა სამნი რაიმე სიტუანი ნეტარსა ნინოს. ხოლო იგი დაეცა პირსა ზედა თვისსა. ხოლო ჭაბუკმანმან მიყო ხელი სუეტსა მას და უპყრა თავი და აღამაღლა და წარიღო სიმაღლესა ცათასა...
... და აჰა ვიხილე სუეტი იგი ცეცხლის-სახედ ჩამოვიდოდა და მოეახლა ხარისხსა მას თვისსა. და ვითარ დაემართა, და დადგა ზედა ხარისხსა მას ქუეყანით აღშორებულად ვითარ ათორმეტ წყრთა და ნელიად ჩამოიცვალებდა თÂსსავე მას ზედა ნაკუეთსა, რამეთუ ხარისხად იყო ძირი იგი მისი, რომლისაგან მოკუეთილ იყო სუეტი იგი ცხოველი" (ძვ. ქ. მწ. ძ., შატბედის კრებული, მოქცევაი ქართლისაი, გვ. 345, თბილისი 1979).
ალბათ გასაგებია, ეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა წმიდა ნინოს და უთხრა სამი სიტყვა, ჩემი აზრით – მამა, ძე და სულიწმიდა. შემდეგ ძელიცხოვლის სვეტი ზეცაში აიტანა და მერე ეს ძელიცხოვლის სვეტი, უკვე სვეტიცხოველი დაეშვა დედამიწაზე ცეცხლოვანი სახით, ჯერ გაჩერდა თორმეტი წყრთის სიმაღლეზე, მერე კი დაედგინა თავის ხარისხს. სიდონიას საფლავზე ამოსული ხის გადანაჭერს, კუნძს.
ეს ტაძარია სვეტიცხოველი. უნდა აღინიშნოს, რომ სვეტიცხოველი თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. რაც ნიშნავს, რომ ახალი ისრაელის ტაძარია, რადგან ახალი ისრაელის აღთქმა თორმეტმა მოციქულმა იქადაგა (თორმეტი მოციქულის სახელი ვახტანგ გორგასალმა უწოდა. იხ. ამავე წიგნში: "მართლმადიდებლური საკრალური გეოპოლიტიკა V-VI საუკუნეების საქართველოში ანუ ათცამეტი მღვდელმთავრისა და მერე ათცამეტი ასურელი მამის მიერ ახალი ისრაელის დაარსება").
სხვათა შორის, სვეტიცხოვლის ძველ ფენაში მართლაც აღმოჩენილია შვიდსვეტიანი ეკლესიის ნაშთი.
ბიძინა ჩოლოყაშვილის აზრით, ის სამი სიტყვა არის "აჰა, მოვალ ადრე…" (გამოცხადება, 3, 11). საერთოდ, სიდონიას ხილვა, მისი განმარტებით, არის წინასწარმეტყველება, რომ მცხეთა გახდა ახალი იერუსალიმი, რაც გამოწვეულია კვართის მცხეთაში დაბრძანებით და მიმდევი მოვლენებით, უფრო თუ დავაზუსტებთ, უფლის ნებით (ჩოლოყაშვილი ბ, ქართულენოვალი ეკლესია – ახალი იერუსალიმი, თბილისი 2008).
მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ცნობილია, რომ მაცხოვრის კვართი საქართველოშია დაბრძანებული. ბევრი ქალაქი არ არის მდიდარი ასეთი დიდი განძით, გარდა იერუსალიმისა და იმ ქალაქებისა, სადაც დაბრძანებულია ქრისტეს სუდარა და სხვა.
მაცხოვრის განუყოფელი, დაუნაწევრებელი კვართი არის სიმბოლო ქრისტეს ეკლესიის განუყოფლობისა.
თუმცა, რუსების ნაწილს ჰგონია, რომ შაჰ აბას I-მა ამოათხრევინა ქრისტეს კვართი და წაიღო. მერე კი რუსეთის მეფეს გაუგზავნა ძღვნად.
რუსული გადმოცემით, რუსებმა დაანაწილეს (ანუ დაჭრეს) კვართი და გაანაწილეს რამდენიმე ეკლესია-მონასტრისთვის. ამ გადმოცემით კვართმა მოახდინა სასწაულები და ავადმყოფები განკურნა. ცნობის მიხედვით, აღნიშნულ კვართზე ლათინური წარწერა იყო და ის წითელი ფერისა გახლდათ.
ცნობილია, რომ უფლის კვართი არ იყო წითელი, მხოლოდ მაცხოვრის სისხლით შეიღებებოდა მისი ტანჯვის დროს. დროთა განმავლობაში კი სისხლის წითელი ფერი, ალბათ, უფრო მუქ, შვინდის ფერს მიიღებდა. ამასთან, ღვთისმშობლის მიერ უნაკეროდ მოქსოვილ კვართზე, მაცხოვრის სამოსზე, ლათინურ ასოებს არავინ ამოქარგავდა, ეს გამორიცხულია.
გარდა ამისა, რატომ შეიცვლიდა უფლის კვართი თავის საბრძანებელს? რა, იაკობის კიბე, ან სვეტი ცხოველი, სხვა ადგილას გამოცხადდა?
ერთ-ერთი მთავარი კი ისაა, რომ უფლის კვართი იყო უკერველი, ნაქსოვი. გავიმეოროთ იოანე მახარებლის სიტყვები: "და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესო, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლი კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზევით გამოქსოვილ ყოვლად. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაითა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი" (იოანე, 19, 23-24).
მაშასადამე, კვართი გოლგოთაზე არ დაუხევიათ, არ დაუნაწილებიათ, – ის უკერველი იყო, ნაქსოვი და ვერც დანაწილდებოდა, დაიშლებოდა, – და რაღა რუსეთში დაჭრიდნენ უფლის განუყოფელ კვართს?!
258 წელს წამებული, კართაგენის ეპისკოპოსის, კვიპრიანე კართაგენელის განმარტებით უფლის განუყოფელი კვართი ჭეშმარიტი, განუყოფელი ეკლესიის სიმბოლოა (ბიძინა ჩოლოყაშვილი, სიდონიას წინასწარმეტყველება, გვ. 6, თბილისი 2009).
დარწმუნებული ვარ, რუსი საეკლესიო მოღვაწეები ისეთი უცოდინარები არ იყვნენ, ქრისტეს განუყოფელი, დაუნაწევრებელი კვართი დაეყოთ (დაეჭრათ მაკრატლით თუ დანით). ვინ გაბედავდა განუყოფელი კვართისთვის მაკრატლის მიკარებას.
ამ შემთხვევაში, მართლაც, რაღაც მნიშვნელოვან, ოღონდ სხვა სიწმინდეზეა ლაპარაკი, რომელიც შესაძლოა საქართველოდან წაეღო შაჰ აბას I-ს და რუსებისთვის მიეცა, თუმცა არა უფლის კვართზე.
ამ ამბავში ჩანს რუსების ცოდნა – უფლის კვართი მცხეთაშია დაბრძანებული პირველივე საუკუნიდან, გოლგოთაზე უფლის კვართი საქართველოს ხვდა წილად.
ეს გადმოცემა კარგად მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართველებისათვის მაცხოვრის კვართის მცხეთაში ბრძანება, რამდენად მნიშვნელოვანია, ზოგადად უფლის კვართი ქრისტიანებისათვის.
არც ერთი ცნობა, დარდი, ვაება, უფლის კვართის დაკარგვის გამო ქართულ წყაროებში და ზეპირ გადმოცემებში არ არის. მისი გატანა საქართველოდან რომ მართალი იყოს, უსათუოდ აისახებოდა ქართველი სასულიერო პირებისა და სხვა მემატიანეების მიერ (ეს მიეწერებოდა ჩვენს ცოდვებს). არადა პირიქითაა, ქართული წყაროები, ზეპირი გადმოცემები ერთხმად ამტკიცებენ, რომ უფლის კვართი მცხეთაშია.
მოვუსმინოთ არქიმანდრიტ რაფაელს (კარელინი): „ქრისტეს კვართი საქართველოს ეკლესიის ყველაზე დიდი სიწმიდეა. საკრალური გაგებით სვეტიცხოვლის ტაძარში, როგორც სამეუფო კიდობანში დაბრძანებული საუფლო კვართი შეიძლება ვამსგავსოთ სულიერ მზეს, მიწის წიაღიდან უხილავ ნათელს რომ აფრქვევს, ან შევადაროთ თვალით უხილავ მიწისქვეშა წყაროს, რომელიც ყვავილებისა და მცენარეების ფესვებს კვებავს. უფლის კვართი ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა თავისი ხელით მოქსოვა და მაცხოვრის სისხლმა განამეწამულა ჯვარცმის გზაზე: გეთსამანიიდან გოლგოთამდე. ამ სიწმიდის გამო მცხეთას `მეორე იერუსალიმად~ სახელსდებდნენ.
სვეტიცხოვლის ტაძრის ინტერიერში აგებულია სამლოცველო, მსგავსი კუბუკლიისა, იმპერატორმა კონსტანტინემ რომ ააშენა უფლის საფლავზე, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში. იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა საუფლო კვართმა სულიერი კავშირით შეაერთა პალესტინა და საქართველო, უფლის აღდგომის ტაძარი და სვეტიცხოველი. საკრალურ სიბრტყეზე საუფლო კვართი სულიერი ცეცხლის სვეტია, ცამდე აზიდული, უფრო საკვირველი, ვიდრე ის სვეტი, მოსეს და ისრაელს რომ მიუძღოდა აღთქმული მიწისკენ სინას უდაბნოში. ეს არის ადგილი, სადაც ანგელოზები გარდამოდიან მიწაზე, ხოლო ადამიანთა სულები ზეცად მაღლდებიან ლოცვაში. სახარებაში წერია, რომ უკურნებელი სენით შეპყრობილი ქალი მიეახლა მაცხოვარს, საიდუმლოდ შეეხო მის კვართს და მყისვე განიკურნა ავადმყოფობისაგან (ლუკა, 8, 43-48). საუფლო კვართისგან ახლაც იკურნებიან ისინი, ვინც მას სარწმუნოებით და კრძალულებით მიეახლება.
მრავალი საუკუნის შემდეგ სულთნის ცოლმა სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის მოტაცება უბრძანა თავის მონებს. მაგრამ ანაზდად მიწიდან ცეცხლი გამოტყვრა – ისევე, როგორც იულიანე განდგომილის დროს (მან, წინააღმდეგ ღვთის ნებისა, სოლომონის ტაძრის აღდგენა გადაწყვიტა). მონები ცეცხლმა დაწვა, სულთნის ცოლი კი, ოდესღაც პავლე მოციქულის მიერ ძლეული მოგვივით, დაბრმავდა“ (არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), ხატი „დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა“, გვ. 12-13, თბილისი 2006, ქართულ ენაზე).
ბაგრატიონებმა, ბიბლიური დავით მეფის (რომლის ჩამომავლების ოჯახშიც განკაცდა მაცხოვარი) შთამომავლებმა, როგორც საქართველოს მეფეებმა, თავის გერბის შუაში, ცენტრალურ, უმნიშვნელოვანეს ადგილას გამოსახეს მაცხოვრის კვართი (საქართველოს სიმბოლო). გერბს საერთოდ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა ქვეყნის მეფეები ცდილობდნენ თავის გერბებზე მნიშვნელოვანი რამ გამოესახათ. ხშირად ხელოვნური, ნაძალადევი, გამოგონილი რაღაცეებიც გამოსდიოდათ. ქართველ მეფეებს კი არაფერი ჰქონდათ გამოსაგონი, ისინი ღმერთმა დაადგინა იმ ქვეყნის მეფეებად, რომლის ცენტრშიც უდიდესი სიწმინდე განისვენებს – მაცხოვრის კვართი.
მას შემდეგაც კი, რაც თბილისი გახდა საქართველოს დედაქალაქი, ერთიანი საქართველოს მეფეები, ბაგრატიონები, სვეტიცხოველში, უფლის კვართის ტაძარში ეკურთხებოდნენ ხელმწიფედ, იმიტომ, რომ სვეტიცხოველი უმნიშვნელოვანესი ტაძარია ქრისტიანულ სამყაროში. იქვე აღსაყდრდებოდნენ საქართველოს პატრიარქები.
სვეტიცხოველი დგას კახეთისა და ქართლის საზღვარზე, შუაგულში. მცხეთა-თბილისი არის კავკასიის გეო-სტრატეგიული დედაქალაქი.
სიმბოლურია, რომ ძველი ისრაელის ლეგიტიმური მეფეების შთამომავლები, იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონები (ქალდი ხელმწიფეები) გახდნენ მცხეთის (საქართველოს) მეფეები. მცხეთაში არის ქრისტეს კვართი. მცხეთა არის ქალაქი, რომელშიც მოციქულობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო...
ქართულ ეროვნულ იდეოლოგიას ბრწყინვალედ გამოხატავს ხატი "დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა".
ხატი ქართული ფრესკების, ხატებისა და მინიატურების შესწავლის მერე დაწერა ცნობილმა ჰაგიოგრაფმა მიქაელ-გობრონ საბინაშვილმა (საბინინი). ქართული ჰაგიოგრაფიისა და ისტორიის შესანიშნავმა მცოდნემ, ერთგვარად ქართული ეკლესიის გერბი შექმნა ამ ხატის სახით. საქართველოს დიდება, ქრისტიანული ეპოქიდან, იწყება უფლის კვართის მცხეთაში ჩამობრძანებით. ხატის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია გარდაცვლილი წმიდა სიდონიას საფლავი, რომელსაც ჩახუტებული აქვს მაცხოვრის სამოსელი – კვართი. მის საფლავზე ამოსულია ცხოველი ხე. ხე გადაჭრილია და მასზე იმავე ხიდან შექმნილ ეკლესიის საყრდენ ბოძს, სვეტს ანგელოზი დგამს. ეს არის ხატის კომპოზიციური ცენტრი. ცხოველი სვეტის გარშემო ქართველი წმიდანები დგანან. ეს არის ზეციური საქართველო, დაფუძნებული და ამოზიდული უფლის კვართიდან, რომელიც მაცხოვრისავე სისხლით შეიღება გოლგოთის გზაზე. "ხატი "დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა", ქართული ჰაგიოგრაფიის დიდებულ კრებულს ჰგავს" (არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი).
ღვთისმშობლის წილხვდომობა, ქართული ენის დიდებულება, ბაგრატიონების უფალთან ნათესაობა და მაცხოვრის კვართის საქართველოში დაბრძანება ქართული იდეოლოგიის უძველესი ქვაკუთხედებია, რომლის იმედითაც ქართველ კაცს შეეძლო ათჯერ მეტ მტერთან გამარჯვების იმედით, ღიმილით შებმა.