Litclub.ge

*ბიოგრაფია (ყ.ა)
ალექსანდრე ყაზბეგმა ბავშვობა დალხენილად გაატარა. ზრუნვა არ მოჰკლებია ხევის მმართველის, მიხეილ ჩოფიკაშვილისა და ელისაბედ თარხნიშვილის მხოლოდშობილ ვაჟს. 
11 წლის თბილისში ჩამოიყვანეს და ჰაკეს პანსიონში მიაბარეს. სამ წელიწადში კანონიჩის პანსიონში გადაიყვანეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისის გიმნაზიაში შეიყვანეს, მაგრამ 1865 წლიდან ყაზბეგის მშობლებმა ქალაქში ჩამოსვლა ვეღარ შეძლეს და აღარც სანდრო გაგზავნეს სასწავლებელში. 
1867 წელს დედისაგან კურთხევა მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა. 
1870 წელს ჯანმრთელობაშერყეული სანდრო საქართველოში დაბრუნდა. 1880 წელს მოთხრობა “ციცკა” გამოაქვეყნა. ერთ წლის შემდეგ “დროებაში” დაიბეჭდა “ელგუჯა” და მწერლური დიდების აპოგეასაც მიაღწია.”ელგუჯას” მოჰყვა “მამის მკვლელი”, “ელისო”, “ნამწყემსარის მოგონებანი”, “ციკო”, “განკიცხული”, ”ხევისბერი გოჩა” და სხვ. ყაზბეგი იყო ალბათ ერთადერთი, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მოქცეული ქართველი ხალხის ტრაგიკული მდგომარეობა დაეხატა. ეს ცენზორმაც კარგად დაინახა და 1884 წელს წიგნად გამოცემული ”ელგუჯას” მთელი ტირაჟი დაწვეს. უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნაწარმოები “მოძღვარი” 1885 წელს “ივერიაში” დაიბეჭდა. ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე მძიმე ყოფა. ბავშვობიდან გამოყოლილ ახირებულ ხასიათს ფსიქიკური აშლილობაც დაერთო. ერთხელ საგვარეულო სახარება და დედის ქირმანის შალი 15 მანეთად გაყიდა. ფული მოაგროვა, ბათუმში წავიდა და იქიდან მაიმუნი ჟაკო ჩამოიყვანა. ბოლოს მაინც ისეთ გაჭირვებაში ჩავარდა, რომ საყვარელი ჟაკო თუმნად გაასხვისა. 1886 წელს ცხადად დაეწყო ფსიქიკის რღვევა. მეგობრების გარეშე მარტოდ დარჩენილი, ყველასაგან გარიყული მხოლოდ მოთხრობების წერით ირთობდა თავს.პროგრესული დამბლით დაავადებული 42 წლის ყაზბეგი თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. 
1893 წლის 19 დეკემბერს ალექსანდრე ყაზბეგის ცხედარი თბილისიდან ხევს წაასვენეს, ხოლო 22 დეკემბერს სოფელ სტეფანწმინდაში მიაბარეს მშობლიურ მიწას.