ირაკლი ბაზაძეს
სარკმელთან ზიხარ, ბუხარში ხრჩოლავს ბოლი,
ნაცრისფერ ციდან თოვლის ფანტელი სცვივა,
კარებს ვერ კეტავ, რადგან გადარდებს თოვლი,
რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად სცივა.
ბევრნი ეცადნენ, შენში ვერ მოკლეს ბავშვი,
და ბრბოთან ყოფნა გაგიჭირდება როცა,
როგორც სენაკში შეხვალ საკუთარ თავში,
მუხლებს მოიყრი და ცად აღავლენ ლოცვას.
აწმყოზე მოსთქვამ, აწ გარდასულზე ოხრავ,
და მაინც გინდა, ზღვა ამოხაპო პეშვით,
მე კი მახარებს, ისევ ირაკლი რომ ხარ
და ყველაფერი შენეულია შენში.
დიდი ხანია, ცისკენ გაგირბის თვალი,
არსთა გამრიგეც დიდი ხანია გზვერავს,
მერე რა მოხდა, ლექსის ნექტარით მთვრალი,
უკვდავებისკენ თუ გააპარებ მზერას.
საგანთა თოკი ყელს მოგხვევია ყულფად,
ცხოვრების აზრზე ფიქრში ღამეებს ტეხავ,
თუმცა არ გაწყობს ჩაკეტილ წრეში ყოფნა,
მაინც უცვლელი ცვალებადობის ტყვე ხარ.
დღისით შესცქერი აელვარებულ ლაჟვარდს,
ღამით შეჰხარი აჩახჩახებულ ხომლებს,
ტანჯულ ქვეყანას ხშირად უსინჯავ მაჯას
და ოცნებაში მოეფერები ხოლმე.
დაბადებიდან შეუპოვარს და უტეხს,
არც საფრხე გაკრთობს, არც წინათგრძნობა ავი,
დროსა და სივრცეს თავგამეტებით უტევ,
ხორცის ტყვეობას რომ დააღწიო თავი.
ალიონიდან ესაუბრები მუზებს
და დააბიჯებ ხალხში ზმანებამკრთალი,
ყველაფერს ისე გაფაციცებით უმზერ,
თითქოს პირველად დღეს გაახილე თვალი;
ამ დროს მომავლის შიფრავ იდუმალ კოდებს
და თვით ვერ ხვდები რა გაიძულებს, რა გრჯის,
ადამის მოდგმის ცოდვათა გამო ჰგოდებ
და შიშით უმზერ აპოკალიფსის აჩრდილს;
მერე გამჭოლავ მზერას მიაპყრობ შორეთს,
და სევდიანი კვნესა მოგესმის თარის,
გაჩხერილი ხარ ყოფნა-არყოფნას შორის
და ამ სატანჯველს ვერ დააღწიე თავი.
საკუთარ ვნებებს ვემორჩილებით მხოლოდ,
ვნეტარებთ, ვბორგავთ, ვძრწით, ვბობოქრობთ და ვღელავთ,
რადგან სხეულის ყრუ აკლდამაში ვცხოვრობთ
და მის სურვილებს ვემსახურებით ყველა.
სხეულის შიგნით მზერას მომართავ ხშირად,
და შიში გიპყრობს, არ მოგერიოს რული,
და გუმანით გრძნობ, რა გამწარებით ქშინავს
ხორცის საკანში გამომწყვდეული სული.
ქარი რომ კვნესის, ცრემლი გისველებს უპეს
და ეფერები ნამს მიმობნეულს მძივად,
მოეფერები სახედამეწყრილ ღრუბელს,
რომელსაც წვიმის ცივი ცრემლები სცვიცა.
ყველაფერს ცდილობ, სანამ სიცოცხლე გაცლის,
რადგან არსთ ყოფის არსში გაერკვე გინდა
სანამ არყოფნის ზარი ჩამოკრაბს მკაცრი
და ყოველივე გადაიქცევა ბინდად.
გრძნობ, ვერ აღადგენ დროთა დარღვეულ კავშირს
და ედავები ჯოისს, ჰეგელს თუ ვაგნერს,
მერე ღრუბლის ჯოგს მიერეკები ცაში
და ბურუსისგან ათავისუფლებ საგნებს.
გიყვარს ყურება ცაში ვარსკვლავთა ხომლის,
მერე კი ფრთხილად ხელში აღება დაშნის,
მე მიხარია უპირველესად ყოვლის,
რომ ხარ ჭაღარა და ჭირვეული ბავშვი.
არასდროს კარგავ შნოს და ვაჟკაცურ იერს,
გსურს ბოროტებას თავზე დაატყდე მეხად,
თუმცა ოცნებით შებოჭილი ხარ ძლიერ
და საკუთარი გატაცებების ტყვე ხარ.
თუმც დაფნის გვირგვინს თავზე არავინ გადგამს,
გიპყრობს სურვილი მარადიულთან შერთვის,
ტრამპლინს არ ეძებ, ეს დედამიწა რადგან
უზარმაზარი კოსმოდრომია შენთვის.
სული გიჩქროლავს და ბედისწერის ეტლი
შორს მიგაქანებს, ტოვებ მშობლიურ მთა-ველს,
რადგან შორეულს და მარადიულს ელტვი,
და ამიტომაც არ გებრალება თავი.
მაღალ მწვერვალზე როცა ადიხარ, მაშინ
უფრო გაშფოთებს ჟამი მეორედ მოსვლის,
შველას არვის სთხოვ, არც გსურს ამაოდ დაშვრე,
რადგან სიმაღლე სიმარტოვეა მგოსნის.
მაინც ხანდახან ამბობ – შეჩერდი წამო,
როცა გელათის მოგონებებით თბები,
სივრცეს ზომავ და მზისკენ გაფრენას ლამობ,
იკაროსივით თუ არ დაგეწვა ფრთები.
ხარ დარდიანი და მეოცნებე ბავშვი,
ამაოდ ცდილობ, ზღვა ამოხაპო პეშვით,
თორმეტი წლიდან ცხოვრობ სამოთხის ბაღში,
მოქცეული ხარ მოჯადოებულ წრეში.
ამ ცხოვრებაზე ამაოდ მოგდის ბრაზი,
ვერ უძლებ ქირქილს, ვერც უმიზეზო ღიმილს,
გსრუს განერიდო ამაოების ბაზარს,
და შეეფარო სადმე შორეულ მღვიმეს.
ამაყი ქედის არ შეგიძლია მოხრა,
თუმც მთები შესძრა, დღეს არვინ ჩაგთვლის გმირად.
ისევ სხეულის სატუსაღოში ოხრავ
და არსებობის ჯვარზე გაკრული გმინავ.
გასცქერი შორეთს, ისმის ყრუ რეკვა ზართა,
თმებს ვინღა ჩივის, სულშიც დაზამთრდა თითქოს,
თუ ძმა ხარ, მეტად ნუღარ ახსენებ ზამთარს
თოვლის სიცივე რომ არ დაეტყოს სტრიქონს.
ზღვის დანახვისას ხდები უზომოდ ნაზი
მასთან შეხვედრა მუდამ სიამეს გგვრიდა,
ტალღებს აქოჩრილს ხელს გადაუსვამ თავზე
და მთელს სამყაროს მოეალერსო გინდა.
ფიქრით მოივლი გრემს, ყვარელსა და ძეგამს,
ან ესტუმრები ანაკლიას და მარტვილს,
ტირის წარსული მიტოვებული ჩვენგან,
წინანდებურად არვინ იგონებს ნატვრით;
დღეს ყოველივეს ვთვლით ჩვეულებრივ ამბად,
ირგვლივ ყოველი არის ამშლელი დარდის,
მეორე წარღვნა ცეცხლით იქნება ალბათ,
რადგან პლანეტას ნახშირის სუნი ასდის.
წინაღმდეგობა კვლავ გიძლიერებს წადილს,
წინამბრძოლობა მუდამ სიამეს გგვრიდა,
რაც გწადდა ადრე, კვლავაც იგივე გწადის,
ყველაზე წინ და მაღლა იფრინო გინდა.
არც იმ დღეს ნატრობ, როცა გექნება მოცლა,
როს დაასრულებ გზას, უსასრულოდ სავალს,
უსასრულობას შეუერთდები როცა
და გადალახავ ყოფნა-არყოფნის სამანს.
იდუმალება გტანჯავს ჟამის და სივრცის,
ყოვლის შეცნობის სურვილს ემსხვერპლო ლამის,
დიდ მოლოდინში გული ძალუმად გიცემს,
დგება განწმენდის და გაბრწყინების წამი.
ლამაზი სიტყვით ფარიკაობა გიყვარს
მანტია მოსხმულ ჩაილდ-ჰაროლდის მხედარს,
რადგან ყველაფრის სახელი არის სიტყვა,
რადგან ყველაფერს “სიტყვის თვალებით” ხედავ.
დღეს ძველებურად ფრთებს გასაფრენად ვერ შლი,
არ გეწყინება, დამეთანხმები თავად,
მაინც არ ცხრები, მაინც გრძელდება შენში
სულის და ხორცის უშეღავათო დავა.