Litclub.ge

სხვაგან არ მეძიოთ
მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ,
ვიქნები ლოცვად დავარდნილი,
სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა
და ცა მეხურება საბანივით.

მე თუ დავიკარგო, ალავერდში ვიქნები,
მზესთან გადასული ალავერდს
და ყელზე მექნება გამობმული
შვიდფერი ცისარტყელის სადავე;

იქნებ ანანურთან დამეწიოთ,
ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,
ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი
და გულს მტევანივით დავწურავდე.

მე თუ დავიკარგო, მცხეთაში ვიქნები,
არსაკიძის ტკივილით გათანგული,
ან გრემში ვიქნები, ანდა ვარძიაში, -
მთის გულში წყაროსავით დაკარგული.

მინდა ცის ლაჟვარდი მხრებზე დამეფინოს,
დავიწვე მიწის ალმურში,
მე თუ დავიკარგო
სხვაგან არ მეძიოთ, -
მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში!