უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი,
როცა მედეა მომგლიჯეს მკერდით.
ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით
ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.
ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზე
მე სიყვარულის პოემას ვწერდი.
ჩემი ხატია, გულს მახატია:
იყალთო, გრემი და ალავერდი.
ზედ გულზე შემდგა მე თემურ ლენგი,
კოჭლი ფეხებით როცა გამთელა,
მაშინ მამულის საკურთხეველზე
ჩემი თითები ენთო სანთლებად.
მე თავი მედო გატენილ თოფზე,
მე ძილვფხიზლობდი, მე არ მეძინა.
ხან თეირანში და ხან სტამბოლში,
როგორც სამკაულს მყიდდნენ მე ძვირად.
ერთხელ ვარსქენმა თმებით მათრია,
განუკურნები დამრჩა იარა.
მაწამა და ვერ გადამარჯულა,
მომკლა და კერპებს ვერ მაზიარა.
გაზით დამგლიჯეს ათივე ფრჩხილი
და წამებული მიწოდა ხალხმა,
თუმც კაცი რაა, სიკვდილის წინაც,
მე დაჩოქილი ვერავინ მნახა!
ჩემს დაჩოქებას ნურცვინ მოელის,
უტეხი სული ჩემი განძია.
ასე ავაგე სვეტიცხოველი
და გამოვკვეთე კლდეში ვარძია.
ჩემს თვითეულ ქვას სიმღერა ჰქვია,
ჩემი ციხენი ძლევის ხმებია.
გულში მრავალჯერ მომარტყეს ტყვია,
ზურგში, - არც არვის უმიზნებია!
მე ტყვე ვიყავი ძალიან ხშირად
და არ ვიცოდი, რა იყო მონა.
თან წამოვიღე ფერეიდანში
ჩემი ქართული სიტყვების კონა.
ვერ ამომგლიჯეს პირიდან ენა:
შანთით, წამებით, მუქარით, ძღვენით
და... მღერის მთელი ფერეიდანი
ქართულ ჩონგურზე ქართული ენით.
ვერ დამავიწყეს ჩემი მამული,
ჩემებრ ტანჯული ქართული ენა,
მტერმა ვერასდროს გადამაგვარა,
მტერმა ვერასდროს გადამაშენა.
წიწამურს მომკლეს, ჰერეთს მაწამეს,
მიჯაჭვული და მკვდრეთით აღმდგარი.
ვუძლებდი ნგრევის წლებსა და წამებს
და ერთხელ მერქვა ჯურღაის ფარი.
ბევრჯერ მიმუხთლა ბედის სასწორმა,
რამდენს გავუძელ, რა შემძლებია, -
ჩემი სამგორის სამივე გორა
ჩემი სისხლი და ჩემი ძვლებია!
ამოვჭერ ქვაზე, ამოვჭერ ხეზე
და ყოველივე გულზე სწერია!
ამდენ ლეგენდებს და ამდენ ლექსებს
საქართველოზე მისთვის მღერიან.
თუკი სპარსეთის ტყვე მერქვა ერთხელ,
ბერლინზე დროშა მე ავიტანე.
და ვდგავარ, როგორც ალაზნის მუხა,
ნაგრიგალევი ძლიერი ტანით.
მქონია დარდი, ენით უთქმელი,
და არ ვქცეულვარ სევდა-წუხილად,
მე ერთ დღეს ვშობე დიდი რუსთველი,
საუკუნენი თავს რომ უხრიან.
ამირანის და არსენას დედა, -
ვინ გამაკვირვოს შვილთა დიდებით,
ცად და მიწად რომ მისი ხმა რეკდა
მე ისეთ ქართველს კიდევ გპირდებით.
მსურს კიდევ ახალ ხმებად დამრეკონ,
გპირდებით ახალ დავითს და საბას.
დე, კაბადონზე ცათა სამრეკლო
მათი დიდების ყვებოდეს ამბავს.
საუკუნენი მათ სადიდებლად
ყანწებით სვამდნენ ჩემს კახურ ღვინოს,
მეც ვიდგე, ვიდრე ქართველს ქართველის
ნამუსის ქუდი არ შემერცხვინოს!