Litclub.ge

ანდერძი
შვილიშვილებს
 
მშვიდობას ვეტყვი მალე ქართულ ზეცის საფირონს
და მცირე ტალღად შევერთვები ზღვას უნაპიროს!

ქარს იმქვეყნიურს დავახვედრებ მალე წინ აფრას,
დიდებულია, გარდვიქცევი უცებ წინაპრად!

და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წამებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას!

მე წავალ, რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები,

მეც გიწინამძღვრებთ, ცხოვრების გზას როცა გაყვებით,
მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით!

მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,
სამშობლო თქვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ,

მაგრამ გახსოვდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ -
თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ!

დამარცხებულიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,
ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ,

ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე, 
სხვისი მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ!