სიზმარში ვნახე სააკაძე -
შავნაბადაზე ასულიყო,
მუხლი მოედრიკა მაცხოვრისთვის,
ლოცვად მამულისთვის დამდგარიყო.
დღე იდგა ბნელი, სუსხიანი,
მზე სანთელივით ჩამქრალიყო,
ტაძართან იწვა თეთრი ბიჭი,
ძერათა ლუკმა გამხდარიყო.
მინდორში იდგა ღვთისმშობელი,
სიმწრისგან ცრემლად დაღვრილიყო,
პაატას თმები ნახანჯლარი,
ნაავდრალ ცაზე გაშლილიყო...
მდინარეს ხრამი ამოევსო,
ლურჯი გზაწვრილი ჩაშლილიყო,
მთის წვერზე მგზავრი გაჰკიოდა, -
ომი სამარცხვინო ამტყდარიყო!
ბაზალეთს ეცვა შავი კაბა,
ქართველთა ხიდი ჩამტყდარიყო,
ვაი, დიდგორი და ბასიანი
მტრის საამებლად წამხდარიყო...
წმინდა გიორგი თეთრი ცხენით
ძმებს შორის კედლად ჩამდგარიყო,
ყველა ქვა-ლოდი და საფიცარი -
ყველა ერთიანად დამტყდარიყო!
შავნაბადაზე შავი რაშის
პატრონი სადღაც გამქრალიყო...
გიორგის ხმალი აელესა,
თბილისის კართან შემდგარიყო,
დედა საქართველოს იფიცებდა!
დედა სამშობლოსთვის დამწვარიყო!
. . . . . . . . . .
თავზარდაცემულმა გავიღვიძე,
ხორცი ტკივლისგან მენგრეოდა,
თითქოს შავნაბადას ფერდობიდან,
ისევ ბაზალეთი თენდებოდა...