Litclub.ge

ანდერძი

                                   *** 

 

      კარგა ხნის უნახავი მყავდა მშობლები, დაბერებულები და ლამისაა ღრმად მოხუცები, უფრო გაუთავებელი ავადმყოფობებით, და  პარასკევ საღამოს გავუტიე თბილისისკენ. 
      კარგა ხანს  არ ჩავიდოდი ალბათ, მაგრამ ისე მთხოვა ჩამოდიო,  უარს ვერ ვეტყოდი. ტელეფონზე დარეკა და კარგა ხუთი წუთი დასჭირდა მასაც და მეც რომ გამეგო  რას მთხოვდა; სიტყვებს ვერ ვარჩევდი, ინსულტის შემდეგ ვერა და ვერ ამოიდგა ენა, ცალკეულ სიტყვებს თუ მაგებინებდა და უფრო მივხვდი ვიდრე გავიგე რომ ჩამოსვლას მთხოვდა. 
ბოლოს კი დედაჩემმა წაართვა ყურმილი, "ნუ გადარია ბიჭიო" და მითხრა, ჩამოვიდეს შვილოო, ასე გთხოვსო. 
მე მაინც მეგონა რომ ძველებურად შესაწირავი მიყავს  ეკლესიაში და უნდა მეც იქ ვიყო–მეთქი. ძმისთვის არ დამირეკია, რომ გამერკვია, ისე გავემგზავრე. 
                                     *** 
   ფონიჭალა ძალიან შორეული მეჩვენა, კიდევ ერთხელ ვინანე რომ არ დავაძალე ჩემებს ფოთში დარჩენა, დევნილებჩასახლებული  სასტუმროები რომ დაანგრიეს თუ ინვესტორებს მისცეს, მაშინ დარიგებული კომპენსაციით ფონიჭალაში ვიყიდეთ ოთახნახევრიანი და მშობლები და ჩემი ძმა ცოლითა და ოთხი შვილით თბილისში გადავიდნენ. 
არ მინდოდა ამ ღმერთგამწყრალ ქალაქში დარჩენილიყვნენ ისინიც, ასე ვფიქრობდი, იქნებ მერე მეც გადავიდე–მეთქი. ახლა ვნანობდი,  პატარა და თბილ ქალაქს მიჩვეულნი ვერ ეგუებოდნენ მეგაპოლისის გარეუბნის სიცივესა და  გაუცხოვებას. 
   დედაჩემმა გამიღო კარები და კიდევ ერთხელ მომეწურა გული; მთლად დაბერებულა, ძლივს დაჩლახუნებდა ოთახებში. 
   ადრიდანვე ტკიოდა ფეხი, გამახსენდა დედულეთში რომ მივყავდი საზაფხულო არდადეგებზე, აზანთაში, კარგა გზა იყო გასავლელი ბაბუაჩემის სახლამდე, და როგორ მეშინოდა, თუ ივლის დედამეთქი,  ვეხვეწებოდიხშირად დავისვენოთ დე,–მეთქი, მეშინოდა ფეხი არ ასტკენოდა და ისევ საავადმყოფოში არ მოწეოდა დაწოლა,კვირით თუ კვირანახევრით წელიწადივით რომ იჭიმებოდე ჩემთვის. 
   მახსოვს მაშინ როგორ ეღიმებოდა და მე ამ ღიმილის მნიშვნელობას რომ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ის კი ვიცი   მისი გაღიმებული სახე საოცრად რომ მამხნევებდა. 
   –როგორ ხარ?– ვკითხე მამაჩემს და გადავკოცნე. 
   –ოოო, – სიხარულით გაებადრა სახე და უფრო გაუჭირდა სიტყვის ამოთქმა, რაღაცა მითხრა, მაგრამ ისე რომ დედაჩემი და რძალიც ვერ მიხვდნენ. 
   – ნელა თქვი, ნელა!– ხმამაღლა უთხრა დედაჩემმა. 
   – ლა  შააა რატომ  არ  ცამოიქვანე, წამოიყვანე?– სახე საშინელი დაძაბულობისაგან წამოენთო. 
   – ლაშამ იავადმყოფა ცოტა და ამიტომ დავტოვე ,– შვილზე მეკითხებოდა. 
   – , ამის მეტი ჭკუა არა გაქვს შენ!––ყვირა დედაჩემმაორი დღის გულისთვის როგორ ეწვალებინა ბავშვი, ამხელა გზაზე, ცოდვა არ იყო? 
   – ეე! ეეეე!– ხელები გაშალა და გაბრაზებით შეხედა დედაჩემს. 
   – ახალ წელს ყველანი ჩამოვალთ და ერთი თვე დავრჩებით.– დავამშვიდე მამაჩემი. 
   – გუბაზი სადაა?– ვკითხე რძალს, რომელიც მაგიდას აწყობდა. 
   – მშენებლობაზეა, მოვა ცოტა ხანში, არ იცოდა შენ რომ მოდიოდი. 
   – უთარი, შენ უთხარი!– ისევ დაძაბა სახე . 
   – კი, გავუვლი მე და ვეტყვი.–დავამშვიდე მამაჩემი. 
   – როდის ? 
   – ახლა წავალ, თან მეგობარი ვნახო უნდა და გავუვლი სამსახურში. როდის მოვიდეთ?– მაინტერესებდა მაინც რა საქმე ქონდა. 
   – ოოოო რზეე, ოოორზე! 
                                   *** 
     უკვე ხუთი წელი გავიდა და მაინც ვერაფრით შევეგუე მამაჩემის ამ მდგომარეობას. 
რაც უნდა დამართნოდა ეს იყო ყველაზე უარესი რამ. 
მთელ აფხაზეთში იყო ცნობილი მისი ორატორული ნიჭი, აფხაზეთის რამდენიმე 
მოწვევის  საბჭოს დეპუტატიც გახლდათ, სოფელში ხომ ქორწილი თუ რამე დიდი 
თავყრილობები მისი თამადობის გარეშე არ ჩაივლიდა, ყოველთვის მაოცებდა, 
წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ერთ ადამიანს ამდენი ღვინო დაელია. 
ერთხელ კლასელის დაბადების დღეზე, მეგობრის მამამ თამადად," სხვას ვის 
დავნიშნავ, ამერანის შვილი აგერ ყოფილაო", თქვა და მადღეგრძელა. 
მეცხრე კლასში ვიყავი. ჯერ შევშინდი, მერე გავბრაზდი და ჟინმა ამიყოლია, 
მეშინოდა, რომ ვერ ვითამადო და ძმამ გაიგო განწირული ვარ მუდმივ საღადაოდ–მეთქი. 
შვიდი წლით იყო ჩემზე უფროსი და უკვე მამის სახელი გამართლებული ქონდა, 
სოფელში ამბობდნენ, არ თვრება, მისი დამთრობი არ გვინახია ვინმეო. 
მოკლედ მახსოვს სუფრას მე და ჩემი კლასელი გოგონას,– ვისი დაბადების დღეც იყო,– მეზობელი, ჭარმაგი კაციღა შემოვრჩით. 
ისიც მახსოვს რომ ადგა და ყანწი მოითხოვა, როცა მე  შევაგვიანე  მორიგი სადღეგრძელო; არაფრით არ ვათქმევინე, გამოვართვი და ყოვლაწმინდასი ვთქვი, ისიც მახსოვს რომ დავლიე, 
მეტი კი არაფერი. მერე  ძმა ტრაბახობდა  ყველგან, მაგრამ მეორე თუ მესამე დღეს 
ბრმა ნაწლავის ოპერაცია დამჭირდა, არ ვიცი სასმელის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ ასე კი დაემთხვა, ერთ თვეში კი ჩერნობილის ღრუბლებმა ჩამოიარა აფზაზეთის სანაპიროზე და მაინცადამაინს მე მომიჩრდილა; 
ასიოდე თუ ორასიოდე ბავშვი ვიწექით სოხუმის საავადმყოფოში, თავის აუტანელი  ტკივილით. ვერაფრით გვიყუჩებდნენ  ტკივილს. 
მახსოვს მამაჩემმა ექიმს რომ დაატეხა თავზე  წყლის დოქი თუ საყვავილე, როგორც მერე ამბობდნენ, ხერხემლიდან სითხის ამოღება უნდოდა,-  ასე თუ აჩერებდნენ გაუსაძლის ტკივილს. მეორე ექიმი ხსნიდა მერე, ტვინი ფართოვდება ამ დროს, აწვება ქალას და ეს იწვევს  თავის ტკივილებს, ვისაც სითხე  ამოვუღეთ იმწამსვე გაუჩერდა ტკივილი, თან რომ იცოდეთ რა ფერი ქონდა სითხეს, რა საშინლად ამღვრეული იყო, არ იტყოდით უარსო, თანაც არავითარი  გავლენა ამას ბავშვებზე არ ექნებაო, მაგრამ დედაჩემმა თქვა, 
რა ვიცი, ვინც მე ვნახე  გამოთაყვნებულები წვანან, რაღაც უსუცოცხლოდო“. 
მოკლედ არ ვიცი გამოთაყვნებას გდავრჩი თუ არა, მაგრამ კიდევ ათი დღე რომ ვიწექი 
საავადმყოფოში აუტანელი თავის ტკივილებით და  არც მომდევნო სამი თვე არ გამნელებია მაინცა და მაინც, კარგად მხსოვს. ერთი კი აშკარაა, ამის შემდეგ ვეღარ ვსვამდი, ყოველშემთხვევაში, 
ჩემს მალეთრობადობას ამას ვაბრალებდი და ახლობლებიც მიჯერებდნენ. 
აფხაზეთის შემდეგ აღარ სვამდა მამაჩემი, უკვე სამოცდაათს მიტანებულს მეჯვარე, ჩემი ნათლია, რომ გარდაეცვალა, არ დაუჯერეს და ათამადეს დაძალებით და მეორე დღეს ჩაექცა სისხლი. ეტყობა გაჟონვა არ იყო   ძლიერი, რადგან თავისი ფეხით მისულა ფოთის კლინიკაში.  ექიმი მიცნობდა და დამირეკა. ასე  მითხრა, 
მოდი ჩქარა, მამაშენი არაა კარგადო“. რომ მივედი,  მისაღებში იყო, სავარძელში იჯდა მოწყენილი.  ექთანი  ჩვენი სოფლელი იყო და იმინ მითხრა : 
"ტიროდა მამაშენი, ეტყობა შეეშინდაო". დაბალი ქალი იყო, პუტკუნა. 
მე ვეღარ მივხვდი სიტყვების მნიშვნელობას, მით უმეტეს რომ ექიმმა დამამშვიდა, 
არაფერია სერიოზული, წნევა ქონდა მაღალი, წამლები დავალევინე, ახლა კარგადააო“. 
ეს კლინიკა  დევნილებისთვის იყო განკუთვნილი და მე ვკითხე, საავადმყოფოში ხომ არ წვიყვანო–მეთქი? არაა აუცილებელი, მემგონიო. მხოლოდ ის იყო ექთანმა მითხრა ჩუმად, მაინც ჯობია ნევროპათოლოგს აჩვენოო. 
  მე მხოლოდ ნერვები გავიგონე და რატომღაც ასე გავიაზრე რომ ფსიქოლოგთან მთხოვდა მიყვანს. საშინლად გავბრაზდი და გამომცდელად შევხედე მამაჩემს. 
  საშინელმა სურათებმა წყება-წყება ჩაიარეს თვალწინ. 
  ვერ ავიტანდი  რომ მას მართლაც დასჭირვებოდა ფსიქიატრი, ეს მართლაც უსამართლო  მსჯავრი იქნებოდა მისთვის. 
  ვუთხარი მანქანას ვნახავ და წავიდეთ სახლშიმეთქი,  გაბრაზებით შემომხედა და მიყვირა: 
რათ მინდა მანქანა, ფეხით წავიდეთო“. ერთი კილომეტრი მაინც იქნებოდა ბინამდე,  თითქოსდა მიკროსკოპით ვაკვირდებოდი, ველაპარაკებოდი, არაფერი ეტყობოდა  გონებაარეულობის. მძიმედ ადგამდა ნაბიჯებს, არ უნდოდა შემჩნეოდა სისუსტე, 
ტროტუარებზე და კიბის საფეხურებზე ომახიანდ აბიჯებდა, 
გრძელი ნაბიჯებით მიდიოდა-  ძლივს ვეწეოდი. 
მეხუთე სართულზეც შეუსვენებლად  ამოვიდა, 
ერთადერთი ის იყო რომ სიტყვაძუნწობდა. დედაჩემსც ორიოდე სიტყვა მიუგდო და ლოგინზე წამოწვა. 
მე დავიწყე ფიქრი, ჩემი მეგობრებიდან ვის შეიძლებო ჰყოლოდა ნაცნობი  ფსიქიატრი. 
დედას ვუთხარი, მალე მოვალ, ექიმს ვნახავ–მეთქი. სამსახურში წავედი ექიმზე და საერთოდ ყველაფერ საშინელეზე ფიქრებით და მისვლისთანავე დამირეკეს. 
      ბინაში რომ დავბრუნდი, უსიცოცხლოდ იწვა ლოგინზე. 
ამდგარა და  ორიოდე ნაბიჯის შემდეგ წაქცეულა. 
მაშინღა მივხვდი რა მიუტევებელი შეცდომაც დვუშვი. 
მზად ვიყავი ექიმი, რომელმაც სახლში გამომატანა  ინსულტიანი კაცი, ათასნაწილად დამეფლითა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, გვიანი იყო ექთნის რჩევებიც, რომელზეც ასევე  გაცოფებული ვიყავი. სინდისის ქეჯნა მტანჯავდა იმის ფიქრით,მაშინ ნერვოპათოლოგს რომ ენახა იქნება განმეორებით არ ჩაქცეოდა სისხლი, ასე უსულოდ რომ დააგდო, და შემდეგ ფეხზე კი წამოდგა, მაგრამ ვერაფრით რომ ვერ აღიდგინა ენა. 
წრმოიდგინეთ ჩემი განცდები როცა ვუყურებდი  თუ როგორ ავარჯიშებდა მეზობლის მასაჟისტი ქალი მამაჩემს სიტყვების წარმოთქმაში, 
როგორ ასწავლიდა ასოებსა და წერას ჩემთვის კარგად ნაცნობი დედაენით... 
დედაენის სახელმძღვანელო შემძულდა მას შემდეგ. 
                                                                                                                *** 
    ძმას გავუარე სამსახურში, ბიძაშვილებთან ერთად მუშაობდა  რომელიღაც მშენებლობაზე, ვაკეზე აგებდნენ  რაღაცას, სასტუმროს სამორინეს თუ რავიცი, ცენტრ პოინტის ეგიდით, სამი თვე ირბინეს,  მუშებად რომ დაეწყოთ სამსახური. 
   – ვა, როდის ჩამიდი?– გაუხარდა ჩემს ძმას. 
   – დილით.– მივესალმე, ბიძაშვილი, გიგიც, გამოვიდა შემოღობილიდან და ჩამიკრა მხრებში. ყველაზე ახლოს მასთან ვიყავი ბიძაშვილებიდან, სამიოდე წლითღა იყო ჩემზე უფროსი. 
   –როგორ ხართ აღმაშენებლებო?–გვეხუმრესავით. 
   –ჰო, დაგვცინე შენ და იყავი  კოღოების ქალაქშიარ დამრჩა ვალში გიგიც. 
   –იყავი სახლში? 
   –არა ბიჭო, მშობლებზე ადრე ჩვენ გვნახავდა ხო იცი?– გაიცინა გიგიმ.– როგორაა ამირანი? აუ რამდენი ხანია არ მივსულვარ, არც მიმიშვებს ალბათ. 
   – რა ვიცი, არა უშავს!– ვეუბნები უაზროდ და ძმას მივუბრუნდიორ საათზე გამოდითო გვითხრა. 
   – , რატომ?–გაუკვირდა ძმასრა ხდება თუ იცი? 
   –ვა, ბიჭო, ხომ ამბობდა  ცხვარი უნდა დავკლა ბინაში გადასვლის აღსანიშნავადო, ეტყობა ამიტომ გეძახით,–თქვა გიგიმ. 
   – ეტყობა.– ჩაფიქრდა ძმა.–შენ სად მიდიხარ? 
   – მეგობარს ვნახავ და მოვალ ორზე. 
   – კარგი, მე მალე წავალ. 
   –ბიჭო, ამირანმა ის  რევორველი სად წაიღო?– ეკითხება ძმას გიგი? 
   – რა ვიცი. 
   – ქონდა საერთოდ?– ვეკითხები მე,– ყველა ამბობს, მაგრამ მე მის ხელში არ დამინახია. 
   –როგორ არ ქონდა, რას ამბობ!– გაიოცა გიგიმ,– თურქი მესხები რომ მოაწყდნენ კრასნოდარს, ჩემი თვალებით ვნახე  მამაშენი, რევორველი ჰქონა წელზე დაკიდებული,  ვოლგაში ჩასხდნენ და გუდაუთისკენ წავიდნენ, კარგად მახსოვს, შენ არ გახსოვს?– მიუბრუნდა გუბაზს 
       – როგორ არ მახსოვს!– ხელი ჩაიქნია ჩემმა ძმამ,– ლინდავაში თუ ოდიშში, კეისში ქონდა  თურმე, რომ გამოვაცილეთ დედაჩემი და მაგი , მოპარეს მგონი მთელი კეისი ვიღაც ახვრებმა. 
   –რაღა ის კეისი მოიპარეს? 
   –– პატარა კეისი იყო, იქ ისეთი არეულობა ყოფილა, დედაჩემმა მითხრა, თუ ძმა ხარ ვის ეცალა კეისისთვის!– ხელი ჩაქნია გუბაზმა და არც გიგის გაუგრძელებია საუბარი. 
   –კარგი წავედი და  ორზე მოვალ. 
                                             *** 

       არ უნდა მომემატებინა ამხელა, ძლივს ავდივარ აღმართზე. 
ვქოშინებ და ოფლი წურწურით ჩმომდის. აბა ადვილი რომ იყოს აქ ამოსვალა. 
აქ მოვწევ თორემ ზემოთ უხერხულია. 
ჩალასავითაა დაღლილზე. ამის დაწყნარებული ნერვების დედა ვატირე. 
კავკასიური ნაგაზია, ყეფს გამწარებით. ამან რომ აიწყვიტოს  ამომსვლელებს ვინ ამბობს, აქ  დამკვიდრებულთაც შეაშფოთებს ალბათ. ეტყობა    რომელიღაც მამაოსია ან მორჩილის, რას გაიგებ. 
მითოსური კერბერივით იცავს აქაურობას თუ რაა ნეტავ. 
გაუთავებელი ყეფით არ აწუხებს? ღვთისმსახურებს რისგან დასაცავად უნდათ ნეტა. 
კარგად გაუკეთებიათ. სამი წელია მგონი არ ამოვსულვარ. არადა რა მტკიცედ ვამბობდი, თბილისში როცა ვიქნები ყოველთვის ამოვალ მეთქი. 
ასაკს მიაქვს აღთქმები თუ ცხოვრებას თუ დაღლილობას? 
არის ახლა ნეკროფილობა აქაურობა რომ მამშვიდებს? ასე არ უწოდებენ ფსიქოანალიტიკოსები? ერთი მაგათ რა უნდა თქვან, იუნგი არ იყო გვამის სურათი რომ დაიკიდა კაბინეტში? 
წმინდა ალაგნი შენნი. 
წავბილწეთ ნეტა? ვინ უნდა განსაჯოს, გელაძის ქალი იწვეს აქ თუ არა... 
მამაჩემს რომ უთხრა უნდა ჩამოასვენოო გადაირევა. 
სახლში სტლინის იმხელა სურათი ჰქონდა... პროტესტის გრძნობა იყო ალბათ. 
დიდი ქართველი და ვებერთელა პიროვნება. 
ერს რომ ამის მეტი არ ექნება სატრაბახო... ჰეი, დედანო. 
ვა, რამხელა  სამკვიდროა?  აჰა, გზა ქრისტესი და გზა ბარაბასი, აირჩიე ქართველო ერო. 
ერთი  მაშინ აირჩიეს  ხო იცი და მეორე ახლა აირჩევდნენ. 
როდის იყო მასა პიროვნებას ირჩევდა? 
მაინც რამხელა საფლავია. მისიც კი არაა ამოდენა... 
ბერდნენკას ტყვია ეტყობა პისტოლეტის ტყვიაზე მსუბუქია... 
სამშობლო თუ ჭეშმარიტება. დრო განსჯის? რას უშველის დრო, მერეც ასევე იკამათებენ... ასი წლის შემდეგაც... სიკვდილი მაინც ჭეშმარიტებაა, თანაც უტყუარი... 
სიკვდილით დაამტკიცა მაინც კაცმა ჭეშმარიტება. 
ამის დედა ვატირე, მე კი ორი გოჯით მეტი საფლავი ერგო თუ ნაკლები ამაზე ვფიქრობ... 
                                  *** 
  ლოგინზე წამოვწექი, სიგარეტს ვაბოლებ და ვუმზერ მშობლებს. 
  რძალი მაგიდასა და სამზარეულოს შორის დაქრის, ბავშვები ანცობენ და მაწვალებენ, 
მაგრამ მე წამით არ ვცილდები მშობლებს ფიქრით. 
დედაჩემიც ცდილობს  დაეხმაროს რძალს, კოჭლობითა და სვენებ–სვენებით დადის ოთახში. მამაჩემი სავარძელშია ჩაფლული მდუმარედ, მაგრამ ცოცხალი თვალებით აკვირდება ყველაფერს, ხანდახან მე გამომხედავს. მერე დგება და ლოჯიისაკენ მიდის. 
იქაა საძინებელი  მოწყობილი მშობლებისთვის. 
უფრო ნათელი ოთახია და  უფრო მოძრაობს ჰაერი,  ზალას ისევ იქ ვამჯობინეთ. 
კარგა ხანს  ბორძიკობს  ლოგინთან რაღაცას შემდეგ მოაქვს საკმაოდ მოზრდილი, ნაჭრის პატარა ტომარა, წითელი ნაჭრით თავმოკრული. 
მოათრევს ჯამრთელი მარცხენა ხელით, ძმა წამოდგა მისაშველებლად, მაგრამ არ დაიხმარა და მაგიდაზე დადო. მერე მე მომიბრინდა, სკამზე მიმითითა და მითხრა: 
  – მოოდი, მოდი,– თვითონაც დაჯდა, მე და ჩემი ძმაც მივუჯექით მაგიდას. 
  – არ მითხრა ახლა ოქრო მქონდა შენახულიო,– იცინის ჩემი ძმა და ინტერესით აკვირდება შეკვრას. 
  – ეე, ეეე!– ბრაზობს მამაჩემი და მერე უთითებს,– გასენი,  გახსეენი. 
  ძმა ნელა ხსნის  ფუთას და იქიდან პატარპატარა, ნივრისხელა,  ცელულოიდის პარკში გამონასკვნილ ფუთებს იღებს, ოცამდე იქნება. 
  – გახსენი,– ამბობს მამაჩემი და სახე უღიმის. 
  – რა, არის ეს, ღმერთო მომოკალი!– გაბრაზებული დგას დედაჩემი  და მაგიდას დასჩერებია. 
  – ყველა გავხსნათ?– ვეუბნები მე სიტყვის მასალად და დაბნეული დავჩერებივარ ფუთებს. 
  – ოოო, ჰოოო!– ამბობს მამაჩემი და ნერვიულად  გვანიშნებს ხელით მაგიდისკენ. 
  ნელნელა ვხსნით შეკვრებს მე და ჩემი ძმა და მაგიდაზე ვაპირქვავებთ. მაგიდა ივსება ხუთ, ათ, ოც, ორმოცდაათეთრიან და ლარიანი მონეტებით, ალაგალაგ დაკუჭული ქაღალდის ლარიანებიც ურევია. ცრემლი მაღრჩობს და სიტყვას ვერ ვიღებ. 
  – ღმერთო შენ მიშველე!– თავშლით იწმენდს ცრემლს დედაჩემი. 
  – ჰეეე, ეეე!– უბრაზდება მამაჩემი და ჩვენ გვეუბნება, გაყავით! 
  სიგარეტს ვუკიდებ და ძმას ვუყურებ. 
  – ზუსტად გავყოთ?– ეღიმება ჩემს ძმას, მაგრამ ვგრძნობ მასაც როგორ აჩუყებული აქვს გული. ბავშვები გაოცებული, გაფართოებული თვალებით უყურებენ მაგიდას. 
  –ჰოო, ჰოოოო! 
  – ბავშვებს რომ მივცეთ არ შეიძლება?– ვეკითხები მე. 
  – არა, აარაა!– ნერვიულად უარობს მამაჩემი. 
  – ამას რა დაითვლის!– ამბობს შეწუხებული ძმა. 
  – ააა, ააააა!–ყვირის მამაჩემი. 
  –კარგი, კარგი!– ვეუბნები მე და  გროვას შეძლებისადაგვარად შუაზე ვყოფ ხელით და ორად ვანაწილებ. 
  – არა, ააარა!– ბრაზობს მამაჩემი, თანაბრად! 
  – თანაბარია, რა გინდა?  ჩვენ არ ვიჩხუბებთ.– იღიმის ჩემი ძმა და ორ ცალ ქაღალდის ლარიანს ჩემსკენ დევს. 
  – კარგი შვილო, არ აწყენინოთ, რაღაცა იყიდეთ სიმბოლურად.– გვეუბნება დედაჩემი. 
  – ეტყობა  დიდხანს აგროვებდა და ყრიდა ტომარაშიჩუმად ამბობს ჩემი ძმა და სიგარეტის კვამლში ეხვევა, მე დანანებით დავჩერებივარ ხურდების გროვებს. 
  –ესენი  შეოვე, შეაგროვე!– ამბობს მამაჩემი და  ტომარასა და ცელულოიდის პარკებზე გვითითებს. 
  –რათ გინდა?– გაკვირვებული ვუმზერ. 
  – შეაგროვე! 
ვაგროვებთ  ცარიელ პარკებს და დიდ ტომარაში ვკუჭავთ. 
  – დაცვი! 
  – რა? 
  – დაწვით! 
  – დაწვითო დედა, არ იცი ამის წესი?– ამბობს დედაჩემი. მე გამახსენდა, მამაჩემი ფრჩხილებს რომ დაიჭრიდა ერთად მოაგროვებდა და აუცილებლად დაწვავდა, ცრუწმენის ჯეროდა, ყავას რომ დალევდა აუცილებლად წყალს ჩაასხამდა ფინჯანში, ვინმემ არ ჩახედოსო, ახასიათებდა ასეთი უცნაურობები. 
  – სად დავწვათ ამ ქალაქსი?– ბრაზით ეუბნება ჩემი ძმა და ფანჯრიდან იხედებაწამო აგერ ეზოში შევუნთოთ ცეცხლი, თუ არ გადაირივნენ მეზობლები. 
   ფლოსტებს ვიცვამ და გარეთ გავდივართ. კორპუსთან პტარა  მოედანია, იქ ბალახებში ვდებთ  ფუთას და ძმა სანტებელათი აგუზგუზებს ტომარას. კარგა ხანს იწვის შეკვრა. 
  – ამას რომ დასცლოდა  მართლა დაადგამდა თავს რამესამბობს ძმა. 
  – თქითქმის აწყობილი ჰქონდა!– ვეთანხმები მე. უამრავ ადამიანს იცნობდა ხელისუფლებაში, წამოიწყო კიდევაც რაღაც საქმე, მახსოვს გვპირდებოდამანქანებს გიყიდით ორივესო, მე მეცინებოდა, მაგრამ მერე ვატყობდი რომ შეიძლება მართლა გამოსვლოდა, იმხელა ბუღალტერია და საქმიანი შეხვედრები ჰქონდა... რომ არა ავადმყოფობა არ ვიცი როგორ წარიმართებოდა საქმე. ფირმის ლიკვიდაციას ერთი წელი  და ნერვების გლეჯა დასჭირდა. მახსოვს სულ ბოლოს ლიკვიდაციისა, დახურვის თუ რაღაც დოკუმენტები რომ მივიტანე აფხაზეთის მთავრობის რომელიღაც წევრთან თბილისში რა დანანებით შეხედა  იქვე მდუმარედ ფანჯარასთან დამდგარ საქმიან, გამოჰალსტუხებულ ბიძას და უთხრა
"ეჰ რა დამართნია ამირანსო!", იმანაც 
აბა ბიჭოვო!“. 
მე ვკითხე, 
" ყველაფერი ხომ მოგვრადა , რამე პრობლემური ხომ არ დარჩამეთქი?" 
არა, არა,  თქვენ თავისუფალი ხართ, არაფერზე იდარდოს მამაშენმა, მომიკითხე და უთხარი მალე გამომჯობინდითქო!“
  ბოლო  ნაკვერჩხლებს აქრობს ჩემი ძმა და  ჩაფიქრებული ვბრუნდებით ბინაში. 
                                            *** 
    მატარებელი მონოტონურად და ჩაქჩაქით მიირწევა. 
    ზემო ნარზე ვწევარ და სინანულის, უსუსურობისა და უიმედობის განცდას ვყავარ ატანილი. ადამიანი თავად განწყობებია ალბათ, რას გაუგებ, თუმცა რა თეორიებით შეიძლება აღწერო მოვარდნილი და წამიერად  შემპყრობი განწყობა? უზნაძე ავადმყოფებზე წერდა მგონია და იმათაც ვერას გაუგებ მისი და მისი ავადმყოფებგაანილიზირებული კოლეგების ნაღვაწებით და ჯანმრთელებს რა უნდა მიუხვდე? რა ქვია იმ განწყობას,  ნაინსულტარი მამაჩემი რომ გავაცილე ბინიდან და ორიოდე სიტყვა ძლივს რომ ამოღერღა და მეტს ნუ გამომყვებიო მითხრა, მე კი, კარგიმეთქი რომ ვუთხარი და მალულად გავედევნე, სადმე გადასასვლელში არ გაუჭირდესმეთქი;  მტკივანი კიდურების ჩოჩიალით რომ მიდიოდა და უკან იხედებოდა ხანდახან, ხომ არ გამომყვაო? რა გინდა დაარქვა? გრძნობების სახელებიც  ადამმა ამოწურა ალბათ. თავს ვუღრმავდები, რა წუთს რა გრძნობა ამიყოლიებს, მაგრამ ვერაფერს ვუგებ და აბურდული ფიქრების  გაფანტვას ვცდილობ აზრმიუცემლად და უშედეგოდ. მთელი ღამე იმაზე ვფიქრობ, როგორ არ ამოაღებინა  მამაჩემმა ჩემი ხერხემლიდან სითხე ექიმს, მერე  სულ ის მიდგას თვალწინ როგორ ომახიანად მომყვებოდა,  თურმე ინსულტიანი, გვერდით,  მე კი ფსიქიატრზე რომ ვფიქრობდი, ნაცნობი ექიმი და ექთანი მახსენდებოდა და მსურდა შუაზე გამეგლიჯა ორივე. 
  – უკაცრავად, ტელეფონი თქვენია!– მეუბნება ახალგაზრდა ქალი და ღიმილით მაწვდის მობილურს. 
    მე დაბნეული ვუხდი მადლობას, ტელეფონს ვართმევ და შეშინებული სასწრაფოდ ვიყოფ ხელს ჯიბეში, მონეტების სიცივეს ვგრნობ და ვმშვიდდები, მერე გვერდს ვინაცვლებ, მარჯვენა ჯიბიდან სიმძიმე მეღვენთება და  ენითგამოუთქმელი სითბო ჟრუანტელად მივლის სხეულში.