მარტოხელა დედების ხვედრი –
აგერ, დედაჩემს, მაგალითად, ყველა ბეჭედი ჩრდილოეთის ქარმა წააძრო.
მერე გამოჩნდა მამაჩემი – მუხლისთავებგადაყვლეფილი,
თვალებით ღრუბლებს მიბჯენილი,
– შვილო, შვილოო, – ძლივს გაბედა, – დაგიბრუნდიო.
(უძღები მამის დაბრუნებაც ყოფილა თურმე...)
მერე სახლებმა დარაბები გამოიხურეს და შუა ზღვაში გადაყარეს გასაღებები.
მე მყვინთავი ვარ,
მზეზე როცა მისკდება კანი,
ვხტები მაღალი ქარაფიდან
და ქარვა ჟონავს...
მეზოზოური პერიოდიც აღარ დასრულდა.
ვერც მიწაზე, ვერც წყალში ვერ ვძლებ,
კაცი და თევზი – ერთ სხეულში გამოკეტილი.
კიდევ ეს შავი დიაფრაგმა – გოგორდწყალბადი!
მე მყვინთავი ვარ,
დედაჩემის ბეჭდებს თუ არა,
გასაღებებს მაინც ვნახავდი!..