ვინ დაუჯერებს ლექსებს და ლოცვებს, _
ცხადში ერთმანეთს შეგვაჯერებენ...
სიტყვებით ვხატავ საკუთარ პორტრეტს
და შენა გჩუქნი მერამდენეჯერ,
რომ მიხვდე: მე არც მტრედი ვყოფილვარ,
არც განაბული ყანაში მწყერი,
მე აწეწილი სულის ქრონიკას
არ ვალამაზებ და იმ დღეს ველი,
როს მტრედი წერილს დაკარგავს გზაში,
გაგიფრინდება მწყერი მწყაზარი, _
მე გზას გავიკვლევ ნისლიან ცაშიც
და მეყვარება შენი ზამთარი.
რომ არ დამესხას შიმშილით რეტი,
საკენკს დამიყრი კვლავინდებურად,
გაგახსენდება ჩემი პორტრეტი
და მიმამსგავსებ ერთგულ ბეღურას.