Litclub.ge

ევროპის პირმშო (თარგმანი ზვიად რატიანის)
1
ჩვენ, ვისი ფილტვებიც ისრუტავენ დილის სინედლეს,
ვისი თვალებიც მოხიბლულან გაფოთლილი ტოტით მაისში,
ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც უკვე მოკლეს.

ჩვენ, ვინც პირველნი ვაგემოვნებთ აღმოსავლური სამზარეულოს ახალ მიღწევებს,
ვინც ალერსის წვრილმანებში ზედმიწევნით კარგად ვერკვევით,
ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც წევს მიწაში.

ხანძარში ხოხვისგან, მავთულხლართებისგან,
რომელთა მიღმა ზუზუნებდნენ მარადიული შემოდგომის ცივი ტყვიები,
ჩვენ გვიხსნა მოხერხებულობამ და ცხოვრების სწორად გაგებამ.

სხვებს წილად ერგო დაცხრილული სამალავები
და ჩვენი მკაცრი მოწოდებებიარ დაეთმოთ არცერთი გოჯი,
ჩვენ გვერგო ფიქრი, რომ არაფერს არა აქვს აზრი.

თუ არჩევანი მერყეობდა ორ სიკვდილს შორის
და მათგან ერთიჩვენი იყო, მეორე კიჩვენი მეგობრის,
ჩვენ ვირჩევდით უკანასკნელს, და ვფიქრობდით: ოღონდაც სწრაფად.

ეს ჩვენ ვიყავით, ვინც ვრაზავდით გაზის კამერებს,
პურს ვიპარავდით და ძალიან კარგად გვესმოდა,
რომ ხვალ იქნება კიდევ უფრო საშინელი, ვიდრე დღეს არის. 

და როგორც მუდამ უხდებოდათ ადამიანებს,
ჩვენ შევიცანით სიკეთეც და ბოროტებაც; არაფერია
ქვეყნად ბადალი ჩვენი ბილწი გამჭრიახობის.

და ვცნობთ დადასტურებულად, რომ მართლაც ვჯობდით
აღტკინებულებს, უსუსურებს, გულუბრყვილოებს,
რადგან, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს სიცოცხლის ფასი.

2
ევროპის პირმშოვ, დააფასე ეს მწარე ცოდნა,
მემკვიდრეობით მიღებული გოთიკური ნაგებობები,
ეკლესიები ბაროკოს სტილში, ენისჩლექით მოლუღლუღე მწუხარება
სინაგოგების, დეკარტის შრომები,
სპინოზა და ხმამაღალი სიტყვა ღირსება.
გამოცდილება დააფასე, შეძენილი შიშის ხანაში.
სხარტად იჭერდეს პრაქტიკული გონება შენი
წუნს და სარგებელს ყოველი საგნის.
დახვეწილობა და სკეპსისი, აი, რაა გარანტია სიამოვნების,
რაც პრიმიტიულ სულებს არ ესმით.

შენ, აღწერილი გონებრივი წყობის პატრონი,
მთელი სიღრმით შეაფასებ ქვემოთქმული რჩევის სიზუსტეს:
დილის სინედლით ამოივსე ორივე ფილტვი.

ზოგ მკაცრ, მაგრამ ბრძნულ პირობას აქვე დავურთავთ:

3
არავითარი საუბრები ძალის ტრიუმფზე.
დღეს ზეიმობს, ეს შეიგნე, სამართლიანობა.

ძალა საერთოდ არ ახსენო, რომ არ დაგბრალდეს
საიდუმლო მომხრეობა მცდარი მოძღვრების.

ძალაუფლებას ვინც ფლობს ახლა, ფლობს მას მხოლოდ ისტორიული
ლოგიკის ძალით. სხვას არაფერს არ სცე პატივი.

ხელმა აყალბოს შედეგები, იქადაგოს მოძღვრება ბაგემ,
მთავარია, ერთმანეთის არა ესმოდეთ.

ისწავლე ხანძრის წინათგრძნობა წამის სიზუსტით,
მერე კი დაწვი შენი სახლი, რომ გამართლდეს, რასაც ამბობდი.

4
გამოზარდე სიცრუის ხე, ოღონდ მხოლოდ სიმართლის თესლით.
პატივი არ სცე მატყუარას, სინამდვილე თუ ეზიზღება.

სიცრუე უფრო ლოგიკური უნდა იყოს, ვიდრე არის სინამდვილე. გადაქანცული
მგზავრი ჩამოჯდეს, დაე, მის ჩრდილში. 

დღე სიცრუეს მიუძღვენი, საღამოს კი ვიწრო წრეში იმხიარულე,
გაიხსენე, როგორ იყო სინამდვილეში.

ჩვენ ვართ უკანასკნელები, ვის სიცრუესაც ჯერაც შერჩა ნიშანწყალი
სასოწარკვეთის, და ვისი ცინიზმიც სიცილის წყაროა.

არადა უკვე წამოზრდილა სხვა თაობა, გაცილებით სერიოზული
და ჩვენი სიტყვების პირდაპირ გამგები.

5
სიტყვა ნიშნავდეს არა იმას, რასაც ნიშნავს, არამედ საზომს
რამდენად არის შენი სისხლი გაფუჭებული. 

ორაზროვნება იყოს შენი იარაღი. ყოველი სიტყვა
ენციკლოპედიის წიაღში ჩაუშვი.

არ ენდო სიტყვას, ვიდრე ცნობა არ მოგივა კართოტეკიდან
მისი წარსულის დეტალური აღწერილობით.

მსხვერპლად გაიღე გონების ხმა ველური ჟინის სასარგებლოდ,
რადგან პირველი ისტორიის მსვლელობაზე ვერ ზემოქმედებს.

6
ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს.
მითუფრო ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ.

ნუ დაიჭერ საქმეს ხალხთან: ადვილად კვდებიან.
ან უარესი: განსაცდელში ჩავარდნილნი, შველას ითხოვენ.

არ შეინახო სუვენირები. შეიძლება შენი უჯრიდან
ისეთი კვამლი ამოიჭრას, კიდეც დაგახრჩოს.

არანაკლებ მავნებელია ბავშვობის ტბაში დიდხანს ყურება:
ლემნების აპკი შენს ანარეკლს დაამახინჯებს.

7
ვინც ისტორიულ მაგალითებს იშველიებს, იშვიათად აწყვეტინებენ.
მკვდრენი აღარ აღსდგებიან, რათა უარყონ.

შეგიძლია ყველაფერი დააბრალო, რასაც ისურვებ.
დუმილიმხოლოდ ეს იქნება მათი პასუხი.

ღამის წყვდიადში მოცურავენ ცარიელი სახეები გარდაცვლილების.
შეგიძლია შეურჩიო ის იერი, რომელიც გაწყობს.

გულმოცემულმა მკვდართა ზედა მოხვეჭილი ძალაუფლებით
დახვეწე წარსულისახედ და ხატად შენად.

8
სიცილი, ერთდროს სიმართლის ექო,
დღეს ხალხის მტრების იარაღია.

დასრულებულად გამოცხადდეს სატირის ერა.
კმარა მოხუცებულ ტირანზე ქირქილი.

როგორც მართალი საქმისათვის მებრძოლები, ჩვენ ვართ პირქუშნი.
დღეიდან მხოლოდ საქმიანი იუმორის ნება გვეძლევა.

მიზანსწრაფულნი, მოკუმული ბაგეებით, დიდი სიფრთხილით
შევაბიჯებთ მოცეკვავე ცეცხლის ხანაში.