Litclub.ge

ჩიტები
ზამთარი სუნთქავს თოვლით და თოშით,
უფერული და შორიდან მკრთალი,
ჩანან სახლები, ჩაფლული თოვლში,
ზედ მიბჯენილი ჩიტების კვალით.

ბუხრები კვამლის ბილიკებს ჭრიან,
გალიბრულ ცაში მიბობღავს სითბო,
ყური მიუგდო ფრინველთა ჭრიაქს,
მოუსვენრობის შეგრძნება ითხოვს.

ცაში შეყინულ ვედრების ტოტებს,
აწყდება ჩიტი, ვით ქარი ანძას...
ო, მუდამ მოსდევს ზამთრის ამ მოტივს,
მოსალოდნელი ხიფათის განცდა.

აღარ აცლიან ამოთქმას სულის...
ცაში როდემდე ეკიდონ ფრთებით!
განა უბრალო თავნება სურვილს,
მფრთხალი ჩიტები ჩამოჰყავს ქვევით.

თავის თავში რომ მალავენ შიმშილს,
გაფრთხილებულნი ათასგვარ ჭორით
და მუდამ მანძილს იცავენ შიშით
სიმშვიდესა და სიფრთხილეს შორის.