დაე ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ!
ყველაზე მარტივი მოტივი მარტია,
თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.
და მერე მარტიდან, წვიმების სეზონის
გარდაუვალობით გაწამებს ანანკე.
და არის აპრილი, უდაოდ, რეზონი
და მერე მაისი და მერე... მანამ კი:
ოთახში სიბნელე. სიბნელის ოთახში -
საგანთა ქაოსი. ქაოტურ საგნებში -
ყოვლად უსარგებლო ნივთების ზარდახშა.
ნაცნობი ანფასი, დაორთქლილ სარკეში.
კედელზე ნახატი - მილანი, ლა სკალა.
ფანჯრებზე არეკვლა, გერბერთა პროფილის.
და ღამის ზეწოლა - ცხრა გიგაპასკალი.
და მთვარე - სიგიჟის პერპეტუუმ მობილე.
უძილო თვალებში სამყაროს სიმრუდე.
და ერთფეროვანი დღეების რიგები
ქრებიან ერთბაშად, ასტრალურ ბერმუდში.
და ისევ თავიდან და ისევ იგივე...
და მერე მარტიდან, წვიმების სეზონის
გარდაუვალობით გაწამებს ანანკე.
და არის აპრილი, უდაოდ რეზონი
და მერე მაისი და მერე... მანამ კი:
მირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას -
დაე ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ!
ყველაზე მარტივი მოტივი მარტია,
თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.