Litclub.ge

ფაროსიადა
მოხეტიალე შუქურაა - ძველი ფაროსი - 
ქრება. ინთება. ისევ ქრება. ისევ ინთება. 
სანთელი - მკვდარი ხომალდების სასაფლაოზე - 
სადაც ერთმანეთს - თევზებივით ჭამენ მითები 
და ბოლოს ისე იზრდებიან, ზღვების სიგანე 
ვეღარ იტევთ და მოცოცავენ ზემოთ, ხმელეთზე 
თავისი მკვდრებით და ცოცხლებით. და ეს სიგნალიც - 
შუქურა, როგორც გამავალი შუქი - ხელებში 
და შუბლში - ისევ ინთება და ქრება და ისევ 
გეწევა. ვიდრე ტრიტონები ღონიერ მკლავებს 
შემოხვევენ და სხვებს თავისთან დაიტოვებენ, 
შენ - ამფიბია - ქურუმების ძველი საკლავი - 
გააღწევ ყველა მითიდან და როგორც იონა - 
მტრედი - ვეშაპის მუცლიდან და ზემოთ - ჰაერში - 
ვთქვათ, ალკატრასის შუქურასკენ - ისე იოლად 
შემობრუნდები, თითქოს ოთხივ კუთხივ გაეშვი 
მას, ვინც საშოში გამოგზარდა. ეს კოცონები - 
ეს შუქურები - სხვა მგზავრების ბანაკებია - 
დაისვენებენ, დაანთებენ, კვლავ აკეცავენ 
გუდა-ნაბადს და სხვა კოცონთან დანაყრდებიან. 
შენ კი - შორიდან გგონია, რომ გადარჩენაა - 
ხელის დაქნევა, დაძახილი, და რომ კოცონებს 
შენთვის ანთებს და აქრობს ვიღაც. და დანარჩენი 
გზაც - შემიძლია - შუქურებით სავსე მოგწერო.