Litclub.ge

დედა მარიამს
ჯარისკაცებად გადაიქცნენ და
ცეცხლის პირისპირ
მრისხანედ დადგნენ
თამარაშენის ღამეები..
ის შრიალა აბრეშუმის ტანისამოსიც
ასე უეცრად ფარაჯებით როგორ შეცვალეს!
ფოთლები მოუჩანთ წყვდიადიდან და,
ვაშლებისხიან ხელებს
ღრუბლით ფარავენ..
სიმღერა უჭირთ
თამარაშენის ღამეებს..
მდინარეებიც, ეს წყლიანი სალამურები,
ახლა სხედან და
სნეულებივით სისხლს ახველებენ.
ვინღა დადის ზამბახის ბაღში,
ყური გულისთვის რომ მიუგდია და
არსად ისე მძაფრად არ მოესმის
სამშობლოს სიჩუმე,
როგორც აქ, ღამით
თამარაშენში!..
და ის ლეღვიც,
სიმწიფისგან კალთაში რომ აცვიოდა
ფერად ეზოებს,
ბავშვებად იქცა და
დახვრეტილი გულებიდან ეღვრება რძე..
წადით, წადით
შუაღამის ჯარისკაცებო,
თქვენივე ზურგებით გადარეკეთ
ეს სამყარო სამოთხისაკენ,
გადაიყოლეთ მოსახდენიც,
აუხდენელიც,
მიაღწიეთ,
მიათრიეთ დაღლილი მხრები
ქვეყნიერების ბოლო კიდემდე
სადაც სულები ეყრება სულებს
და მიწას ზეცის ოცნება ადევს..
იქ არის მამაც, და
როგორც ყველა მამის წესია,
შინმისულ შვილს
ოცნების სიმაღლით სცდის.
...და თუ სამშობლო 
ისევ იმას ნიშნავს,
რაც მამამ ოდესღაც ჩაგჩურჩულათ,
და თუ სამშობლოც
ისე მარტოა მამის წინაშე
როგორაც-შვილი,
მაშინ
ღიაა ქვეყნიერების ყველა კარი თქვენთვის 
და ფრთებდაღლილნი,
ნაომარნი,
ნაოცნებარნი,
სიმღერით შედით ღია კარში
და დანარჩენი სამყაროსთვის
ბავშვის გულიდან ილოცეთ,
თამარაშენის ღამეებო!.