Litclub.ge

ზამთარი
ზამთარია,
შეისვენე მდინარის წყალო,
შეაფინე მინდვრებს შენი ნაოფლარი პერანგი,
შეისვენე ყინულის კართან და
ჩამოჯექი.
ზამთარი ღვთისაა და
არ ეღალატება –
ორი ღერი სიტყვა
პურივით უნდა გაუტეხო,
ამ მთისა უთხრა და
იმ ბარისა,
ჭიქა ბროწეული წაუქციო –
ბავშვივით თეთრზე მაინც
რამეს გადაისხამს,
მერე დაყნოსავს და
სიხარულით აელვარდება –
სიზმრის სუნი აუვა.
როგორც სტუმარს
ისე დაუჯექი ზამთარს
მდინარის წყალო,
შეისვენე, მუხლი გაშალე..
გაზაფხულიც ხომ მოდის ხოლმე,
და შემოდგომაც ხომ მოდის ხოლმე,
სა ზაფხული ხომ
მოდის და მოდის, მოზანზარებს,
მაგრამ არცერთი არაა უცხო,
არამედ სათითაოდ შენში ყოფს ხელებს
და გემსგავსება,
ზამთარი კი ერთადერთი სტუმარია,
რომელიც არ გგავს,
და არავის გავს,
და არაფერს არ უწვდის ხელებს,
ის მოდის დინჯად, სევდიანად,
როგორც ყველა უცხო სტუმარი
რომელსაც შენი რაიმე მართებს..
მშვიდად შეუღე ყინულის კარი,
თეთრ მინდვრებში შეიპატიჟე,
გრძელი გზის მგზავრს თვინიერად
ჩამოუჯექი და
ღმერთი არ გაგიწყრეს
ცხოვრება კი არ უანგარიშო,
არამედ დიდი თავაღერებით
გული უმღერე.
ზამთარი სტუმარია,
რაღაც იცის და
თავისთავით თვითონაც
გინდობს.