Litclub.ge

წყევლა
დავწვები შენს მკლავებზე,
თავქვეშ ბალახივით
შენს თმას ამოვიგებ,
პირით სიჩუმეს გავღეჭავ 
ცვრიანს და გაგიყოფ..
ამოგხედავ ხოლმე
დახუჭული თვალებით
ცამდე,
ჩემი ნიავი გზა იქნება შენი-
სულშებერილი..
მაგრამ, რა გააჩუმებს
თეთრ ძროხებს,
ყველა ეზოში ერთდროულად რომ
აბღავლდნენ და
შიშისგან თუ ელდისგან
ფერდები უთრთით?..
რა წყევლაა,
ეს ხმა თუ უნდა ქცეულიყო
ჩემი სიყვარულის ექოდ-
გამუდმებით რომ ჩამესმის-
კართან დგანან და
თითქოს ყელზე დანა ებჯინოთ,
სადღაცისკენ პირმიქცევით ბღავიან
თეთრი ძროხები,
ბღავიან, რეკავენ
ცხლად მსუნთქავი სამრეკლოები!..
ეს წყევლა რაა!