კორესპოდენტი: აბუსელიძე როინ
1. გამარჯობა სოსო, როგორ ხარ და როგორი წინასაინტერვიუ განწყობა გაქვს?
- გაგიმარჯოს. კარგად ვარ, კარგი განწყობით.
2. მოგვიყევი შენზე, თუნდაც ბიოგრაფიის სახით, ვინაა სოსო ლიპარტია?
- განსაკუთრებული არავინ. უბრალო ადამიანია, რომელიც ცდილობს გაამართლოს ადამიანის სახელი. როგორც გადმოცემით ვიცი, თბილისში დავბადებულვარ, 1981 წლის 8 იანვარს. სკოლის დამთავრების მერე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მერე გავიარე ფოტოგრაფიის სკოლა, მერე სარეჟისორო და საოპერატორო. ვმუშაობდი სხვადასხვა ტელევიზიებში ოპერატორად და მცირე ხნით – ჟურნალისტად. ასევე ფოტოგრაფად – ძეგლთა დაცვის სამინისტროში. რამდენიმე წელია დავაარსე დოკუმენტური ფილმების სტუდია "MaxMotion" და ჩემს ძირითად საქმიანობასაც სცენარების წერა და ფილმების გადაღება შეადგენს. რამდენიმე თვეში ბოსტონში (აშშ) მივდივარ, სადაც სწავლას ბოსტონის ხელოვნების აკადემიაში გავაგრძელებ რეჟისურის განხრით. დანარჩენს მომავალში გეტყვით
3. როგორი ბავშვობა გქონდა და ის მიზნები რასაც მაშინ ისახავდი თუა მიღწეული?
- ბავშვობა, ისევე, როგორც ჩემი თაობის უმეტესობას, ძალიან მძიმე და რთული მქონდა (ვგულისხმობ არეულობის პერიოდს), უამრავი გასაჭირითა და დაჭიმული ნერვებით. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ამან დიდი როლი შეასრულა (სათბურში არ გავზრდილვარ და გაჭირვების ფასი კარგად შევისისხლხორცე)... მიზანს რაც შეეხება – მიმაჩნია, რომ უპირველესი და საბოლოო მიზანი სამშობლოში დაბრუნებაა (ვგულისხმობ ღმერთთან მარადიულ ერთობას – ცხონებას) და ამდენად, მის მისაღწევად სიცოცხლის ბოლომდე უნდა იღვაწო...
4. თუ გახსოვს როდის მოხდა შენი ნათლობა პოეზიაში და რამდენი ხანია რაც წერ?
- პოეზიის სიყვარული ბავშვობიდან მაქვს, იმ დროიდან, როდესაც კითხვა არ ვიცოდი და ჩემი უფროსი დაიკო მიკითხავდა უძვირფასეს ვეფხისტყაოსანსა და დავითიანს ძილისპირულად. ლექსის წერა დაახლოებით 2 ან 3 წლის წინ დავიწყე. მანამდე მოლოდ ვერთობოდი სასიყვარულო ლექსებით...
5. ალბათ ვინც გიცნობს შეამჩნევდა რომ ძირითადად ატარებ წვერს, ალბათ აინტერესებთ რატომაც... თუ შეგიძლია გვითხრათ რითია განპირობებული ეს ფაქტი და აქვს თუ არა პოეზიასთან კავშირი შენს ჰაბიტუსს?
- წვერს უკვე 11 წელია ვატარებ და პოეზიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. წვერთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და მისი გაპარსვისას (რაც დაახლოებით 3–ჯერ მოხდა 11 წლის მანძილზე) შინაგან სიცარიელეს ვგრძნობ, თითქოს რაღაც ძვირფასს ვკარგავ... ქრისტიანული სწავლებით, წვერი ღვთის კურთხევაა კაცზე და შუასაუკუნეების ჩათვლით ყველა ქრისტიანი ატარებდა, ვისაც გაპარსვა უწევდა რაიმე მიზეზის გამო კი, სპეციალური ლოცვა არსებობდა, რომელიც უნდა წაეკითხა გაპარსვის წინ, ეს ფაქტი ძველ ხელნაწერებში დღემდეა შემონახული და ალბათ ამანაც განაპირობა გარკვეული თვალსაზრისით. მოკლედ რომ ვთქვა, უბრალოდ მიყვარს წვერი და თან უკვე ძალიან მივეჩვიე
6. სანამ ისევ დავუბრუნდებით პოეზიას ვისარგებლებ მომენტით და გკითხავ -
ჩემთვის ძალიან ცნობილი ფაქტია ის რომ არაჩვეულებრივ ფოტოებს იღებ და იქნებ მოგვიყვე ფოტოგრაფ სოსო ლიპარტიაზე, რა შეგრძნებაა ფოტოაპარატით კონტაქტი გარესამყაროსთან - შენი გადმოსახედიდან?
- ფოტოსამყარო ძალიან იდუმალია და საინტერესო. მასზე წამის მეასედის ასახვა ხდება და იგივე აღარასოდეს განმეორდება, ამიტომ ყოველი ფოტოკადრი ახალი აღმოჩენაა და სამყაროს ახლებური ხედვა, ახლებური აღქმა და მასთან მიახლოვება, რაც დიდ ემოციურ აღმაფრენას იწვევს... ფოტოგრაფი ცდილობს სილამაზე მარადიულად აღბეჭდოს ღმერთის მიერ ქმნილ მარად ახალსა და დინამიკურ სამყაროში...
7. ამასთანავე ხარ რამოდენიმე ფილმის რეჟისორიც, ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ყველაზე ახლო მყოფი ადამიანი ხარ ხელოვნებასთან რამოდენიმე განხრით, თუ შეგიძლია გაგვაცანი შენი შემოქმედება, რა ჰქვია შენს ფილმებს და ძირითადად რა ჟანრზე მუშაობ?
- გადაღებული მაქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, რომელიც ბიოგრაფიულ ჟანრში მოიაზრება (თუმცა სხვა დატვირთვაც გააჩნია), ესენია:"დავითი და ტარიჭანი"; "ანასტასია"; "სისხლი ღაღადებს"; "მოლოქი" და კიდევ რამდენიმე, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული. ამჟამად ვმუშაობ მხატვრულ ფილმზე "სედეკიას ცოდვა", რომელსაც ბოსტონის ხელოვნების აკადემიაში გადავიღებ, როგორც საკურსო ნამუშევარს. "სედეკიას ცოდვა" და "სისხლი ღაღადებს" აბორტის ცოდვას ეხება... ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემაა და ვთვლი, რომ ყველაზე ტრაგიკული შეცდომაა, რომელიც კაცობრიობამ დაუშვა...
8. ამ მორიგი კითხვის პასუხს გუმანით ვხვდები მაგრამ იქნებ შენ გვითხრა, როგორ ფიქრობ შენი მოღვაწეობის მანძილზე რა შეგიქმნია ყველაზე საუკეთესო?
- ყველაზე საუკეთესო – ოჯახი: ჩემი მეუღლე – გვანცა და ჩემი შვილი – დანიელი
9. ხარ არაჩვეულებრივი გვანცას მეუღლე, რომელიც ჩემთვის როგორც ცნობილია ძალიან კარგი მხატვარია, იქნებ მოგვიყვე, როგორია ორი ხელოვანის მიერ შექმნილი ოჯახი?
- ჩემი აზრით, ეს საუკეთესო ვარიანტია ოჯახში მშვიდობის დასამყარებლად ანუ, როდესაც მეუღლეებს ცხოვრების მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ, როდესაც (თითქმის) ერთ საქმეს ემსახურებიან... ამ დროს ურთიერთგაგება ძალიან მაღალი ხარისხისაა. მე და გვანცაც ასე ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ საქმეში წარმატების მისაღწევად.
10. აქვე გკითხავ პატარა დანიელზე, შენი აზრით როგორი მამა ხარ და რამდენად გინდა შენი შვილი გგავდეს?
- ცუდი მამა ვარ იმიტომ, რომ დანიელი ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე მე შემიძლია გავუკეთო თუმცა, მაინც ვცდილობ და ეს კარგია... მინდა, რომ კარგი ადამიანი იყოს, ზნეობრივი, ქართველი, ქრისტიანი. მინდა, რომ დროის სულისკვეთებას (დღევანდელ ტენდენციებს ვგულისხმობ) ვერასოდეს მოერგოს, თუნდაც ამან ცხოვრებაში უამრავი პრობლემა შეუქმნას. მინდა, რომ არასოდეს მოკვდეს ჩემი შვილი, ამ სიტყვის ყველაზე ავისმაუწყებელი გაგებით...
11. მგონი შენზე როგორც პიროვნებაზე მკითხველს უკვე შეექმნებოდა გარკვეული აზრი და დანაპირებისამებრ ისევ პოეზიას შევეხოთ, ვინაა შენი საყვარელი ავტორი (ან ავტორები) როგორც ძველ ასევე თანამედროვე პოეზიაში?
- მსოფლიო ლიტერატურაში (ჩემთვის) უპირველესი შოთა რუსთაველია, მასზე დიდი შემოქმედი არ არსებობს, ჩემთვის მისი შემოქმედება დიდი ღვთისმეტყველება უფროა, ვიდრე საერო პოეზია... ძალიან მიყვარს გურამიშვილი, თავისი სითბოთი და სიყვარულით, ყველას და, უპირველესად, ღმერთისა და სამშობლოს მიმართ. მიყვარს ვაჟა... ამ დიდი ადამიანების შემდეგ, მე გიორგი საჯაიას გამოვყოფდი, ჩემთვის უდიდეს პოეტს. კიდევ ბევრი ადამიანის პოეზია მიყვარს, მაგრამ ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ (თავში არ აუვარდეთ)
12. ხარ ძალიან კარგი ლექსების ავტორი, ამის მიუხედავად ხარ ძალიან პასიური ლიტერატურაში, ანუ არ ცდილობ სხვა პოეტების მსგავსად შენი სათქმელის ხმამაღლა თქმას, იგივე თავის დამკვიდრებას და რატომ?
- ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – მე არ ვარ პოეტი (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვთვლი და ასე მჯერა). ვისაც ჩემი ლექსები მოსწონს, მე მათი მადლობელი ვარ, მაგრამ ეს საკმარისად არ მიმაჩნია, იმისთვის, რომ პოეტობა დავიბრალო...
13. ამ ბოლოს ვინც შენი ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ლექსები იხილა, ჭარბობს აბორტის ძალიან მტკივნეული თემატიკა, თუ შეგიძლია დაგვიკოპირო შენი ბოლო ლექსი და რამოდენიმე სიტყვა გვითხრა მის შესახებ, როგორ ან რატომ დაიწერა?
- როგორ გითხრათ, დღეს, ყველგან გაისმის სიტყვა "მშვიდობა", მაგრამ ეს სიცრუეა, ეს ამაზრზენი თვალთმაქცობაა, ეს არის თანამედროვე "ცივილიზებული სამყაროს ერთ–ერთი მხეცური გრიმასა. სინამდვილეში, მთელს მსოფლიოში სისხლის ნიაღვრებია, ომია, და ეს არის ომი მშობლებსა და უდანაშაულო ბავშვებს შორის... მეცნიერებამ არცთუ ისე დიდი ხანია აღიარა, რომ "აბორტის" შემთხვევაში საქმე გვაქვს ცოცხალი ადამიანის(!) მკვლელობასთან, მაგრამ მან ამ ყველაფერს მაინც არ მოუძებნა თავისი ნამდვილი სახელი – მკვლელობა, მან ის დაფარა უკიდურესად ცინიკური სიტყვით – "აბორტი", რაც ნიშნავს "გარეთ გამოყრას", "გადაყრას", თითქოს საქმე აყროლებულ ნაგავს ეხება და არა ცოცხალ არსებას – ბავშვს. ეს საკითხი გულს მიკლავს, ეს არის ყველაზე ცინიკური დანაშაული. სამწუხაროდ ძალიან ბევრს არ ესმის ამ შემაძრწუნებელი მკვლელობის ცინიზმი და მისი დემონური სიღრმე. ძველ კართაგენში იდგა კერპი, სახელად "მოლოქი", რომელიც ამქვეყნიური სიამტკბილობის ღვთაებად ითვლებოდა... მის მუცელში – ღუმელში ცეცხლს ანთებდნენ და მშობლებს საკუთარი ჩვილები მოჰყავდათ, რომლებსაც მოლოქის გავარვარებულ ხელებზე აწვენდნენ... ბავშვების ტირილი რომ ჩაეხშოთ, მშობლები მოლოქის გარშემო მღეროდნენ და ცეკვავდნენ... დღესაც, მრავალ სატანურ სექტაში, უდიდეს მსხვერპლშეწირვად ბავშვების (განსაკუთრებით მოუნათლავი ჩვილების) მკვლელობა ითვლება და ამას "მთვარის სისხლი" ეწოდება... ასე რომ, სატანამ კარგად იცის, როგორ მიიღოს მსხვერპლი და სამწუხაროდ, მისი მსხვერპლშემწირველები, ქართველი დედები და მამები ხდებიან... მნიშვნელოვანია, რომ კაცობრიობის ისტორიაში აბორტის ლეგალიზაცია პირველად ლენინმა შემოიღო, რის გამოც მას ლუციფერიანელთა სექტამ "სატანის სუფრის თამადა" უწოდა... ბოდიშს ვიხდი, სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ეს ამოუწურავი თემაა თავისი სიღრმითა და თავისი ტკივილით...
დამტვრეული აკვნის მონოლოგი
ნოემბერია. სიცივეა. მზე თითებს იმტვრევს.
ფოთლები ხეზე თამაშობენ "ჩამოხრჩობანას".
ქარი დამძიმდა, ვეღარ ბერავს იმდენად ფილტვებს,-
სულის შებერვით ცას აბელის სისხლი მობანოს.
ცაც აღარ არის გამჭვირვალე, მით უფრო – თხელი,
მიწა ნახშირისნაცვალია და ტალახს აკმევს.
ტარტაროზებად გადაქცეულ დედების ხელით,
ჩვილების სისხლში გადაყრიან დამტვრეულ აკვნებს
და არ იქნება ყვავილებში მზეების კდემა –
მოსილება და მიმოსევა ველზე სიოთა...
მხოლოდ სიშიშვლე, სიმარტოვე, სიბერე, სევდა,
სინანულივით მორჩენილი უკან სიონი...
მოგონებები - სისხლისფერი, როგორც კატექუ,
სურვილი – წიხლით გაუტეხო ხერხემლის მალა
საკუთარ წარსულს... და რადგანაც განზე გადექი,
გამომშრალ სულში მეწამულ ფერს შვილივით მალავ,
როგორც ობოლი – გარდაცვლილი მშობელის სურათს,
რომელსაც ხშირად იხსენებს და სახე არ ახსოვს.
წევხარ ნესტიან საწოლში და მთვარე გახურავს,
მასაც შენსავით გამოსვლია თვალებთან ხავსი.
ვინ იცის, იქნებ შვილი მოკლა შენსავით მანაც,
ვინ იცის, იქნებ შეშლილია შენსავით ისიც,
გინდა არ გწამდეს ეს ცა, ღამე, სისხლიც და თანაც
სიქალწულეში დადებული გულწრფელი ფიციც,
რომელიც გატყდა, როგორც ვაზა, როგორც ვიტრინა,
როგორც ოდესღაც დალუქული, სადღაც, საკნები.
მე შენ მოგიტან გადაგდებულ აკვანს. გატირებ
და შენ გექნება ერთი ცოდვით უფრო ნაკლები.
და შენც ნახავ, რომ გამჭვირვალე და თანაც თხელი
ცა აღარ არის, მიწაც უკვე შენს სხეულს აკმევს.
ახლა, მკვლელებად გადაქცეულ დედების ხელით,
ჩვილების სისხლში გადაყრიან დამტვრეულ აკვნებს,
ჰოდა, ავკრიფოთ...
ესეც, ჩემი ტკივილი...
14. რას გვეტყვი ლიტერატურულ საიტებზე, როგორ ფიქრობ რა დადებითი და უარყოფითი თვისება აქვს ვირტუალურ ლიტერატურას?
- ლიტერატურული საიტების არსებობა ძალიან კარგია, ბევრი ადამიანი ერთმანეთს უახლოვდება, მეგობარს იძენს, აზრებს უზიარებენ ერთმანეთს, კითხულობენ, მსჯელობენ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ბევრი "საიტელი" ამას თავისი უტაქტობის, უზრდელობის და სიმხდალის რეალიზებისთვის იყენებს... ეს სიგიჟის ერთ–ერთი სიმპტომია – როდესაც ადამიანი კარგავს თვითშეფასების ან შემოქმედების უნარს და ისღა დარჩენია – სხვები გააკრიტიკოს...
15. ხარ პორტალ ურაკპარაკზე დარეგისტრირებული ნიკით: „მაკარი“
რატომ მაინდამაინც მაკარი, რას ნიშნავს ხომ ვერ აგვიხსნიდი?
- "მაკარი" ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს; არსებობს ძველი გრავიურა, რომელზე ადამიანის ცხოვრებისა და მისი არსის ყველაზე ღრმა იდუმალებაა ასახული და ამ გრავიურის "მთავარ როლში" არის უდიდესი ეგვიპტელი მოღვაწე – მაკარი დიდი... ამ გრავიურის ნახვისას, ჩემში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა... რაც შეეხება სიტყვა "მაკარი"–ს, ძველ ბერძნულად "ნეტარს" ნიშნავს. ამ სიტყვიდანვე წარმოსდგება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა "მაკარიტის", რაც "მიცვალებულს ნიშნავს... როგორც ჩანს, ნეტარი სწორედ ის არის, ვინც ყოველგვარი ზედმეტობისთვის მკვდარია... ანუ მაკარი ის არის, ვინც მაკარიტისია და მაკარიტისი ის არის, ვინც მაკარია... ამაშიც არის რაღაც ფილოსოფია, არა?
16. კი, არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმო და ასევე მაქვს ერთი საფირმო კითხვა, გამონაკლისს არ დავუშვებ და გკითხავ შენც, რას გაურითმავდი სიტყვას: „ ზედნადები „ -ის
- სიმართლე გითხრა, ახლა მომივიდა თავში: "ეტანები", "ზედაზენი" და "მეზარება" ეს უკანასკნელი – სიმართლეა
17. რაა სოსო ლიპარტიას ოცნება და თუ ნანობ რაიმეს წარსულიდან?
- ვოცნებობ, რომ ღმერთი არ დავკარგოთ... სინანულით, ბევრს ვნანობ, ყოველ დღე, განსაკუთრების დასანანია, როცა ხვდები, რომ შეგეძლო რაიმეს გაკეთება და ვერ "მოიცალე"...
18. ახლა რომ უცებ ისეთ საზოგადოებაში თამადად აღმოჩნდე სადაც მხოლოდ ვერლიბრის დამფასებლები არიან და კონვენციურ პოეზიას ლანძღავდნენ, რა ლექსს წაიკითხავდი სადღეგრძელოზე?
- არაფერს. წამოვიდოდი იქიდან.
19. მახსენდება ჩემი შენს მიმართ მოძღვნილი ლექსის ორი სტრიქონი:
„ჩვენი სფერო კაცია, პროფესია პოეტი,
ჩვენი სფეროს პოეტიც პროფესიით კაცია.“
- სოსო, როგორი უნდა იყოს ქართველი კაცი ზოგადად და რა პროფესიას არ უნდა ატარებდეს ქართველი მამაკაცი?
- ქართველი კაცი – ქართველი უნდა იყოს... ვფიქრობ, რომ პროფესია, როგორც ასეთი, იმდენად არ არის შუაში, უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი კაცი როგორ იყენებს ამ პროფესიას... მთავარია, ადამიანი მართალი იყოს სინდისის წინაშე. წმინდა გიორგიც, წმინდა ტეოდორე ტირონიც, წმინდა ტეოდორე სტრატილატიც, წმინდა ევსტატი პლაკიდაც და კიდევ ბევრი დიდი მისაბაძი ადამიანი ქრისტიანებისთვის, მოწამეობამდე დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს არმიაში მსახურობდნენ მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ – წმინდები... თუ კითხვა სწორად ვერ გავიგე, ბოდიშს ვიხდი
20. ჩვენი ინტერვიუ დასასრულს უახლოვდება და მანამ კი ძალიან მაინტერესებს თუ რა კითხვას დაუსვამდა საკუთარ თავს სოსო ლიპარტია?
- ეს კითხვა ასე ჟღერს: "როდემდე?!"...
21. რას უსურვებდი დღევანდელ ქართულ ლიტერატურას, ხელოვნებს და მკითხველს?
- ჯანმრთელობას, ფიზიკურსაც და სულიერსაც
22. ახალი წელი საცაა შემოაბიჯებს, მე მინდა მოგილოცო და გისურვო წარმატებები პირად ცხოვრებაში, სულ ბედნიერად ყოფილიყავი შენს ლამაზ ოჯახთან ერთად,
ასევე დიდი მადლობა მინდა გითხრა ინტერვიუსთვის და დაგპატიჟო ბათუმში, სადაც ერთი კაი მაგრად ჩავთვრებით და ჩვენებურად შევუბერავთ
და მაინც როგორი კორესპოდენტი ვარ და რამდენად კარგი ინტერვიუ გამოგვივიდა?
- მეც გილოცავ ახალ წელს, შენს ოჯახთან და ყველა სიკეთისმსურველთან ერთად. დაპატიჟებას, რა თქმა უნდა ვეფერები, და რომ ჩამოვალ შენც მოგეფერები ძმურად!
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გენიოსი ხარ, ყველა სფეროში!
ალბათ გინდოდა გეთქვა გენრიოსი? გაიხარე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!...