Litclub.ge

ქარაგმა
წიწილა გამოამტვრევს კვერცხს,
როგორც დილეგს
და ფილტვებს აივსებს აისით, _
აისის
კვალდაკვალ
ივლის და
ირბენს
თავისუფლება და ხალისი...
მე კი ვივიწროვებ ოცნების გარსს,
სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს, 
ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით
ჰორიზონტს განაგებს.
სიცხის საზომივით გატეხილ ღამეს
ვერცხლისწყლის წვეთებად
ეფანტება ჩემი ფიქრები, _
ისევ ველოდები უებარ წამლებს
და დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით.
იისფერდება ყორანივით შავი კარსანი,
ლილისფერდება მცხეთის მინდვრები...
შენ, სულო ჩემო, წიწილასავით
მწუხრიდან როდის ამოფრინდები?!
_ თენდება! _ ჩხრიალებს იმედის ღელე
და თავქვე მიდენის ბატებივით
ფარფატა ნისლებს,
მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს,
რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.

რწმენის ნაჭუჭიდან გავყურებ გზას
ვხსნი იჭვის ძაფებად დახლართულ
ქარაგმებს,
ჭაობის ყანჩა კი ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს.