გაზაფხული თავის სიტყვას ამბობს,
შენს გულში კი ზამთარია ისევ...
რა ამაოდ მოელოდი ამბორს,
შორეულო პაწაწინა ნისლო,
რა ამაოდ მოელოდი ამბორს.
ასე მიქრის წუთისოფლის ეტლი,
ასე, ყველა თავის სიტყვას ამბობს,
შენ კი ისევ უიმედოდ ეტრფი
ნისლიანი შეღამების ამბორს
იქნებ სჯობდა შენი სულის ალმა
სხვა რომ დასწვა შენ დაეწვი ისევ...
სადღაც ნიავს უერთგულა ქალმა
და თვალებში შეიტყუა ნისლი.
სადღაც ვიღაც საოცრებას ჩემობს,
სადღაც ვიღაც უკვდავებას ელტვის,
შენ რა გსურდა, ერთი გრილი ჩერო,
არაფერი, არაფერი მეტი...
მაგრამ უცებ გაიზნიქა ალვა,
მაგრამ სადღაც წაიყვანეს ნისლი...
გზაზე მშვიდად გაიარა ქალმა
თვალებშიც არ შემოგხედა – ისე
ასე მიქრის წუთისოფლის ეტლი,
ასე, ყველა თავის სიტყვას ამბობს,
შენ კი ისევ უიმედოდ ეტრფი
ნისლიანი შეღამების ამბორს.