მე ვგრძნობ სიკვდილს და
შენ გთხოვ შენდობას,
ქვეყნად რომ გტოვებ დაშლილ ტივივით,
მოვიდა ბოლო უიმედობაც-
ღამე, ცრემლებ და სიმძიმილი.
სანთლად მინთია შენი ღიმილი,
მეც სანთელივით ვიწვი და ვქრები,
ჩემი საფლავის მიწიდან ქვები
მევე ამომაქვს გულისტკივილით.
გასრულდა შენზე ჩემი ტირილი,
აწი, კეთილო, მშვიდობით გნახე,
თვალცრემლიანი ვიგონებ კახეთს
და შავეთიდან მესმის ყივილი.
სულ მალე სული საყდრიდან გავა
და ძვლებს სიკვდილის ბორკილი დახრავს,
აწი სიღნაღში ვერასდროს ჩავალ,
ვერც ხორნაბუჯის სანახებს ვნახავ.
ვერ გავგრილდები ციურ ვარდების
შორეული და უხმო ოცნებით,
ვერც შენიანებს მივუვარდები,
ვერც სხვისიანებს გავეოცები,
გასრულდა შენზეჩემი ტირილი,
აწი, კეთილო, მშვიდობით გნახე,
თვალცრემლიანი ვიგონებ კახეთს,
და შავშეთიდან მესმის ყივილი.