Litclub.ge

მაფშალიას სიკვდილის გამო
“აფშალია მომკვდარა,
მგალობელი მაფშალია”.
შოთა ნიშნიანიძე



კაცი რომ სიკვდილსაც ვერ ენდობი,
ვის უნდა მიენდო, შურიგე.
მომკვდარა ჩვენი მაფშალია,
მომკვდარა კი არა, ჩამკვდარა.
ეგ ყურყუმ დალალი ჩამოშალე,
ღამედ ჩამოშალე , შურიგე.
ეგ კავ-სამკაული შეიხსენი,
უხმოდ შეიხსენი , შურიგე.
ეგ ვარსკვლავ ღილები ჩამოსწყვიტე,
უხმოდ ჩამოსწყვიტე ,შურიგე,
მომდგარა ღამე მაქციერი,
მაცილის ნაშიერ მომდგარა.
ჩონგურსაც სიმები დააწყვიტე-
ძარღვები დააწყვიტე, შურიგე.
აკვანი სხვენზე აიტანე,
აწი ვერასოდეს გაიდარებ,
აწი ვერასოდეს გაიდარებ,
აწი ვერასოდეს, შურიგე.
ღამე ტყაშმაფების ლაგუჯია,
ღამეს განერიდე, შურიგე.
ღამე ტყაშმაფების ლაგუჯია,
სიზმრის ნაბღუჯნია , შურიგე.
ციცქნა ბავშვს დედა ეხვეწება-
წამოიტირეო, შურიგე.

არ დამძინოო, ღამეები,
არ დამძინოო, ღამეები,
არ დამძინოო, ღამეები,
არ გაგიწყრებიო,შურიგე.
გაგიწყრებიო და რომელიო,
უშენოდ სად მიწად მძრომელიო,
ბარდაკრულ ჭიებად მოველიო,
სიკვდილიმც მოსულაო, შუერიგე.
წევს ციცქნა ბავშვი-ბატონების
ლამაზი, რჩეული, შურიგე.
წევს და სიკვდილშიაც რაღაც ანცი
პირზე დასციალებს, შურიგე.
ბატონებს ტაბლა მიართვითო,
არ აწყენინო ბატონებს,
ბატონებს სანთლები აუნთეთო,
სინათლე უყვართო ბატონებს,
ბატონებს უყვართო უმანკონი,
ხრონცი რად უნდათო ბატონებს.
ამაოდ ეხვეწები, ყმაწვილქალო,
აწ რა შეუძლიათ ბატონებს.
ამაოდ ეხვეწები, ყმაწვილქალო,
თვითონაც რცხვენიათ ბატონებს.
მომდგარა ღამე მაქციერი,
მაცილის ნაშიერი მომდგარა.
კაცი რომ სიკვდილსაც ვრე ენდობი,
ვის უნდა მიენდო, შურიგე!