Litclub.ge

დიდი ხანია გადაუქარა
დიდი ხანია გადაუქარა
სულს იდუმალმა გზა-ბილიკები.
ქარმა წაიღო ქალთა მუქარა,
დღეს მხოლოდ გულში გაქილიკებენ.

დიდი ხანია ითბობ კოცონთან,
ღვთიურ კოცონთან გატანჯულ ხელებს.
არ მოგწონდა თუ ვითომ მოგწონდა
არა აქვს აზრი ამდენ ხნის მერე.

არა აქვს აზრი, არა აქვს წონა,
ვინ გარიგებს და ვინ გედავება,
შენ იყავ შენი ღვთაების მონა
და თვითონ ასე იქეც ღვთაებად.

თუმცა ძნელია ღვთაების ხვედრი,
ხედნი ყველასგან უხდენელ კვიცებს.
წინ გადაშლილა სამოთხურ ხედით
იდუმალების სხვადასხვაგვარი სივრცე.

უკან ნიჩბების პრიალა პირი
და წერაქვების რახუნი მოგდევს.
თუ გინდა დღესვე სარდაფში მოკვდე,
ცამ ჩაგიწყვიტოს ღვთიური კრინი.

არა აქვს აზრი, არა აქვს წონა,
ვინ გარიგებს და ვინ გედავება,
შენ იყავ შენი ღვთაების მონა
და თვითონ ასე იქეც ღვთაებად.