თუმცა ათი წელია ვცხოვრობ,
ათი წელია ფანაგენტებს ვეჯიჯღინები,
სახლმართველობას გულს ვუწვრილებ,
რიგს ვიცავ დახლთან
და ბაზარში ქურთ მემწვანილეს
ცეცხლის ოდესღაც ღვთიური ცეცხლის-
სიიაფეზე ვუკითხავ მორალს.
ათი წელია-ცა ცოლივით შემოვირიგე,
ვფლანგავ ჰონორარს
(ნიჭს ფლანგავო, მწერლებმა მითხრეს).
ავდივარ მაღლა-ღმერთკაცების სასაფლაოზე,
ჩავდივარ დაბლა-ვეძებ ტიციანს დიდუბეში
და ვიღრინები.
ოქროყანაში, დამნაშავე მე ვიყო თითქოს,
ვთოვებ ბუჩქნარებს, სადაც უცნობს შემოჰყავს გოგო
ილორის კარზე შესაწირავად დაბმულ კრავივით.
‘კარაბადინი’ ზედმეტ ფასში მომყიდეს გუშინ,
ხუთმაგი ფასით –მუხრანის და ანას წიგნები.
დიდებულია კაფეები, შიში, დომინო,
ოპერა, კინო დაგვიხურა “რიჩარდ მესამემ”,
რამაზ ჩხიკვაძის საყვარლობას იჩემებს ვიღაც-
ზეითუნის ზეთის ფლაკონი.
მართლა გყავდათო თუთაშხია?-ბუჭებმა მკითხეს.
აბა რა ვიცი-ვინ გვყავდა და რის გამო გვყავდა,
ათი წელია მე აქა ვარ,
ათი წელია მეც თქვენსავით ვტკეპნი ამ პროსპექტს
და ვიშველიებ ასათიანს-საღმერთო ღვინოს.
მიკვირს კი, მაინც იმ ხურჯინა ტეტიად ვრჩები,
ა,ა, ათი წლის წინათ აქ რომ ჩამოიყვანეს
და გზამკვლევებით დაეძებდა თვითეულ უბანს.
გადაწყდა! –კარგ დროს მომაყივლა ჩემმა სოფელმა,
აწი, ქალაქო, მხოლოდ სტუმრად მოგიბრუნდები,
არა მგონია, ვინმემ კალთა ჩამომახიოს.
არ გაუგიათ აქ ჩემი მოსვლა
და ვერც წასვლისას გაიგებს ვინმე,
არ იყივლებდა უადგილოდ ჩემი სოფელი.