Litclub.ge

გომბორის მთაზე
ს. შანშიაშვილს და გ. ლეონიძეს 


დაიფშვნა, მაგრამ მაინც აქამდე 

თავის ნანგრევებს უძლებს უჯარმა, 

გასტანოს, ძმებო, ჩვენ სიკვდილამდე 

ამ სიყვარულის ლექსის გუჯარმა. 


ასეთი იყო ის ღამე მაშინ, 

ვახტანგს რომ ციდან მოესმა რეკა. 

დღესაც ქვითინით სტირიან ცაში 

ვაჟა-ფშაველას ღვია და დეკა. 


და სართიჭალის მეთარე საქო, 

ჩვენთვის აკაკის მღერის ”სულიკოს“. 

ჩვენც ხომ იმისთვის გვყოლია სატრფო, 

რომ ისიც ასე დაკარგულიყო. 


აშუღმა თავის სთქვა აშუღური, 

სხვა სათქმელი აქვს ამ ჩვენ სამებას, 

მაგრამ გაგვიხდა სიტყვა უძლური 

და სათითაოდ ენა დაგვება. 


მელიტა, ნინო, რძალი ზენარი 

მშვენიერებით შეემოსა კალთები კახეთს, 

დაქალებული ვეფხვიც ეგ არი, 

ბეწვის ხიდიდან სამოთხე ვნახეთ. 


დედის რძესავით ტკბილია ღამე, 

იორი ჩქეფით ოცნებას არწევს. 

გამოვა წამით გომბორზე მთვარე 

და გორგასლანი ხმალით გადაწევს.