Litclub.ge

შემოდგომის დღე ოქროყანაში
რაბლე და კალმასობა 


მინდა დავტიო უბრალო ლექსში 

რასაც გული გრძნობს და ხედავს თვალი, 

ვარ შემოდგომის უხმო ალერსით 

და ჟრუანტელით ერთბაშად მთვრალი. 


ოქროყანიდან ვინც არ დახედავს, 

იმან არ იცის რაა თბილისი?.. 

ასე შეჰყურებს გნოლი ბერ ქედანს, 

ასე შეჰყურებს ბებერ ცხენს კვიცი. 


შორით კი მოჩანს თეთრი მყინვარი 

და გზააბნეულ ღრუბელთა ფარა. 

თითქო ქარბუქი სულში მძვინვარებს, 

თითქო უსაზღვრო თოვლმა დამფარა. 


შემოდის სახლში ნელი ფართხუნით 

ჩემი მეზობლის ძაღლი ”ცუკრია“. 

გუშინ დააგდო მან ხუთი ლეკვი, 

მშიერს მუცელი ზურგქვეშ მიკვრია. 


დარეკილ კაკალს დასდევს ყვანჩალა, 

ჩხიკვი-ზაქარაც თავს აღარ ირცხვენს, 

რომ გახდეს ეს მთა თივად და ჩალად 

ვეღარ გაუძლებს ამ დავარდნილ ცხენს. 


მანგლისიდანაც დაძრულა ცხვარი, 

მოაქვს გზა-შარა კრავების პეტელს, 

თითქო სურნელობს პური დამცხვარი 

და ფიროსმანის ედება კედელს. 


სკოლის ეზოში პატარა ბავშვებს 

პატარა დოლზე გააქვთ დაფდაფი, 

თავს დაჰქათქათებს ოქტომბერის მზე 

და ცა კრიალა, როგორც სადაფი. 


ბრუნდება ჯარი მანევრებიდან, 

მზეს გაუხდია კაცნი რკინებად; 

ისმის სიმღერის მძლავრი გუგუნი 

და... ჩან-კაიშის დედის გინება. 


მეც ჩავუჯდები ჩემ პანტაგრუელს, 

ცხენის ჭიხვინი მესმის რაბლესი. 

და როცა ქარი სულ გამაყრუებს, 

გამოვა ლანდი იოანნესი. 


თითქო გავიდა ეს ასი წელი 

და ერთი წუთით გადაიშალა, 

ვარ მოკალმასე მეც აწინდელი 

და საკალმასო გრძელია შარა.