და ალავერდის წმინდა სანთელი,
ომში მიმავალ სამას ხევსურის
დიდ საყვირების კორიანტელი,
რომ არ ვხედავდე ცხელი შანთებით
მე გალურჯებულ დედოფლის ძუძუს,
რომ არ ვხედავდე სისხლის მარაბდას
ვაჟკაცთა ძვლებით ჩაკირულ კუნძულს;
რომ არ სტიროდეს ძველი მირონით
დაობლებული სვეტიცხოველი;
რომ ღვთისმშობელსაც არ ჰქონდეს მუდამ
დახვრეტილ თვალზე ცრემლი სოველი;
რომ ზღვათა მეფის დადიანის ქალს
არ მოკვდომოდა შვილი ოტია -
რომ არ მესმოდეს მართლა მიწისძვრა,
რომ მონგოლები ქართლზე მოდიან;
რომ არ მესმოდეს არაგვზე ოხვრა
ბატონიშვილის ალექსანდრესი;
რომ წიწამურზე ძვლების მაგიერ
არ იყოს ქვები სისხლით ნალესი.
ვინ გააჩერებს ამ ხმების გრიგალს? ―
ამდენი ძვლები რად დამიგროვეთ!
მე თუ მომთხოვდით სიმღერას ახალს,
მე თუ გინდოდით თანამედროვედ?..
ნუ შემიბრალებთ - მე ვარ ნაცარი,
ნუ შემიბრალებთ ― მე გავხდი მტვერი,
ნუ შემიბრალებთ, ეს არს რაც არი,
რომ აგონიით ასე ვიმღერი...