Litclub.ge

ვიყავი ერთხელ მე ანტონიო...
ვიყავი ერთხელ მე ანტონიო, 

დღეს მართლა ვგევარ ნერონს მკივანი. 

ბევრი ოცნება გამოვიგლოვე 

და ბევრი მტანჯავს ეხლაც ტკივილი. 

მომაგონდება ორპირის ფშანი, 

დედის ძუძუსთან ვწოვდი უჟმურებს ― 

რომ იყო მართლა გარდაქეშანი 

ორპირი მითაც დაგაუძლურებს. 

მიყავდათ ყანჩებს მკვდარი თევზები, 

ხვილიფში სჭამდენ მგლები ჩვენ ხარებს. 

ვიცი, ორპირი რომ დაივსება, 

ვიცი, ორპირი ვერ გაიხარებს. 

გაფრენილ საყდარს - უჭერო საყდარს, 

ღამურა ისევ თავზე დაგორავს. 

არ ეშველება ამ საქმეს წამხდარს 

ადრე ვუტიე მე ანაფორას. 

დედა, მე ვიცი შენ აღარ გძინავს, 

ელი, ჩამოვალ მაინც უეცრად. 

როცა რიონი სუნთქვას გაკმინდავს, 

მას შენი გული დაყვება ფიცრად, 

ვიცი, ყოველღამ აცხობ საკურთხებს, 

დაღუპულ ქმარზე, დაკარგულ შვილზე. 

ყველა დაშორდა დავსებულ კუთხეს 

და მარტო დავრჩით გამოტირილზე. 

ჩემო ძვირფასო, ჩემო ძვირფასო, 

არ ვიცი, რა ვქნა, რით განუგეშო. 

სირცხვილი არი რითმა ვეძიო, 

როცა შენ გხედავ ასე მწუხარეს. 

ჩემ მაგიერად სტირის გომბეშო, 

ისიც ჩემსავით ცრემლს ღვრის მდუღარეს. 

დამპალ ყავარზე ჩამოდის წვიმა, 

თვითონ რიონი მოდის ეზოში...